Aa
Aa

„ჩემი მიზანი 2022 წელს საჩემპიონო ქამრისთვის ბრძოლაა“ - თოფურია სამომავლო გეგმებზე

UFC-ის ქართველმა მებრძოლმა, ილია თოფურიამ შერეული ორთაბრძოლების ყველაზე პრესტიჟულ ორგანიზაციაში საკუთარი სტარტისა და სამომავლო გეგმების შესახებ ისაუბრა. „ელ მატადორის“ სიტყვები MmaJunkie-მ გაავრცელა და ცნობილი გამოცემის ვებგვერდზე გამოქვეყნებულ სტატიაში ვკითხულობთ:

„უკეთეს სტარტს ველოდებოდი და პირველი ბრძოლის ნაადრევად დასრულება მინდოდა. ყველაფერს უიღბლობას ვერ დავაბრალებ, რადგან ჩხუბი ისე ნამდვილად არ წარიმართა, როგორც მსურდა. გამარჯვება მოვიპოვე და ყველაზე მნიშვნელოვანი სწორედ ესაა, თუმცა ისე არ მომიგია, როგორც მინდოდა.

ჩემი მიზანი ბრძოლის ნაადრევად დასრულება და საკუთარი სტილის წარმოჩენა იყო, რომელიც საქმის მსაჯების გადაწყვეტილებამდე მიყვანას არ გულისხმობს. როცა ქულებით მოვიგე, ბედნიერი არ ვიყავი, მაგრამ მთავარი გამარჯვებაა.

არიან ადამიანები, რომლებსაც ჰგონიათ, რომ ჩემი პოტენციალი იხილეს, მაგრამ რეალურად საკუთარი პოტენციალის სრულად წარმოჩენისგან ძალიან შორს ვარ. გულშემატკივრებს ჩემგან ბევრი რამ ელით და ერთი სული მაქვს ბოლომდე ვაჩვენო ის სამუშაო, რომელიც ამ წლების განმავლობაში გავწიე, რათა ვყოფილიყავი იქ, სადაც ახლა ვარ. ბევრისთვის ჩემი გამოჩენა სიურპრიზი აღმოჩნდა, მაგრამ ჩემთვის ასე არ ყოფილა. პირველივე დღიდან ვიცოდი, რომ აქ მოვხვდებოდი.

ახალგაზრდა ვარ და არსად მეჩქარება. მინდა, ამ პროცესით სიამოვნება მივიღო და არ ვაპირებ, საკუთარ თავზე დიდი ზეწოლა განვახორციელო. ჩემი აზრით, კარგი იქნება, თუ 2021 წელს 2-ზე ან 3-ზე მეტ ბრძოლას გავმართავ და ყველაში გავიმარჯვებ. ჩემი მიზანი 2022 წელს საჩემპიონო ქამრისთვის ბრძოლაა“.

შეგახსენებთ, რომ 2020 წელს ილია თოფურიამ UFC-ში 2-ჯერ იჩხუბა და ჯერ იუსეფ ზალალს მსაჯების გადაწყვეტილებით, ხოლო შემდეგ დეიმონ ჯექსონს ნოკაუტით სძლია. ქართველი მებრძოლი ჯერჯერობით დაუმარცხებელია და მის ანგარიშზე 10 გამარჯვებაა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები