Aa
Aa

ჩემპიონი ჩემპიონის წინააღმდეგ - ადესანია და ბლახოვიჩი მარტში იჩხუბებენ

UFC-ის საშუალო წონითი დივიზიონის ჩემპიონი, ისრაელ ადესანია მეორე საჩემპიონო ქამრის დასაკუთრებას შეეცდება. UFC-ის პრეზიდენტმა, დეინა უაითმა ESPN-თან საუბრისას დაადასტურა, რომ „იზი“ ნახევრად მძიმე წონით დივიზიონში ავა და იან ბლახოვიჩს დაუპირისპირდება.

ბლახოვიჩისა და ადესანიას ჯახი 6 მარტს, UFC 259-ის ფარგლებში გაიმართება, თუმცა ამ ღონისძიების ჩატარების ადგილი ჯერჯერობით უცნობია.

პოლონელმა მებრძოლმა ახლახან დომინიკ რეიესი დაამარცხა და ნახევრად მძიმე წონითი დივიზიონის ვაკანტურ საჩემპიონო ქამარს დაეუფლა. ბლახოვიჩი ტიტულს პირველად ადესანიას წინააღმდეგ დაიცავს და ESPN-ის მიხედვით, ეს ჩემპიონისა და ჩემპიონის შერკინება იქნება.

შეგახსენებთ, რომ პოლონელს კარიერაში 27 მოგება და 8 მარცხი აქვს და ბოლო 9 ბრძოლიდან 8-ში იმარჯვა. ადესანიას რაც შეეხება, „უკანასკნელი სტაილბენდერი“ ჯერჯერობით დაუმარცხებელია. „იზი“ შეეცდება, რენდი კუტურის, ბი ჯეი პენის, კონორ მაკგრეგორის, ჟორჟ სენ-პიერის, დენიელ კორმიეს, ჰენრი სეხუდოსა და ამანდა ნუნიესის მიღწევა გაიმეოროს და UFC-ის მერვე მებრძოლი გახდეს, რომელმაც საჩემპიონო ქამარი ორ წონით დივიზიონში დაისაკუთრა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები