''გთხოვთ, დაგვეხმაროთ'' - ფენერი იოზილის ხელფასის გადახდისთვის ქომაგებს მიმართავს
Aa
Aa

''გთხოვთ, დაგვეხმაროთ'' - ფენერი იოზილის ხელფასის გადახდისთვის ქომაგებს მიმართავს

მესუთ იოზილმა ლონდონის ''არსენალთან'' კონტრაქტი გაწყვიტა და  თურქულ ''ფენერბახჩეში'' გადავიდა, თუმცა სტამბოლური კლუბი ფინანსური პრობლემების წინაშეა. ''ფენერის'' პრეზიდენტი ალი კოჩი დახმარებისთვის კლუბის ქომაგებს მიმართავს.

კლუბის დახმარებით დაინტერესებული გულშემატკივრები მოკლე ტექსტურ შეტყობინებას შემდეგ ნომერზე გააგზავნიან - 1907. თითოეული გზავნილით ''ფენერბახჩეს'' ანგარიშზე დაახლოებით 2 ევრო აისახება.

ალი კოჩის კომენტარი თურქულ მედიაში გავრცელდა: ''კლუბის ქომაგებთან თხოვნა მაქვს, რომ გააგრძელონ კლუბის დახმარება. ჩვენ თქვენს ფინანსურ მხარდაჭერაზე ვართ დამოკიდებულნი. გთხოვთ დავამყაროთ რეკორდი მოკლე ტექსტური შეტყობინებების გამოგზავნის რაოდენობით. შესაძლოა 300 000, 500 000 ან მილიონი შეტყობინება მივიღოთ, რაც ძალიან კარგი ფინანსური თანადგომა იქნება''.

იოზილი ''ფენერბახჩეში'' 2024 წლის ივლისამდე ითამაშებს. მისი წლიური ხელფასი 3 მილიონი ევრო იქნება, თუმცა გამომდინარე იქიდან, რომ კორონავირუსის პანდემიის გამო მატჩებს ქომაგები ვერ ესწრებიან და კლუბს 460 მილიონი ფუნტი სტერლინგი სესხის სახით აქვს აღებული, ''ფენერისთვის'' ფინანსური ვალდებულებების შესრულება მარტივი ამოცანა არ იქნება.

32 წლის ფეხბურთელს ''ვერდერში'', ''შალკეში'', მადრიდის ''რეალსა'' და ლონდონის ''არსენალში'' უთამაშია. 2014 წლის მსოფლიოს ჩემპიონისთვის ''ფენერბახჩე'' პირველი თურქული კლუბია.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები