Aa
Aa

მორიგი რეკორდი - რონალდუ მესის შედეგს გაუთანაბრდა

ტურინის „იუვენტუსმა“ ბუდაპეშტის „ფერენცვაროშს“ ბოლო წუთებზე გატანილი გოლით მოუგო, კრიშტიანუ რონალდუ კი ჩემპიონთა ლიგის მორიგ რეკორდს გაუთანაბრდა.

პორტუგალიელმა სუპერვარსკვლავმა უნგრელთა კარში გუშინ ერთი ბურთი გაიტანა და ევროპის ყველაზე პრესტიჟული საკლუბო ტურნირის საშინაო თამაშებში თავი 70-ედ გამოიჩინა, რაც სარეკორდო მაჩვენებელია.

ლიგის საშინაო მატჩებში ასევე 70 გოლი ლიონელ მესის აქვს გატანილი, რონალდუს კი მისი გადასწრების საშუალება, თუ მოედანზე იქნება, შემდეგ ტურშივე, კიევის „დინამოსთან“ სახლის შეხვედრისას მიეცემა.

კრიშტიანუმ ჩემპიონთა ლიგის მიმდინარე გათამაშებაზე პირველი გოლი გაიტანა. მან წინა ტურში მხოლოდ ასისტი მიითვალა, პირველ ორ მატჩში კი მონაწილეობა არ მიუღია.

„იუვენტუსი“ ჯგუფში „ბარსელონას“ 3 ქულით ჩამორჩება, მაგრამ, გუშინდელი შედეგებით, 1/8 ფინალში ასპარეზობა გაინაღდა. აქვე აღვნიშნოთ, რომ გუშინდელი სათამაშო დღის შემდეგ, შემდეგი ეტაპის საგზური „ბარსას“ და „იუვეს“ გარდა, „ჩელსიმ“ და „სევილიამაც“ გაიფორმეს.

ტურინელები მომავალ ოთხშაბათს კიევის „დინამოს“ თავიანთ არენაზე მიიღებენ, იქამდე კი სერია A-ს ეგიდით „ბენევენტოს“ ესტუმრებიან.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები