კაშია: ''ყველაზე მაგარ ფორმაში ხვიჩა იყო, ნაკრებიდან წასვლას ჯერ არ ვგეგმავ''
Aa
Aa

კაშია: ''ყველაზე მაგარ ფორმაში ხვიჩა იყო, ნაკრებიდან წასვლას ჯერ არ ვგეგმავ''

საქართველოს ეროვნული ნაკრების ვიცე-კაპიტანმა, 33 წლის გურამ კაშიამ გადაცემა ''ტაიმაუტთან'' საკლუბი და სანაკრებო კარიერის შესახებ ისაუბრა.

გურამ კაშია:''სან ხოსემ'' ჩემთან და ვაკო ყაზაიშვილთან კონტრაქტის გახანგრძლივება არ ისურვა და კლუბი დავტოვეთ. ბევრს ჰგონია, რომ MLS-ში არ არის მაღალი დონის ფეხბურთი, თუმცა ამ მოსაზრებას არ ვეთანხმები, რადგან ძალიან კარგი ფეხბურთელები თამაშობენ და კარგი ჩემპიონატია.

ამ ეტაპზე კონკრეტული წინადადება არ მიმიღია. პანდემიის გამო ფეხბურთში რთული პერიოდია. გუნდის პოვნას ნიდერლანდებში ვცდილობ, თუმცა ჯერ კონკრეტული წინადადება არ მიმიღია.

კარიერის დასრულება საქართველოში მსურს, თუმცა ჯერ კარიერის დასრულებას არ ვაპირებ, ძალიან ბევრს ვვარჯიშობ.

მოვა ის დრო, როცა ნაკრებიდან წავალ, მაგრამ იმედი მაქვს ეროვნული ნაკრების ახალ მთავარ მწვრთნელს დავჭირდები.

პრიორიტეტი ევროპაში თამაშია, თუმცა თუ ევროპული კლუბი არ გამოვა, მაშინ სხვა ქვეყნების წინადადებებსაც განვიხილავ''.

გურამ კაშიამ მაკედონიასთან განცდილი მარცხის შესახებ ისაუბრა, როცა საქართველოს ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატზე მოხვედრის რეალური შანსი ხელიდან გაუშვა: ''რთული პერიოდი იყო. ერთადერთი ხვიჩა იყო კარგ ფორმაში და ის დაინფიცირდა. ბევრ ფეხბურთელს უთამაშებლობის პრობლემა გვქონდა. გამარჯვებული ერთმა მომენტმა გადაწყვიტა. ყაზაიშვილი და ოქრიაშვილი კრეატიული ფეხბურთელები არიან, მაგრამ ყველაზე მაგარ ფორმაში კვარაცხელია იყო''.

შეგახსენებთ, კაშიამ მიმდინარე თვეში ''სან ხოსე'' დატოვა. კლუბს შემდეგი სიტყვებით დაემშვიდობა: "მადლობა "სან ხოსეს". მე აქ შესანიშნავი მოგონებები მრჩება. მინდა დიდი მადლობა გადავუხადო ყველას ვინც აქ გულღიად მიმიღო. ეს საოცარი მოგზაურობა იყო. შევხვდი უამრავ საოცარ ადამიანს. მომენატრებით და მომავალში წარმატებას გისურვებთ."

ფოტო: gff.ge

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები