Aa
Aa

"იცით, რომელია ჩემთვის ყველაზე ძვირფასი მაიკა?" - ამონარიდი შოთა არველაძის წიგნიდან

ცნობილია, რომ საქართველოს ნაკრების ყოფილმა ფეხბურთელმა შოთა არველაძემ საკუთარი ბიოგრაფიული წიგნი გამოსცა. ხსენებული წიგნი 12 წლის წინ დაიწერა, თუმცა ყველასთვის ხელმისაწვდომი არ იყო. ახლა კი ნებისმიერ ადამიანს შეუძლია მისი შეძენა. შოტამ კი "ფეისბუკის" საკუთარ გვერდზე ერთ-ერთი ამონარიდი გააცნო გულშემატკივრებს. გთავაზობთ უცვლელად.

"იცით, რომელია ჩემთვის ყველაზე ძვირფასი მაიკა? ბრედასთან, პირველი მატჩის შემდეგ, მე და აჩიმ რომ გავცვალეთ. დღემდე არ გამირეცხია, მინდა ზუსტად ისეთი იყოს, როგორიც მომცა და მისი სუნი ასდიოდეს...

ეს თამაში ორივესთვის ურთულესი აღმოჩნდა. ვერასდროს წარმოვიდგენდით, რომ ერთმანეთის წინააღმდეგ მოგვიწევდა თამაში. ჩვენ ხომ მთელი ცხოვრება ერთ გუნდში ვთამაშობდით და რაც გაგვაჩნია - გამარჯვებების ჩათვლით, ორივეს გვეკუთვნის. თბილისიდან მთელი ოჯახი დაირაზმა და ამ მატჩის საყურებლად ჩამოვიდა ამსტერდამში.

ჩემი მშობლები დაბნეულები ჩანდნენ, არ იცოდნენ, ვისთვის ეგულშემატკივრათ. არც მედიას დაუტოვებია ეს ფაქტი ყურადღების გარეშე და საკმაოდ დიდი გადაცემა მოგვიძღვნეს. ბოლოს ჩვენებმა ბრედას გულშემატკივრობა გადაწყვიტეს. ამას იმით ხსნიდნენ, რომ აიაქსი ჩემპიონობას მაინც შეძლებდა, აჩის კი აიაქსთან გამარჯვება სჭირდებოდა.

თამაში მაინც აიაქსის გამარჯვებით დასრულდა... ტყუპებმა თავი ვერაფრით გამოვიჩინეთ, ალბათ გაგვიჭირდა ამ ყველაფრის აღქმა... მინდორზეც რაღაც დაბნეულები დავრბოდით."

შეგახსენებთ, რომ შოთა არველაძემ საფეხბურთო კარიერის დასრულების შემდეგ სამწვრთნელო კარიერას მიჰყო ხელი. მისი უკანასკნელი კლუბი კი უზბეკური "ფახტაკორი" იყო. ცნობისთვის, შოთა არველაძე უზბეკეთში 2017 წლის ივნისიდან მუშაობდა. 2019 წლის სეზონში ''ფახტაკორმა'' ეროვნული ჩემპიონატი, უზბეკეთის თასი და ლიგის თასი მოიგო, გასულ წელს კი ჩემპიონატისა და თასის მოგებით დუბლი შეასრულა, ლიგის თასი არ ჩატარებულა.

ასევე აღსანიშნავია, რომ გასულ წელს ''ფახტაკორი'' 10-წლიანი პაუზის შემდეგ აზიის ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალში გავიდა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები