Aa
Aa

ჯარიმები ქველმოქმედებაში - მილანისა და ინტერის სამაგალითო ინიციატივა

ზლატან იბრაჰიმოვიჩსა და რომელუ ლუკაკუს შორის იანვარში მომხდარი ფიზიკური დაპირისპირება აქტუალურობას ჯერ კიდევ ინარჩუნებს. სადისციპლინო კომიტეტში მსჯელობის პროცესია იმაზე, თუ რა ოდენობის ფულადი ჯარიმა დაეკისრებათ ფეხბურთელებს. ამასობაში კი „მილანმა“ და „ინტერმა“ ერთობლივად ინიციატივა გამოთქვეს, რომ ჯარიმის თანხები სრულად ქველმოქმედებას მოხმარდეს.

მილანურმა გრანდებმა იდეის შეთანხმების შემდეგ იტალიის ფეხბურთის ფედერაციას მიმართეს და ორგანიზაციისგან წინასწარი თანხმობაც აქვთ. პარალელურად კი ფედერაცია მუშაობს საკითხზე, რომლითაც საჯარიმო თანხების ზუსტი ოდენობა დაზუსტდება. ჯერჯერობით უცნობია ისიც, კონკრეტულად რა სახის ქველმოქმედებისთვის გადაირიცხება ეს თანხა.

ზლატანი და ლუკაკუ ერთმანეთს იტალიის თასის მეოთხედფინალური მატჩისას დაუპირისპირდნენ. სადისციპლინო კომიტეტის გადაწყვეტილებით, მათი ქმედება არასპორტულ საქციელად შეფასდა და სანქციების აუცილებლობაც ამის შემდეგ გაჩნდა.

ხსენებული მატჩი „ინტერის“ გამარჯვებით დასრულდა, თუმცა „ნერაძურიმ“ ნახევარფინალური ჯახი „იუვენტუსთან“ დათმო და ფინალში გასვლა ვერ მოახერხა. „კოპა იტალიას“ წლევანდელი ტიტულისთვის ტურინული გრანდი და ბერგამოს „ატალანტა“ იბრძოლებენ.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები