რუისი, მერინო, გრავენბერხი - ბარსა ვაინალდუმის ალტერნატივას ეძებს
Aa
Aa

რუისი, მერინო, გრავენბერხი - ბარსა ვაინალდუმის ალტერნატივას ეძებს

რონალდ კუმანი „ბარსელონაში“ დანიშვნის დღიდან ჟორჟინიო ვაინალდუმის ტრანსფერს ითხოვდა. თითქოს ნიდერლანდელი ნახევარმცველის გადმოყვანა რეალური გახდა, მაგრამ „პარი სენ ჟერმენმა“ მას ბევრად კარგი პირობები შესთავაზა და ვაინალდუმმა ესპანეთს საფრანგეთი არჩია.

ბარსას თავკაცი საგონებელშია. ახალი არ არის, რომ მას გუნდში “Box to box” ტიპის ნახევარმცველი სჭირდება და ამას არც მალავს.

ccma.cat-ს ინფორმაციით, კატალონიური გრანდის ხელმძღვანელობა ვაინალდუმის ნაცვლად 3 კანდიდატს განიხილავს. ესენი არინა, მიკელ მერინო, ფაბიან რუისი და რაიან გრავენბერხი.

გრავენბერხი ამჟამად „აიაქსის“ შემადგენლობაში ირიცხება და ნიდერლანდულ კლუბთან კონტრაქტი 2023 წლის ივნისში ეწურება. მისი სატრანსფერო ღირებულება კი ამ მომენტისთვის 33 მილიონ ევროს შეადგენს. თუ გავითვალისწინებთ იმ ფაქტს, რომ „ბლაუგრანას“ ახლა ფინანსური კრიზისი აქვს, რაიანის შეძენა საკმაოდ რთული იქნება.

მიკელ მერინოს შემთხვევაში სიტუაცია უფრო რთულია, თუმცა ის ესპანელია და ესპანურ ფეხბურთს კარგად იცნობს. რთული იმიტომ გახლავთ, რომ მას „სოსიედადთან“ კონტრაქტი 2025 წლამდე აკავშირებს და Transfermarkt-ის მიხედვით 40 მილიონი ევრო ღირს. ბარსას ფინანსურ პრობლემებზე კი უკვე მოგახსენეთ.

რაც შეეხება ფაბიან რუისს, ესპანელი ფეხბურთელი 45 მილიონ ევროდ არის შეფასებული და „ნაპოლისთან“ კონტრაქტი 2023 წლამდე აკავშირებს. ჯერჯერობით უცნობია რა გადაწყვეტილებას მიიღებს ბარსა და რომელ ფეხბურთელზე შეაჩერებს არჩევანს, თუმცა ერთი რამ ნათელია - სამივე ფეხბურთელის შეძენა კატალონიელებისთვის საკმაოდ რთული იქნება.

შეგახსენებთ, რომ სეზონის დასრულების შემდეგ "ბარსელონამ" თავისუფალი აგენტის სტატუსით 2 ფეხბურთელი უკვე გადაიბირა. ესენი არიან კუნ აგუერო და ერიკ გარსია. ესპანეთში ორივე "მანჩესტერ სიტიდან" გადაბარგდა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები