''ამ კითხვას პასუხი მოედანზე უნდა გავცე'' - ლობჟანიძე საკუთარი თავით კმაყოფილი არაა
Aa
Aa

''ამ კითხვას პასუხი მოედანზე უნდა გავცე'' - ლობჟანიძე საკუთარი თავით კმაყოფილი არაა

''ანკარას'' ქართველი შემტევი საბა ლობჟანიძე შესანიშნავ ფორმაშია. საქართველოს ეროვნული ნაკრების ფეხბურთელმა თურქულ გრანდს, ''გალათასარაის'' ბრწყინვალე გოლი გაუტანა და აუტსაიდერ ''ანკარას'' სენსაციური გამარჯვების მიღწევაში დაეხმარა, თუმცა თვლის, რომ უფრო მეტი გოლის გატანა შეეძლო. 

26 წლის მარცხენა ''ვინგერი'' CrystalSport-ს ესაუბრა.

''26 თამაშში 3 გოლი და 7 საგოლე პასი, თუმცა თანაგუნდელებს რომ მეტი გაეტანათ, უფრო მეტი საგოლე პასი მექნებოდა, თუმცა ვაღიარებ, რომ მეც ბევრი მომენტი ვერ გამოვიყენე, უფრო მეტი უნდა შემეგდო. ასე რომ, მეც და ჩემს თანაგუნდელებსაც უკეთ რომ გვეთამაშა, უფრო კარგი მაჩვენებელი მექნებოდა''.

მიმდინარე სეზონის დასრულების შემდეგ საბა ლობჟანიძემ შესაძლოა ''ანკარა'' დატოვოს. კითხვაზე რომელ კლუბში ან რომელ ჩემპიონატში ხედავს თავის თავს, მისი პასუხი ასეთია: ''კლუბთან კონტრაქტი მიმთავრდება. ვნახოთ, რა მოხდება, წარმოსახვის უნარი არც ისე კარგი მაქვს, ახლა ჩემს თავს ვერსად ვხედავ''.

ვილი სანიოლის ხელმძღვანელობით საქართველოს ნაკრები უახლოეს მატჩებს შვედეთთან, ესპანეთთან და საბერძნეთთან გამართავს: ''რთული მატჩების მოლოდინი მაქვს. მიყვარს ძლიერ გუნდებთან თამაში''.

კითხვაზე დანიური ''რანდერსიდან'' ''ანკარაში'' გადასვლის შემდეგ რა მხრივ განვითარდა, ლობჟანიძე ფიზიკურ მომზადებას ასახელებს: ''ახლა ფიზიკურად გაცილებით უკეთ ვარ მომზადებული, უფრო მეტს დავრბივარ''.

საქართველოს ეროვნულ გუნდში მარცხენა ''ვინგერის'' პოზიციაზე ხვიჩა კვარაცხელია თამაშობს და მის გარეშეც ამ პოზიციაზე დიდი კონკურენციაა. თუ საბა ლობჟანიძეს ეროვნულ ნაკრებში ამ პოზიციაზე თამაში არ მოუწევს, საუკეთესო თვისებების გამოვლენას შეძლებს?

''ამ კითხვას პასუხი მინდორზე უნდა გავცე. შევძლებ თუ ვერ შევძლებ, ახლა ამის თქმა აზრი არ აქვს''.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები