ვინ და რატომ? - მედიის აზრი ნაკრების ახალ მწვრთნელზე
Aa
Aa

ვინ და რატომ? - მედიის აზრი ნაკრების ახალ მწვრთნელზე

საქართველოს ეროვნული ნაკრები ვლადიმირ ვაისმა დატოვა და ახლა მთავარი მწვრთნელის პოსტი თავისუფალია. ჩვენს ქვეყანაში ხშირად მოისმენთ შესაძლო ახალი მწვრთნელის ვინაობაზე კამათს. გულშემატკივრები და სპორტული ჟურნალისტები სხვადასხვა კანდიდატურას განიხილავენ. CrystalSport-ი ქართული სპორტული მედიის წარმომადგენლებს დაუკავშირდა და ჰკითხა, ვის ისურვებდნენ საქართველოს ნაკრების ახალ მთავარ მწვრთნელად და რატომ. გთავაზობთ სპორტულ ჟურნალისტთა მოსაზრებებს.

ბიძინა ბარათაშვილი (Silk Sport): "პირველ რიგში, კახა ცხადაძეს ვფიქრობ, რადგან მან ნაკრებს ყველაზე კარგი ფეხბურთი ათამაშა. მისი დაბრუნება კარგი იქნება, მაგრამ თუ მას ფედერაციასთან რაიმე კონფლიქტი აქვს და არ მოხერხდა მისი დაბრუნება, მეორე ვარიანტად გიორგი ჭიაბრიშვილს განვიხილავ.

ის ტაქტიკურად ძალიან განათლებულია და ფეხბურთელებს დიდ მოტივაციას აძლევს. "ლოკომოტივის" წარმატება პირდაპირ კავშირშია გიორგისთან. მიუხედავად იმისა, რომ სანაკრებო დონეზე გამოცდილება არ აქვს, მაინც ვფიქრობ, რომ ჩვენს ნაკრებს ძალიან მოუხდება. ყველამ ვნახეთ, მაკედონიასთან გაშვებული გოლის შემდეგ როგორი თვალებჩამქვრალი იყვნენ ჩვენი ფეხბურთელები და ამის გამოსწორება ჭიაბრიშვილს ნამდვილად შეუძლია. მისი დიდი პლუსი ფეხბურთელებთან ურთერთობა და მოტივაციის მიცემაა. ამასთან ერთად გიორგი ლაღი და შემტევი ფეხბურთის მოყვარულია".

გიგა გვენცაძე ("საქართელოს პირველი არხი"): "1990 წელს გამართა საქართველოს ნაკრებმა, მართალია არაოფიციალური, მაგრამ პირველი მატჩი. 30 წლის განმავლობაში 22-ჯერ შეიცვალა მწვრთნელი. მთელი ეს პერიოდი ერთ წრეზე ვტრიალებთ. ფაქტია, მხოლოდ მწვრთნელის ცვლილება ბევრს არაფერს ცვლის. 30-წლიანი მუდმივი მარცხის უფრო სიღრმისეული ანალიზია საჭირო. ფეხბურთელებმა, მწვრთნელებმა ახლებმა და ძველებმა ღიად და გულახდილად უნდა ისაუბრონ იმ პრობლემებზე, რომელიც იყო და არის ქართულ ფეხბურთში და რომლის შესახებაც ყველაზე კარგად მათ იციან.

ამ ეტაპზე, ვფიქრობ, ქართველი მწვრთნელი სჯობს. დღევანდელ ვითარებაში, ჩემი აზრით, კახი ცხადაძის კანდიდატურაა ყველაზე რეალური. საფეხბურთო კარიერის დროს ნაკრების კაპიტანი იყო. თამაშობდა გერმანიაში, ინგლისში, რუსეთში. ცხადაძეს ნაკრებში მუშაობის გამოცდილება აქვს. 19-წლამდელების, ახალგაზრდულის და პირველი ნაკრების მწვრთნელი იყო. თბილისის "დინამოდან" ჩემპიონის რანგში წავიდა ბოლნისში და "სიონი" ჩემპიონი გახადა. ბაქოს "ინტერთან" ერთად აზერბაიჯანის ჩემპიონობა და თანამეგობრობის თასი მოიგო. პროვინციული ორდაბასით ყაზახეთში მოწინავე პოზიციებზეა".

ლევან სალუქვაძე (Silk Sport): "ხავიერ აგირე. ძალიან გამოცდილი მწვრთნელია და ასაკიც ხელს უწყობს. ჩემი აზრით, მას პრობლემურ და ავტორიტეტის მქონე ფეხბურთელებთან ურთიერთობა არ გაუჭირდება. აგირეს ლა ლიგაში და მექსიკის ნაკრებში ორჯერ უმუშავია. ვინც არ იცით, ვინ არის, შეგიძლიათ, მის ბიოგრაფიას ჩახედოთ. ამ მომენტში აგირე ისეთ პიკში არ არის, რომ ჩვენს ქვეყანას მისი ჩამოყვანა ძვირი დაუჯდეს. ვფიქრობ, მისი ხედვა და ტექნიკური უნარები ძალიან ჰგავს ჩვენი ნაკრების სტილს."

ლაშა სილაგავა (Silk Sport; უეფა-ს კატეგორიის არბიტრი): "სლოვენიელი სრეჩკო კატანეცი. კატანეცს შთამბეჭდავი საფეხბურთო კარიერა ჰქონდა "ოლიმპიაში", "ლუბლიანაში", ზაგრების "დინამოში", ბელგრადის "პარტიზანში", "შტუტგარტსა" და "სამპდორიაში". სამწვრთნელო კარიერაც კარგი ჰქონდა. სრეჩკომ მაკედონიისა და სლოვენიის ნაკრებები გაწვრთნა და ახლა, მგონი, ერაყშია. მაკედონიელთა აღზევება სწორედ მას უკავშირდება და ერთი პერიოდი მისი საქართველოში ჩამოყვანაც განიხილებოდა. საუბარი დაახლოებით 15 წლის წინ იყო. ვთვლი, რომ სლოვენიელი სპეციალისტი საქართველოს მოუხდება".

ირაკლი შავლიაშვილი (Crystalsport.ge): "შოთა არველაძეს ვფიქრობ, რადგან მას უკვე საკმარისი გამოცდილება დაუგროვდა. შოთას შეუძლია, გამოიძახოს მხოლოდ ის ფეხბურთელები, რომლებიც ბოლომდე დაიხარჯებიან და იმ მომენტში საუკეთესო ფორმაში იქნებიან. არველაძეს ისიც შეუძლია, რომ ნაკრებში იდეალური წესრიგი დაამყაროს. ჩემი აზრით, ის ჩვენს ნაკრებს ძალიან მოუხდება".

მიხეილ აბაიშვილი (საქართველოს სპორტულ ჟურნალისტთა ასოციაციის პრეზიდენტი): "პირველ რიგში ვიტყვი, რომ საქართველოს ნაკრებს ქართველი მწვრთნელი უნდა ჰყავდეს. მიზეზი ბევრია. ქართველი მწვრთნელი ბევრად კარგად იცნობს ქართულ მენტალიტეტს. აქვს უფრო მეტი საშუალება დაესწროს ეროვნული ლიგისა და ბავშვთა ფეხბურთის მატჩებს. ზოგადად, ვინც კი კარგი ახალგაზრდა ტალანტი გვყოლია, ისინი ქართველმა მწვრთნელებმა აღმოაჩინეს. ჩემი აზრით, მნიშვნელოვანი მატჩის წინ, ჩვენს ფეხბურთელებს ქართველი უფრო კარგად დამუხტავს, ვიდრე უცხოელი.

რა თქმა უნდა, იდეალური იქნებოდა გვყავდეს ისეთი დამრიგებელი, როგორიც მაგალითად იურგენ კლოპია, მაგრამ ისტორიამ უცხოელ მწვრთნელებთან დაკავშირებით სულ სხვა რამ გვაჩვენა. კუპერი და ტოპმიოლერი არავისზე ნაკლები და ტიტულოვანები იყვნენ იმ პერიოდში, მაგრამ წარმატებას ვერ მიაღწიეს. იგივე შეიძლება ითქვას ვაისზეც. მე მის სამუშაოს დადებითად ვერ შევაფასებ. საქართველოს ნაკრები უცხოელი მწვრთნელების სასაფლაოდ იქცა. რაც შეეხება კანდიდატურებს, ვთვლი, რომ შოთა არველაძე და კახა ცხადაძე კარგად მოერგებიან "ჯვაროსნებს". შოთას "ფახტაკორში" შესანიშნავად მისდის საქმეები და უდიდესი გამოცდილებაც მიიღო. კარგი იქნება, თუ ის გადაწყვეტს და ჩამოვა საქართველოს ნაკრებში სამუშაოდ.

იგივე შემიძლია ცხადაძეზეც ვთქვა. ის პერიოდი, რაც მან იმუშავა, ჩვენმა ნაკრებმა ძალიან კარგი ფეხბურთი ითამაშა და ეს გერმანიასთან წაგებულ მატჩშიც გამოჩნდა. ზოგადად, ვფიქრობ, საქართველოს სჭირდება ქართველი მწვრთნელი, რომელსაც ქვეყნის გარეთ აქვს გამოცდილება მიღებული. ასეთი თემურ ქეცბაიაც გახლავთ, მაგრამ მისი სათამაშო სტილი არ მომწონს და ბოძებული შანსიც ვერ გამოიყენა."

ტატო ბაციკაძე (Silk Sport): "ხავიერ აგირე და ხოსე პეკერმანი. ორივე ძალიან გამოცდილი მწვრთნელია. აგირეს ლა ლიგაში გატარებული უამრავი სეზონის გარდა, მექსიკის ნაკრებშიც უმუშავია და გუნდი ორ მსოფლიოს ჩემპიონატზეც გაიყვანა.

პეკერმანი არგენტინის ახალგაზრდულ ნაკრებთან ერთად მსოფლიოს ჩემპიონი სამჯერ გახდა, 2006 წლის ჩემპიონატზეც ძალიან კარგი გუნდი ჰყავდა და მოგვიანებით, მისი კოლუმბიაც საკმაოდ მძლავრი გუნდი იყო.

გარდა ამისა, ახალგაზრდულ ნაკრებში ნაჩვენები შედეგები მეტყველებს იმაზე, რომ ასაკით ახალგაზრდა ფეხბურთელებთან მუშაობა პეკერმანმა ძალიან კარგად იცის - ასეთი მწვრთნელი ჩვენ ნაკრებს კი ძალიან სჭირდება."

გიორგი პავლიაშვილი (Silk Sport): "მარსელინო გარსია ტორალი. ბუნებრივია, ასეთი კალიბრის სპეციალისტის მოწვევა რთულია, თუმცა არა - შეუძლებელი. მისი ბოლო სამსახური "ვალენსია" იყო, სადაც ჩემპიონთა ლიგის საგზურთან ერთად, ესპანეთის კოპა დელ რეი მოიგო - ფინალში "ბარსელონა" დაამარცხა, რის შემდეგაც გუნდი დატოვა და დღემდე თავისუფალია. მანამდე "ვილიარეალშიც" ანალოგიურად კარგი შედეგები ჰქონდა. არის საკმაოდ პრინციპული, დისციპლინის მოყვარული, შედეგზე მკაცრად ორიენტირებული მწვრთნელი. ამ ეტაპზე წინააღმდეგი ვარ, არჩევანი ადგილობრივ კადრზე შეჩერდეს. ვფიქრობ, ქვეყანაში ფეხბურთი საკმარისად ფინანსდება და კარგი უცხოელი მწვრთნელის მოწვევაც არ უნდა იყოს განსაკუთრებული პრობლემა".

ირაკლი ფოფხაძე (Crystalsport.ge; Silk Sport): "ჩემი აზრით, ამ ეტაპზე მნიშვნელოვანია, რომ საქართველოს ნაკრებში იყოს ისეთი მწვრთნელი, რომელიც გეგმაზომიერად ჩამოაყალიბებს ისეთ ნაკრებს, რომელსაც შემდეგ წლებში უკვე ექნება ჯანსაღი ამბიცია იმისა, რომ იბრძოლოს თუნდაც შესარჩევი ეტაპიდან დიდ ფორუმებზე მოსახვედრად.

მარსელ კოლერი - ავსტრიის ნაკრების ყოფილი მთავარი მწვრთნელი, რომელმაც იქ 6 წლის განმავლობაში (2011-17) ძალიან კარგად იმუშავა და ისტორიულ წარმატებასაც მიაღწია. სწორედ კოლერი იყო ის სპეციალისტი, რომელმაც ავსტრიელებს ევროპის ჩემპიონატზე თამაშის უფლება თამაშით მოაპოვებინა (2008-ში, მისთვის სადებიუტო ევროზე, გუნდი ტურნირზე მასპინძლის სტატუსით მოხვდა). ასე რომ, კოლერი საკმაოდ გამოცდილი მწვრთნელია, იცის სანაკრებო ფეხბურთში მუშაობა და რაც მთავარია, იცის გუნდის რაციონალურად შენება. მგონია, რომ იგი ჩვენი ნაკრებისთვის შესაფერისი კანდიდატურაა.

რაც შეეხება ჩემს მეორე კანდიდატს, ის არის ჩეხი - პაველ ვრბა. ადამიანი, რომელმაც „პლზენი“ ჩეხური საკლუბო ფეხბურთის დომინანტ კლუბად აქცია. 2008 წლამდე, სანამ ვრბა გუნდში მივიდოდა, "პლზენი" ჩეხეთის ჩემპიონი არ იყო, ახლა კი 5-გზის ჩემპიონი და ევროტურნირების სტაბილური მონაწილეა. ვფიქრობ, ეს ვრბას კარგი მენეჯმენტისა და 5-წლიანი სწორი მუშაობის შედეგია.

მას აქვს სანაკრებო გამოცდილებაც. 2014-16 წლებში ჩეხეთის ეროვნულ გუნდს წვრთნიდა და "ევრო 2016"-ზე შესარჩევ ეტაპზე დაკავებული პირველი ადგილით გაიყვანა.

ეს მაგალითები მიუთითებს, რომ ვრბა საკმაოდ ჭკვიანი და ალღოიანი მენეჯერია, შესაბამისად, ვფიქრობ, საქართველოს ნაკრების სტაბილურ, შეკრულ და ჯანსაღად ამბიციურ გუნდად ჩამოყალიბება შეუძლია. 

დავით სხირტლაძე (Crystalsport.ge): "პირველ რიგში მადლობა ვაისს, რომ არა ის, შეიძლება მაკედონიასთან გამართული ფინალიც არ ყოფილიყო. რაც შეეხება ახალ მთავარ მწვრთნელს, მიმაჩნია, რომ უნდა იყოს ქართველი, აქ კი კანდიდატი ბევრი ნამდვილად არ არის. ჩემთვის მიუღებელია უკან დაბრუნება და რომელიმე მწვრთნელის თავიდან დანიშვნა განიხილებოდეს.

გიორგი ჭიაბრიშვილი მინდა ვნახო ნაკრების მწვრთნელად, მაგრამ მაშინებს ერთი ფაქტი. იგივე არ დაემართოს რაც გიორგი დევდარიანს - "დინამოში". შეიძლება, რაღაც "ავტორიტეტებს" შეეწიროს. ფეხბურთის ცოდნისა და მისი გადმოცემის მხრივ ის ერთ-ერთია, რომელმაც ევროპული ფეხბურთის განვითრებას ფეხი აუწყო. ვნახოთ, რა იქნება. იმედია, ფეხბურთის ფედერაციაში სწორ გადაწყვეტილებას მიიღებენ".

ნიკა მითაიშვილი (Crystalsport.ge, Silk Sport): "სამწუხაროდ ნაკრები ახლა რთულ მდგომარეობაშია. რამაზ სვანაძემ სწორად აღნიშნა, რომ ახლა ფეხბურთელებს ფსიქოლოგიური მდგომარეობის ამაღლება სჭირდებათ. ჩემი აზრით ასეთ სიტუაციაში საუკეთესო ვარიანტი გიორგი ჭიაბრიშვილია. მას აქვს უნარი იმისა, რომ ფეხბურთელებს მოტივაცია აუმაღლოს. გარდა ამისა, გიორგიმ ყველას ნათლად დაანახა, თუ რა დონეზე შეუძლია გუნდის მომზადება და ერთ კონკრეტულ მატჩში იდეალურად თამაში. აღსანიშნავია, რომ ის სანაკრებო დონეზე გამოუცდელია, მაგრამ ვთვლი, რომ თავისუფლად ჩაიბარებს "ჯვაროსნების" თავკაცის პოსტს. ჭიაბრიშვილის ტაქტიკა შემტევი და ლაღი ფეხბურთია და ეს ჩვენს ნაკრებს ძალიან სჭირდება, რადგან ქართველებს რამდენიმე შესანიშნავი ტალანტი და შემტევი ფეხბურთელი გვყავს. გიორგის პლიუსი დისციპლინის დამყარებაც არის და, რა თქმა უნდა, ესეც მნიშვნელოვანი დეტალია."

დიმა შარიქაძე (Crystalsport.ge): "’საუკეთესო ვარიანტი ცხადაძე მგონია. გამოცდილი სპეციალისტია და კარგად იცნობს ქართველ ფეხბურთელებს, შემტევი სტილის მიმდევარია და როცა ქეცბაიამ კონფლიქტებით სავსე ნაკრები დატოვა, ცხადაძემ ეროვნულ გუნდში ურთიერთობები დაალაგა. ამავე დროს მკაცრია და მეგობრულ დამოკიდებულებასა და სიმკაცრეს შორის ზღვარის გავლება შეუძლია.

მაგალითად ვაისს გარკვეული დრო დასჭირდა, ფეხბურთელების შესაძლებლობები კარგად გაეცნო, ცხადაძე კი ქართველებს კარგად იცნობს და რესურსის მაქსიმალურად ამოწურვას ცდილობს, რაც მისი მწვრთნელობისას კარგად გამოჩნდა, როცა ნაკრებში დიდი სელექცია ჩაატარა.

სუფთა საფეხბურთო კუთხით ცხადაძის ნაკრებიდან წასვლა არასწორი იყო, სხვა თემაა მაშინ რა იყო კონფლიქტის მიზეზი, მაგრამ ცხადაძის მწვრთნელობისას თამაშის ხარისხი უმჯობესდებოდა და ნაკრები უფრო კომბინირებულ ფეხბურთს თამაშობდა. ვაისის პერიოდშიც რამდენიმე თამაშში, მაგალითად უელსთან სტუმრად ნაკრებმა ბევრი კარგი კომბინაცია შეასრულა, მაგრამ საბოლოოდ ვაისის ფორმაციის ნაკრები ერთ ან ორ მოთამაშეზე, ინდივიდზე დამოკიდებულ გუნდად იქცა. ამიტომაც ვერ გავედით ევროპის ჩემპიონატზე.

ჩემთვის ძალიან საინტერესო იქნებოდა ბორა მილუტინოვიჩის კანდიდატურა, მაგრამ უკვე საკმაოდ ასაკოვანია და ალბათ იმ სტრესისთვის მზად არ იქნება, რაც მწვრთნელმა უნდა გადაიტანოს’’.

მამუკა კუკულაძე (Crystalsport.ge): "თავდაპირველად ვიტყვი, რომ ვაისს 5 წლიანი სამუშაოსთვის მადლობა ეკუთვნის. მან სრულიად დაშლილი ნაკრები ჩაიბარა, რომლის შიდა სამზარეულო ძალიან ცუდ მდგომარეობაში იყო. სლოვაკმა ჩვენი გუნდის გაერთიანება შეძლო და შედარებით თანამედროვე ფეხბურთი ათამაშა, რასაც თემურ ქეცბაიას დროს მონატრებულები ვიყავით.

დიახ, ვაისამდე ნაკრების შიდა სამზარეულოს დალაგება კახა ცხადაძემ დაიწყო, თუმცა მას მუშაობა არ დასცალდა და ფედერაციასთან კონფლიქტის შემდეგ პოსტის დატოვება მალევე მოუხდა.

მიუხედავად ყველაფრისა ვაისმა ცუდად დაასრულა. ეს მხოლოდ ჩრდილოეთ მაკედონიასთან მარცხს არ ეხება. სომხეთთან მატჩის შემდეგ მისი კომენტარი დაგვიანებული და არაპროფესიონალური იყო. ვგულისხმობ ხოჭოლავას მიმართ ნათქვამ ფრაზას და ასევე ნაკრების რამდენიმე წევრის გაკრიტიკებას. მას ამის გაკეთება თავის დროზე შეეძლო, რაც შედეგს გამოიღებდა, თუმცა ხმა მხოლოდ მაშინ ამოიღო, როცა პოსტი დატოვა. ეს, მისი მხრიდან კარის გაჯახუნებას ჰგავდა. ჯობდა დარჩენილი 2 მატჩი მოეგო და კარი ისე „გაეჯახუნებინა“.

რაც შეეხება უშუალოდ კითხვას, თუ ვინ უნდა იყოს ნაკრების ახალი მწვრთნელი. მე უფრო მეტად ქართველისკენ ვიხრები. უცხოელი სპეციალისტის ჩამოყვანა ფინანსურად საკმაოდ ძვირი იქნება.

როგორც უკვე ვიცით, შოთა არველაძის კანდიდატურა გამოირიცხა. მისი თქმით, ნაკრების ჩაბარებას ქვეყნის პრემიერ-მინისტრობა ურჩევნია. სიმართლე გითხრათ, შოთის კანდიდატურას მე ისედაც არ ვემხრობი. მან არ უნდა გაიმეოროს ის შეცდომა, რაც ქეცბაიამ დაუშვა, როცა აქ ჩამოვიდა და მისი სამწვრთნელო კარიერა ამის შემდეგ უკან წავიდა. უმჯობესია არველაძემ კიდევ რამდენიმე წლიანი გამოცდილება მიიღოს, კვალიფიკაცია აიმაღლოს და შემდეგ ვნახოთ. თავის დროზე თემურიც მსგავსად უნდა მოქცეულიყო.

მე კახა ცხადაძის ვარიანტს ვემხრობი. 5 წლის წინ მას პოტენციალის სრულად გამოვლენა არ დასცალდა. როგორც ამ ბოლოს გამოჩნდა, ცხადაძე მზად არის ნაკრებში დაბრუნდეს და ძველი წყენები დაივიწყოს. ასეთ დროს, როცა ჩვენი გუნდის მწვრთნელობას ყველა გაურბის და ყველა ერიდება, ცხადაძემ პირიქით მზაობა გამოთქვა, რაც დასაფასებელი ნაბიჯია.

პლუს ამას, ცხადაძის ნაკრები გააზრებულ და შემტევ ფეხბურთს თამაშობდა. მას რამდენიმე გეგმა სულ ჰქონდა. ვაისის მსგავსად მხოლოდ ერთი სქემით არ თამაშობდა. დიახ, მტკვინეული მარცხებიც იყო, თუმცა როგორც უკვე ვთქვი მას მუშაობა და პოტენციალის სრულად გამოვლენა არ დასცალდა.

გია ჭიაბრშვილიც კარგი სპეციალისტია, თუმცა გამოცდილება აკლია, ისევე როგორც ნემსაძეს. ქეცბაია რა თქმა უნდა, ცალსახად გამორიცხულია.

თუ, უცხოელი სპეციალისტი არ ჩამოყავთ, მაშინ ცხადაძის ვარიანტი უალტერნატივოა."

ნიკა ტაბატაძე (Silk Sport; ტელეკომპანია "ფორმულა"): "მონაკოში ლეონარდო ჟარდიმის უკანასკნელი მოღვაწეობა წარუმატებელი გამოდგა. 2019 წელს, პორტუგალიელი სპეციალისტი ფრანგული კლუბიდან არადამაკმაყოფილებელი შედეგების გამო გაათავისუფლეს და დღემდე უმუშევარია. ვფიქრობ, ჟარდიმი იქნება ის პერსონა, რომელიც საქართველოს ნაკრების შემტევ პოტენციალს მაქსიმალურად გამოიყენებს და გუნდს კარგი რეზულტატის ჩვენებაში დაეხმარება."

გიორგი ფულარიანი (Setanta Georgia, რადიო NRJ): "ვთვლიდი და დღემდე ვთვლი, რომ კახა ცხადაძე გასაშვები არ იყო! მისი ხელმძღვანელობით, გუნდი ნამდვილად სწორი მიმართულებით ვითარდებოდა და ჩემი სიტყვების დასტურად გერმანიასთან სტუმრად და შოტლანდიასთან შინ ჩატარებული შეხვედრებიც გამოდგება. გაიხსენეთ, რამდენჯერ მოუწია საკუთარი ოსტატობის გამოვლენა ისეთ გოლკიპერს, როგორიც მანუელ ნოიერია - პლუს ჯაბას შესანიშნავი გოლი!!! აქვე, კანკავას სიტყვებსაც გავიხსენებ: "ცხადაძის პერიოდში გასახდელშიც იდეალური ვითარება იყო". ბევრს სურს შოთი არველაძე ან გიორგი ჭიაბრიშვილი, მაგრამ მგონია, რომ როგორც მინიმუმ, ამ ეტაპზე ისინი ასეთ რთულ ტალღებში საკუთარ თავებს არ შეიყვანენ. ნამდვილად არ ვიცი და რთულია თქმა, დათანხმდება თუ არა ცხადაძე ნაკრებში დაბრუნებას, თუმცა დღემდე მივიჩნევ, რომ გასაშვები არ იყო".

დიტო დოლიძე (Live.ge): "ვფიქრობ, დროა ქართველ მწვრთნელებს უფრო მეტი ნდობა გამოვუცხადოთ, ფაქტია, რომ ადგილობრივი სპეციალისტი გუნდის მენტალიტეტს უფრო კარგად გაუგებს და საჭიროებისამებრ შეცვლის. ძალიან მომწონდა ის ფეხბურთი, რომელსაც საქართველოს ნაკრები კახა ცხადაძის დროს თამაშობდა, შედარებით უფრო მრავალფეროვანი იყო შეტევის ხაზი და უფრო მეტი დრო რომ ჰქონოდა ცხადაძეს, სავარაუდოდ, შედეგიც დაიდებოდა. ამიტომ ვფიქრობ, რომ თუ ცხადაძის დაბრუნება შეიძლება, ეს აუცილებლად უნდა მოხდეს".

ამირან შაიშმელაშვილი (Live.ge): "პირველ რიგში, შოთა არველაძის სიტყვებს გავიმეორებ და ვიტყვი, რომ საქართველოს ნაკრების გაწვრთნა ქვეყნის ხელმძღვანელობაზე რთულია. ამისათვის, ნებისმიერ სპეციალისტს ორი თავი უნდა ჰქონდეს. ეს, ალბათ, საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე უმადური საქმეა, რომელშიც რამდენი დადებითიც არ უნდა შექმნა, ერთი ფეხის დაცდენის გამო, ანათემას გადაგცემენ. ასე რომ, ვინც ამ საქმეს ხელს მოკიდებს, უილიამ ვოლასზე უფრო მამაცი გული უნდა ჰქონდეს.

რაც შეეხება ჩემს სიმპატიებს, ვთვლი, რომ საქართველოს ეროვული გუნდი ამ ეტაპზე, აუცილებლად უცხოელ, საშუალო ევროპული დონის თავკაცს საჭიროებს. უკეთ რომ ვთქვა, ვლადიმირ ვაისის PRO ვერსიას. მწვრთნელს, რომელსაც საკმარისი გამოცდილება ექნება როგორც საკლუბო, ისე სანაკრებო დონეზე, მაგრამ არც ძალიან ასაკოვანი იქნება. ვისურვებდი ხორვატ, სერბ, ბალკანელ ან ცენტრალური ევროპის წარმომადგენელ სპეციალისტს, მაღალი ტემპერამენტითა და მაქსიმალურად დისციპლინირებული მოთხოვნებით".

ანდრო ხელაძე (Adjarasport.tv): "ვინაიდან და რადგანაც, ქართველი ფეხბურთელების გასაცნობად, მათი მენტალიტეტის შესასწავლად დიდი დროა საჭირო (ლოდინით უკვე ყველა დავიღალეთ) და თან მოთამაშეების უმრავლესობამ ინგლისური ენა არ იცის, ვფიქრობ დასავლეთ ევროპელი მწვრთნელი ამ ეტაპზე გამორიცხულია. გვრჩება 2 ვარიანტი ან აღმოსავლეთ ევროპელი სპეციალისტი, რომელმაც რუსული იცის და ქართველ ფეხბურთელებთან მუშაობის გამოცდილება აქვს ან ქართველი მწვრთნელი. მე პირადად, ამ ეტაპზე, ამ უკანასკნელის მომხრე ვარ. არჩევანი N1 შოთი არველაძე იქნებოდა, რომ არა მისი კატეგორიული უარი ნაკრების ჩაბარებაზე, რის გამოც პრინციპში ახლა ვერც გავამტყუნებთ.

გვრჩება 2 რეალური ვარიანტი - ჭიაბრიშვილი და ცხადაძე. გია კარგი მწვრთნელია, მაგრამ ვფიქრობ ეროვნული ნაკრების ჩაბარება ჯერ მისთვის ადრეა, არ აქვს მას ჯერ არც იმხელა ავტორიტეტი და არც გამოცდილება, რომ ამხელა პასუხისმგებლობას შეეჭიდოს. ასე რომ, ჩემი აზრით, კახა ცხადაძე უნდა დაბრუნდეს ნაკრებში. მის ხელში ნაკრებმა დაგვანახა, რომ შემტევი ფეხბურთის თამაში შესაძლებელია და რამდენიმე შეხვედრაში მშვენიერი შედეგიც დადო, ვფიქრობ ამ ფორმაციის ნაკრებთან ერთად, ცხადაძე უფრო მეტს შეძლებს თუ რა თქმა უნდა ფეხბურთელები სწორად განვითარდებიან და ხელს შეუწყობენ."

საბა საპანაძე (Adjarasport.tv): "ქართველი ფეხბურთელების მენტალობიდან გამომდინარე, ვფიქრობ ახლა კვლავ საუკეთესო ვარიანტია კვალიფიციური უცხოელი მწვრთნელი სანაკრებო გამოცდილებით. ქართველ მოთამაშეებს სჭირდებათ ისეთი მწვრთნელი, ვის სიტყვასაც გასახდელში ღირებულება ექნება. ქართველებიდან ასეთი მხოლოდ შოთა არველაძეა, თუმცა ის კარგად აანალიზებს, რა შედეგები მოჰყვეს მის პირად კარიერას ეროვნული ნაკრების ჩაბარების შემთხვევაში და ვფიქრობ, უარს იტყვის შეთავაზების შემთხვევაშიც.

მიუხედავად იმისა, რომ ამ მომენტში 100%-ით მზად არაა, თუ რისკზე წასვლაა, გიორგი ჭიაბრიშვილს ავირჩევდი, რომლის გუნდების სათამაშო სტილიც ძალიან მომწონს, თავადაც პრინციპული და მკაცრი მწვრთნელია. ვფიქრობ, მისი ამბიციები ემთხვევა ნაკრების მიზნებს და იქედან გამომდინარე, რომ ნაკრების ფეხბურთელების ძირითადი ბირთვი ახალგაზრდა ფეხბურთელებისგან შედგება, რისკის შემთხვევაში ამ ვარიანტსაც ავირჩევდი."

გეგი კიკაბიძე (POSTV): სიმართლე რომ გითხრა, ასე ღრმად არ მიფიქრია და გამირჩევია თუ ვის ვისურვებდი მთავარი მწვრთნელის პოსტზე, მაგრამ მგონია რომ ყველაზე სასურველი ვარიანტი დღევანდელი მოცემულობით კახა ცხადაძეა.

1) ყველაზე კარგად იცნობს ჩვენს ნაკრებს იმ კანდიდატებისგან, ვინც ახლა შეიძლება ნაკრებში მუშაობას დათანხმდეს.

2) შეუძლია რამდენიმე სქემით ათამაშოს ნაკრები, მატჩის დროს სიტუაციისამებრ გადააწყოს გუნდი და შესძინოს ფეხბურთელებს მრავალმხრივი ფუნქციები, რითაც კიდევ უფრო მეტად გამოიყენებენ თავიანთ პოტენციალს.

3) მგონია რომ მას არ დასცალდა ბოლომდე მუშაობა და რომ დასცლოდა, შედეგსაც დადებდა.

რაც შეეხება უცხოელი მწვრთნელების ვარიანტს, არ მგონია რომ დღეს ვინმეს ჩამოყვანა რადიკალურად შეცვლის სურათს. ჩემი აზრით საქმე მხოლოდ მწვრთნელში არაა. გადავხედოთ რამდენი კლუბი ამარაგებს ეროვნულ ნაკრებს სათანადო კადრებით! საუბარი მაქვს ხარისხზე და არა რაოდენობაზე. ან თუნდაც ორივეზე ერთად. სანამ ეროვნული ნაკრების თამაში დიდწილად ორ ფეხბურთელზე იქნება დამოკიდებული, არ მგონია სიტუაცია რადიკალურად შეიცვალოს. თუმცა, თუ არჩევანი მაინცდამაინც უცხოელ მწვრთნელზე გაკეთდა, უნდა შეირჩეს ისეთი სპეციალისტი, რომელიც კომპლექსურად შეიმუშავებს სამუშაო გეგმას და ერთი სათამაშო სტილის და ფილოსოფიის გარშემო ააწყობს ასაკობრივი ნაკრებების მზადებას და თამაშებს. ასევე, მწვრთნელმა, რომელიც ნაკრებს სათავეში ჩაუდგება, უნდა იცოდეს თუ რა დონის ქვეყნებში თამაშობენ ჩვენი ფეხბურთელები და ამ რესურსით გამოწუროს მაქსიმუმი.

არ მინდა ისეთი მწვრთნელი, რომელიც ყოველი მარცხის შემდეგ იტყვის რომ ამ გუნდით მეტის გაკეთება არ შეუძლია. გამოცდილების, ავტორიტეტის, კარგი წარსულის და სივის გარდა, აუცილებელია ნაკრებს ჰყავდეს თავკაცი, რომელიც კრიტიკულ სიტუაციაში არ დაიბნევა, შეძლებს თამაშის სწორად წაკითხვას, გადაწყვეტილებების მიღებას და სიტუაციის მართვას.

ჩემი აზრით, ძალიან დიდი ყურადღებით და სიფრთხილით უნდა შეირჩეს ახალი მთავარი მწვრთნელი. ისე კი, ვხედავ საქართველოში ერთი-ორ ძალიან პერსპექტიულ სპეციალისტს, რომლებსაც მომავალში ნაკრების თავკაცად დიდი სიამოვნებით ვიხილავდი.თუმცა, დღეს, მათ შეთავაზების შემთხვევაში, დათანხმებას არ ვურჩევდი. ყველაფერს თავისი დრო აქვს. საუბარი მაქვს გიორგი ჭიაბრიშვილზე, რომელიც დღეს საქართველოში ყველაზე პროგრესირებად მწვრთნელად მიმაჩნია და გიორგი ნემსაძეზე, რომელთან ერთადაც მიმუშავია და ვიცი თუ როგორ შეუძლია შედეგის დადება. თუმცა, კიდევ ერთხელ ვიმეორებ რომ ჩემი გადმოსახედიდან ამაზე საუბარი ჯერ ნაადრევია.

ვახო გაფრინდაშვილი (ტელეკომპანია "იმედი"):"ჩემი აზრით საქართველოს ნაკრებს ახლა სჭირდება გამოცდილი უცხოელი სპეციალისტი,სპეციალისტი,რომელსაც აქვს დიდ ტურნირებზე მუშაობის გამოცდილება და არ ეშინია ახალგაზრდებთან მუშაობა.მკაცრი დისციპლინირებული.საერთოდ არ არის საჭირო ქართული მენტალიტეტის ცოდნა და ადგილობრივ ყაიდაზე გადმოსვლა.პირიქით.ყველა უნდა გადაეწყოს მთავარი მწვრთნელის მოთხოვნებზე"

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები