Aa
Aa

"ამის შემდეგ მწვრთნელს ვკითხე" - შოთა არველაძის საინტერესო ისტორია

ცნობილია, რომ საქართველოს ნაკრების ყოფილმა ფეხბურთელმა შოთა არველაძემ საკუთარი ბიოგრაფიული წიგნი გამოსცა. ხსენებული წიგნი 12 წლის წინ დაიწერა, თუმცა ყველასთვის ხელმისაწვდომი არ იყო. ახლა კი ნებისმიერ ადამიანს შეუძლია მისი შეძენა. შოთამ კი სოციალურ ქსელში ერთ-ერთი ამონარიდი გააცნო გულშემატკივრებს. გთავაზობთ უცვლელად.

ერთხელ, აიაქსში თამაშის პერიოდში, კო ადრიანსემ ვარჯიშის წინ იკითხა, ვინ არის დაღლილიო. მე, რიჩარდ ვიჩგემ, აარონ ვინტერმა, ნიკოს მახლასმა და ყველასგან გასაკვირად, ტომას გალაშეკმა ავწიეთ ხელი, რასაც მისი მდგომარეობიდან გამოსვლა მოჰყვა... ჩხუბი დაგვიწყო, რომ პროფესიონალი ფეხბურთელი არ შეიძლება დაიღალოს, მითუმეტეს, თუ ეს საქმე გიყვართ და თან ამხელა გასამრჯელოს იღებთო. ჩემთვის საქმისადმი ასეთი მიდგომა გაუგებარი და სრულიად მიუღებელიაო. ვთხოვე, შეკითხვა გაემეორებინა. ბიჭები გაისუსნენ, გაკვირვებულმა კომ კიდევ ერთხელ გაიმეორა... მე ხელი კიდევ ერთხელ ავწიე და ვუთხარი, რომ დაღლილი იმას არ ნიშნავს, რომ ვარჯიში არ შემიძლია, უბრალოდ მის კითხვას გულახდილად გავეცი პასუხი. რომ ეკითხა, შეგიძლია თუ არა ვარჯიშიო, რა თქმა უნდა, პასუხი დადებითი იქნებოდა, რადგან ყველას უკვე ბუცები გვეცვა და ვარჯიშზე გასასვლელად მზად ვიყავით. მინდოდა, რომ სწორად გაეგო ჩვენი განწყობა და არა ისე, როგორც თვითონ წარმოედგინა. 

ამის შემდეგ მწვრთნელს ვკითხე - რამდენი ხანია დაქორწინებული ხარ მეთქი? ჩემი კითხვით გაოცებულმა მიპასუხა - დიდი ხანიაო... ყველა ჩუმად იჯდა და ჩვენს დიალოგს გაკვირვებული უსმენდა. სექსი ყოველდღე გაქვთ-მეთქი? ამ კითხვაზე პასუსი არ გამცა... ვიფიქრე ოთახიდან გამაგდებსთქო, მაგრამ უკან არ დავიხიე. გავაგრძელე - ადამიანს ცოლი რომ მოჰყავს, ალბათ ძალიან უყვარს და ამიტომ მთელ ცხოვრებას მას უკავშირებს, მაგრამ ყოველდღე ხომ არ აქვთ სექსი, ხომ არსებობს დღეები, როცა არავინ გინდა და არც არაფერი გსიამოვნებს... თუ არსებობს ვინმე ისეთი, ვისაც არც ერთი დღე არ ჩაუგდია - იქნებ მანახოთ და ჩემს პატივისცემას პირადად დავუდასტურებთქო... ფეხბურთი ნამდვილად მიყვარს, ვგიჟდები, ამიტომაც მთელი ცხოვრება მას მივუძღვენი, მაგრამ ნამდვილად არსებობს დღეები, როცა ძალიან დაღლილი ვარ და მისგან დასვენება მსურს მეთქი...იმ სეზონში, 20 გოლით კლუბის საუკეთესო ბომბარდირი გავხდი"

შეგახსენებთ, რომ შოთა არველაძემ საფეხბურთო კარიერის დასრულების შემდეგ სამწვრთნელო კარიერას მიჰყო ხელი. მისი უკანასკნელი კლუბი კი უზბეკური "ფახტაკორი" იყო. ცნობისთვის, შოთა არველაძე უზბეკეთში 2017 წლის ივნისიდან მუშაობდა. 2019 წლის სეზონში ''ფახტაკორმა'' ეროვნული ჩემპიონატი, უზბეკეთის თასი და ლიგის თასი მოიგო, გასულ წელს კი ჩემპიონატისა და თასის მოგებით დუბლი შეასრულა, ლიგის თასი არ ჩატარებულა.

ასევე აღსანიშნავია, რომ გასულ წელს ''ფახტაკორი'' 10-წლიანი პაუზის შემდეგ აზიის ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალში გავიდა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები