პსჟ VS ბაიერნი - მატჩის შემდეგ
Aa
Aa

პსჟ VS ბაიერნი - მატჩის შემდეგ

ჩემპიონთა ლიგის მოქმედი გამარჯვებული, მიუნხენის „ბაიერნი“ ასპარეზობას გამოეთიშა. „რეკორდმაისტერმა“ „პარი სენ-ჟერმენის“ წინააღმდეგობა ვერ დაძლია და ჩემპიონთა ლიგას მეოთხედფინალურ ეტაპზე დაემშვიდობა.

პირველი შეხვედრის მსგავსად, განმეორებითი მატჩიც საკმაოდ საინტერესო და დაძაბული გამოდგა. პსჟ-ს ბევრი მომენტი ჰქონდა, მაგრამ შანსები ვერ გამოიყენა, „ბაიერნმა“ კი ერთადერთი გოლი შეაგდო. მიუნხენელთა მხრიდან თავი ჩუპო-მოტინგმა გამოიჩინა და „რეკორდმაისტერმა“ 1-0 იმარჯვა. ორი მატჩის ჯამში 3-3 დაფიქსირდა და პარიზელები მომდევნო ეტაპზე სტუმრად გატანილი 2 გოლის წყალობით გავიდნენ.

მნიშვნელოვანი ფაქტები

დავიდ ალაბამ ბაიერნის მაისურით 425-ე შეხვედრა ჩაატარა და ფრანკ რიბერის რეკორდს გაუთანაბრდა. ამ უკანასკნელს აქამდე არაგერმანელ ფეხბურთელთა შორის რეკორდმაისტერის რიგებში ყველაზე მეტი მატჩი ჰქონდა გამართული.

კილიან მბაპე ბაიერნთან შეხვედრაში თამაშგარე მდგომარეობაში 6-ჯერ მოხვდა, რაც ერთი ფეხბურთელისთვის ჩემპიონთა ლიგის მიმდინარე გათამაშებაში სარეკორდო მაჩვენებელია.

ნეიმარმა მონაწილეობა პსჟ-ის მიერ კარისკენ განხორციელებულ 10 დარტყმაში მიიღო და დრიბლინგი 13-ჯერ სცადა.

ჩემპიონთა ლიგის ისტორიაში პირველად მოხდა, როცა წინა გათამაშების ფინალისტმა პლეიოფში ასპარეზობას მოქმედი ჩემპიონი გამოთიშა.

რა თქვა ფლიკმა მატჩის შემდეგ?

„პირველი მატჩიდან გამომდინარე, რომელშიც უამრავი მომენტი გავანიავეთ და მეტოქეს გოლის გასატანად არც თუ ისე ბევრი შანსი მივეცით, მესამე ბურთი რომ არ მიგვეღო, დღეს მომდევნო ეტაპის საგზურს მოვიპოვებდით.

ყველამ ნახა, რამდენად სახიფათოა პსჟ შეტევაში. მიუხედავად იმისა, რომ ასპარეზობას გამოვეთიშეთ, მინდა, ჩემი გუნდი შევაქო და როგორც ღირსეულმა დამარცხებულმა, პარი სენ-ჟერმენს გამარჯვება მივულოცო.

ჩვეულებრივ, ჩემი გუნდი შეტევაში კარგად მოქმედებს, მაგრამ დღეს დამაგვირგვინებელი დარტყმა გვაკლდა. მიუხედავად იმისა, რომ სხვა შედეგს ვისურვებდით, მომხდარს უნდა შევეგუოთ“.

რა თქვა პოჩეტინომ მატჩის შემდეგ?

„პირველ რიგში, მინდა, ფეხბურთელებს წარმატება მივულოცო. ეს მთლიანად მათი დამსახურებაა. მათ გამო, სამწვრთნელო შტაბის გამო, კლუბის გამო, პრეზიდენტის გამო და ლეონარდოს გამო ძალიან ბედნიერი ვარ. სასიამოვნოა, რომ ამ საოცარი მომენტის ერთმანეთისთვის გაზიარება შეგვიძლია.

სახლში ყოფნისას მატჩებისას მიღებული ადრენალინი ძალიან დამაკლდა. ჩემპიონთა ლიგა ყველაზე პრესტიჟული ტურნირია და რა თქმა უნდა, ბევრი ვინერვიულე. ფეხბურთი სპორტის ლამაზი სახეობაა, რომელშიც ბოლომდე უნდა იბრძოლო და არასდროს დანებდე. ჩვენ დღეს, რაც შეგვეძლო გავაკეთეთ და აუცილებელია მუშაობა გავაგრძელოთ. სამწუხაროა, გოლი რომ ვერ გავიტანეთ, მაგრამ კმაყოფილნი ვართ შემდეგ ეტაპზე რომ გავედით“.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები