ბარსელონამ დემბელეს ულტიმატუმი წაუყენა
Aa
Aa

ბარსელონამ დემბელეს ულტიმატუმი წაუყენა

Sport-ის ცნობით, „ბარსელონა“ უსმან დემბელეს მომავლის გარკვევას რაც შეიძლება სწრაფად ცდილობს.

როგორც ცნობილია, დემბელეს წარმომადგენლები დროს ხელოვნურად წელავენ და „ბარსელონას“ წინადადებაზე პასუხის გაცემას არ ჩქარობენ, რასაც რა თქმა უნდა კლუბი ხვდება.

წყაროს ცნობით, ამის გამო კატალონიური კლუბი დემბელეს ულტიმატუმს წაუყენებს: ის ან უნდა დათანხმდეს „ბარსას“ მიერ შეთავაზებულ პირობებს, ან განაცხადოს, რომ ხელს არ მოაწერს ხელშეკრულებას. ამ შემთხვევაში, კლუბი მას ამ სატრანსფერო ფანჯრის განმავლობაში გაყიდის.

კლუბს სურვილი აქვს, რომ დემბელე გუნდში დარჩეს და თავი „ბარსელონას“ სრულფასოვან წევრად იგრძნოს, თუმცა კატალონიელები მას გაუმჯობესებულ პირობებს ფინანსური კრიზისიდან გამომდინარე ვერ სთავაზობენ. მეტიც, შესაძლოა მისი ხელფასი მცირედით შემცირდეს კიდეც, როგორც ლეო მესის შემთხვევაში მოხდა.

ფრანგის წარმომადგენლები პასუხის გაცემას აგვიანებენ, რადგან მათ იმედი აქვთ, რომ უსმანი ევროპის ჩემპიონატზე გაიბრწყინებს და მისი ფასი გაიზრდება, რის შემდეგაც ისინი „ბარსას“ ხელფასის გაზრდას მოსთხოვენ.

დემბელეს კონტრაქტი 2022 წელს სრულდება და „ბარსელონა“ მას თანხმობის ვერმიღების შემთხვევაში მიმდინარე ზაფხულშივე გაყიდის.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები