Aa
Aa

"თავდაჯერებულები ვართ" - პირლო ატალანტასთან მატჩამდე

სერია ა-ს მორიგ ტურში „იუვენტუსი“ სტუმრად „ატალანტას“ შეხვდება. მატჩის წინ, ტურინელთა თავკაცმა ანდრეა პირლომ პრესკონფერენცია გამართა.

რა თქვა პირლომ?

„მთელი კვირის განმავლობაში ბევრს ვვარჯიშობდით. ვიცით, რომ „ატალანტას“ განსაკუთრებული მახასიათებელი თვისებები აქვს. ისინი განსხვავებულ ფეხბურთს თამაშობენ და ამისთვის გარკვეული ასპექტები მოვამზადეთ.

თავდაჯერებულები ვართ. ჩვენს მოწინააღმდეგეს რამდენიმე კარგი ტალანტის მქონე ფეხბურთელი ჰყავს. ბერგამოელებთან ბოლო მატჩი კარგად ჩავატარეთ. იდეალური პრესინგი ვითამაშეთ. „ატალანტა“ მუდამ ყურადღებით გამყოფებს. იმედი მაქვს ამ მხრივ პრობლემები არ გვექნება.“

დანაკლისი

„ბებერ ქალბატონს“ ამ ძალზედ მნიშვნელოვანი მატჩის წინ მთავარი იმედი და დამრტყმელი ძალა კრიშტიანუ რონალდუ ტრავმის გამო გამოაკლდა. ამ საკითხზე იტალიელმა სპეციალისტმა კომენტარი გააკეთა:

„ჩვენ მნიშვნელოვანი მოთამაშე დაგვაკლდება. თეძოს კუნთთან დაკავშირებით მას პრობლემა აქვს და მისი ბერგამოში წაყვანა ძალიან სარისკო იქნებოდა.

იმედი გვაქვს რონალდუ ოთხშაბათისთვის მზად იქნება. მან დისკომფორტი „ჯენოასთან“ მატჩის შემდეგ იგრძნო.

ამ კვირაში მან ისე ვერ ივარჯიშა, როგორც თავად სურდა. ამიტომ აღარ გავრისკეთ. დიბალა მის ნაცვლად ძირითადში იქნება“.

სატურნირო მდგომარეობა

30 ტურის შემდეგ „ბიანკონერის“ 62 ქულა აქვს და მე-3 ადგილზე იმყოფება. მე-4 ადგილს „ატალანტა“ იკავებს 61 ქულით. ამ გუნდების დაპირისპირება კი სატურნირო ცხრილის კუთხით უდიდეს ინტერესს იწვევს. მატჩი 18 აპრილს თბილისის დროით 17:00-დან დაიწყება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები