„ომისთვის მზად ვარ
Aa
Aa

„ომისთვის მზად ვარ" - დვალიშვილმა მომდევნო მეტოქეზე ისაუბრა

UFC-ის ქართველმა მებრძოლმა, მერაბ დვალიშვილმა მომდევნო მეტოქე კოდი სტამანსა და მასთან გასამართ ჩხუბზე ისაუბრა. მერაბმა UFC on ESPN-ის წინ, ჟურნალისტების შეკითხვებს უპასუხა და განაცხადა, რომ ყველაფრისთვის მზადაა.

„რა თქმა უნდა, ამ ბრძოლას მოუთმენლად ველოდი და აღფრთოვანებული ვარ. ტოპ 15-ის ნებისმიერ მებრძოლთან ჩხუბი ამაღელვებელია და კოდის უდიდეს პატივს ვცემ. ერთადერთი, ვინც სტამანთან ნაადრევად გაიმარჯვა, ჩემი მეგობარი და სპარინგ-პარტნიორი, ალჯამეინ სტერლინგია. ალჯოს გარდა, იგი ყველასთან კარგად გამოიყურებოდა და UFC-ში შესანიშნავი ბრძოლები ჩაუტარებია.

იმას, რომ სტამანისთვის ამდენი ხნის განმავლობაში ვემზადებოდი, ჩემთვის მნიშვნელობა არ აქვს. განსაკუთრებული არაფერი ყოფილა და ყოველთვის ერთნაირად ვვარჯიშობ. სიმართლე გითხრათ, გეგმა ან რაიმე მსგავსი არ მაქვს. ოქტაგონზე გავალ და ვეცდები, ის გავაკეთო და ისე ვიჩხუბო, როგორც ყოველთვის. გეგმას რვაკუთხედში შევიმუშავებ.

კოდი შესანიშნავი სტრაიკერი და კარგი მოჭიდავეა. 3-რაუნდიანი ომისთვის მზად ვარ და ბრძოლა ყველგან იქნება - ჭიდაობაში, დგომში, პარტერში თუ დარტყმებიც გაცვლებისას. ომისთვის მზად ვარ და ოქტაგონზე ყველაფერს დავტოვებ. კოდი დგომში ბრწყინვალეა და კარგად გადაადგილდება. იგი ბევრს მოძრაობს და ძლიერი დარტყმა აქვს. თეიქდაუნების განხორციელება შეუძლია და ფიზიკურად ძლიერია. იგი ხშირად დომინირებს, თუმცა ყველაფრისთვის მზად ვარ. ამ ბრძოლაში აუცილებელია ყურადღებით ვიყო და ერთი შეცდომაც არ დავუშვა. MMA სახიფათო სპორტია და ერთ პატარა რაღაცას ყველაფრის შეცვლა შეუძლია. არ მინდა, ეს მე დამემართოს და ჩემი მიზანი დომინანტურ სტილში გამარჯვების მოპოვებაა. მინდა, დარწმუნებული ვიყო, რომ ვიგებ და პირველი წამიდან ბოლომდე კომფორტულად ვიყო. ეს ადვილი არ იქნება, მაგრამ ყველაფრისთვის მზად ვარ“.

შეგახსენებთ, რომ დვალიშვილისა და სტამანის შერკინება თბილისის დროით 2 მაისს გაიმართება. მერაბი ბრძოლას ზედიზედ 5 გამარჯვებით ხვდება და თავის წონაში მე-12 პოზიციას იკავებს. სტამანმა ბოლო 4 ჩხუბიდან 2 მოიგო, 1 ფრედ დაასრულა და 1 წააგო.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები