კიდევ ერთი დაფასება - მარადონას ეროვნული ვალუტის კუპიურაზე გამოსახავენ
Aa
Aa

კიდევ ერთი დაფასება - მარადონას ეროვნული ვალუტის კუპიურაზე გამოსახავენ

დიეგო მარადონას გარდაცვალების შემდეგ, მთელს მსოფლიოში, მის მიმართ პატივისცემის ნიშნად სხვადასხვა ღონისძიებები ტარდება.

არგენტინის მთავრობამ ლეგენდარული არგენტინელი კიდევ ერთხელ დააფასა და ახალი იდეა მოიფიქრა. არგენტინაში დიეგოს 10 000-იან პესოზე გამოსახავენ. ეს კუპიურები კი შეზღუდული ტირაჟით ჩაეშვება წარმოებაში.

ამ მომენტისთვის არგენტინაში ყველაზე მაღალი კუპიურა 1000 პესოა. ბოლო პერიოდის განმავლობაში ქვეყანაში სერიოზული დევალაცია მიმდინარეობს და მთავრობის განცხადებით 10 000 პესოიანი ახალი კუპიურა გამართლებული სვლა იქნება.

დიზაინი უკვე არჩეულია. კუპიურის შუაში თავად მარადონა იქნება გამოსახული, მარცხნივ კი 1986 წელს მოგებული მსოფლიო ჩემპიონატის თასი, რომლის მოპოვებაშიც დიეგომ უდიდესი წვლილი შეიტანა. ჯერჯერობით უცნობია, როდის გახდება ოფიციალურად ახალი კუპიურა ხელმისაწვდომი.

შეგახსენებთ, რომ ფეხბურთის ისტორიაში მსგავსი რამ ერთხელ უკვე მოხდა. 2006 წელს, ჯორჯ ბესტის გარდაცვალებიდან 1 წლის შემდეგ, ოლსტერის ბანკმა ერთი მილიონი 5 ფუნტიანი კუპიურა გამოუშვა.

შეგახსენებთ, რომ ბოლო პერიოდის განმავლობაში დიეგოს ჯანმრთელობის პრობლემები ჰქონდა და 3 ნოემბერს, სუბდურალური ჰემატომის გამო საკმაოდ რთული ოპერაციაც ჩაუტარდა, რის შემდეგაც ჰოსპიტალიდან გაწერეს და მკურნალობას სახლში აგრძელებდა.

მსოფლიოს 1986 წლის ჩემპიონს 24 ნოემბრის საღამოს ჯანმრთელობის მდგომარეობა გაურთულდა, რის გამოც მის სახლთან არაერთი სასწრაფო სამედიცინო სამსახურის ბრიგადა იყო მობილიზებული. სამწუხაროდ 25 ნოემბერს ფეხბურთის ღმერთი 60 წლის ასაკში გარდაიცვალა..

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები