პირველად ისტორიაში - ტოკიოს ოლიმპიადაზე ტრანსგენდერი ძალოსანი გამოვა
Aa
Aa

პირველად ისტორიაში - ტოკიოს ოლიმპიადაზე ტრანსგენდერი ძალოსანი გამოვა

ტოკიოს ოლიმპიადაზე ისტორია დაიწერება, რომელსაც მთელი მსოფლიოს მასშტაბით უდიდესი გამოხმაურება მოჰყვება. Guardian-ის ინფორმაციით, ახალ ზელანდიელმა ტრანსგენდერმა ძალოსანმა, ლორელ ჰაბარდმა ოლიმპიურ თამაშებზე გამოსვლა გაინაღდა.

ახალ ზელანდიას ოლიმპიადისთვის ძალოსანთა ნაკრების შემადგენლობა ჯერ არ დაუსახელებია, თუმცა ძალოსნობის საერთაშორისო ფედერაციის ერთ-ერთმა წარმომადგენელმა Guardian-თან საუბრისას განაცხადა, რომ ჰაბარდს ოლიმპიადაზე აუცილებლად ვიხილავთ.

როგორც ირკვევა, ლორელმა საგზური მას შემდეგ გაინაღდა, რაც საერთაშორისო ოლიმპიურმა კომიტეტმა საკვალიფიკაციო სისტემის წესები შეცვალა, ამის მიზეზი კი კორონავირუსის პანდემიის გამო გადადებული ტურნირები გახლდათ.

Guardian-ის მიხედვით, ჰაბარდი პირველი ტრანსგენდერი სპორტსმენი გახდება, რომელიც ოლიმპიადაზე იასპარეზებს და მას მედლის მოპოვების შანსიც ექნება. 2017 წელს, მან მსოფლიო ჩემპიონატზე ვერცხლის მედალი აიღო, 2019 წელს კი მეექვსე ადგილს დასჯერდა. აღსანიშნავია, რომ ახალი ზელანდიელი ოლიმპიადაზე ყველაზე ასაკოვანი ძალოსანი იქნება.

აქვე გეტყვით, რომ ჰაბარდმა სქესი 35 წლის ასაკში შეიცვალა და მანამდე სპორტულ ღონისძიებებში გევინ ჰაბარდის სახელით მონაწილეობდა. 2016 წლის იანვარში, საერთაშორისო ოლიმპიურმა კომიტეტმა ტრანსგენდერ სპორტსმენებს ნებისმიერ ღონისძიებაზე გამოსვლის უფლება მისცა. საამისოდ, მათ უნდა დაამტკიცონ, რომ მათი ტესტოსტერონის დონე 12 თვის განმავლობაში 10 ნანომოლი/ლიტრზე დაბალია.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები