მარადონას ექიმი:
Aa
Aa

მარადონას ექიმი: "სიცოცხლე მობეზრდა, გასულ წელს კუბაში თვითმკვლელობა სცადა"

დიეგო მარადონას გარდაცვალებიდან რამდენიმე კვირის შემდეგ, მისმა ყოფილმა ექიმმა, ალფრედო კაჰემ სკანდალური განცხადება გააკეთა. კაჰეს მიხედვით, რომელიც 1977-დან 2007 წლამდე ლეგენდარული არგენტინელის ჯანმრთელობაზე ზრუნავდა, არის შანსი, რომ ოპერაციის შემდეგ, დიეგომ მედიკამენტებისა და საკვების მიღება შეწყვიტა და დეპრესიაში ჩავარდა.

„არ მგონია, ეს უბრალო გულის შეტევა ყოფილიყო. ბოლოს დიეგო კლინიკაში ვნახე და იგი მედიკამენტების ზემოქმედების ქვეშ იყო და ეძინა. მასთან, მის ფსიქიატრებთან და ფსიქოლოგებთან დალაპარაკება ვერ მოვასწარი და კარი მომიხურეს. მომდევნო დღეს მის სანახავად ვაპირებდი წასვლას, რა დროსაც გავიგე, რომ თვითმკვლელობა უკვე მომხდარიყო.

დიეგოს სიკვდილს თვითმკვლელობას ვუწოდებ, რადგან მიმაჩნია, რომ მომხდარი ლოგიკური იყო და თვითმკვლელობის ერთ-ერთი ფორმა გახლდათ. დიეგო დაღლილი იყო... პირადად მე, ამ ყველაფერს თვითმკვლელობის შედეგად მივიჩნევ.

მახსოვს, ერთ-ერთმა ქალბატონმა, რომელსაც მასთან ახლო ურთიერთობა ჰქონდა, მითხრა: „მას სიცოცხლე აღარ უნდა. ის ცხოვრებით დაღლილია, რადგან უკვე ყველაფერი გააკეთა“. მარადონას ცხოვრებაში იყო პრეცედენტი, რომელსაც ხალხი ყურადღებას არ აქცევს. კუბაში ყოფნისას მან თვითმკვლელობა სცადა და საკუთარი მანქანით ავტობუსს შეეჯახა, მაგრამ სიკვდილს გადაურჩა. დიეგომ ყველაფერი უარყო და მითხრა, რომ ავტობუსი ვერ დაინახა, თუმცა მისთვის არ დამიჯერებია“.

კაჰემ საავადმყოფოს წარმომადგენლებიც გააკრიტიკა, რომელშიც მარადონა იმყოფებოდა და განაცხადა: „კლინიკაში მას ის დახმარება ვერ გაუწიეს, რაც საჭირო იყო. დიეგო სისტემატური მეთვალყურეობის ქვეშ არ ყოფილა და ექიმებს არც რაიმე გეგმა ჰქონიათ შემუშავებული. იგი საავადმყოფოში უნდა დარჩენილიყო და არ უნდა გაეწერათ სახლში, რომელიც მისთვის მზად არ იყო“.

როგორც მოგეხსენებათ, ბოლო პერიოდის განმავლობაში დიეგოს ჯანმრთელობის პრობლემები ჰქონდა და 3 ნოემბერს, სუბდურალური ჰემატომის გამო საკმაოდ რთული ოპერაციაც ჩაუტარდა, რის შემდეგაც ჰოსპიტალიდან გაწერეს და მკურნალობას სახლში აგრძელებდა. მსოფლიოს 1986 წლის ჩემპიონს 24 ნოემბრის საღამოს ჯანმრთელობის მდგომარეობა გაურთულდა, რის გამოც მის სახლთან არაერთი სასწრაფო სამედიცინო სამსახურის ბრიგადა იყო მობილიზებული. სამწუხაროდ 25 ნოემბერს ფეხბურთის ღმერთი 60 წლის ასაკში გარდაიცვალა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები