Aa
Aa

Daily Mail - იოზილის განაცხადს მიღმა დატოვება ჩინეთში არსენალის კომერციულ ინტერესებს უკავშირდება

გავლენიანი ბრიტანული გამოცემის, Daily Mail-ის ინფორმაციით, მესუთ იოზილი თვლის, რომ მისი პრემიერ ლიგისა და ევროპა ლიგის განაცხადში ვერ მოხვედრა „არსენალის“ კომერციულ ინტერესებს უკავშირდება, რომლებიც კლუბს ჩინეთში აქვს.

გერმანელმა ფეხბურთელმა რამდენიმე საათის წინ, სოციალურ ქსელში პოსტი გამოაქვეყნა და „მეთოფეები“ გააკრიტიკა. იოზილმა განაცხადა, რომ იმედგაცრუებულია და დღესდღეობით ერთგულება ძალიან იშვიათი რამაა. პოსტის ბოლოს კი აღნიშნა, რომ უსამართლობისა და სისასტიკის წინააღმდეგ საბრძოლველად თავის სახელს მომავალშიც გამოიყენებს.

Daily Mail-ის ცნობით, 32 წლის ფლეიმეიქერი ამ ფრაზით გასულ დეკემბერში განვითარებულ მოვლენებს გამოეხმაურა, რომლის შემდეგაც, „არსენალს“ ჩინეთში გარკვეული პრობლემები შეექმნა. მაშინ იოზილმა ჩინეთის მთავრობის მიერ უიღური მუსლიმების წინააღმდეგ გატარებული ქმედებები გააკრიტიკა. იოზილის განცხადებამ „არსენალის“ კომერციულ ინტერესებს სერიოზული ზიანი მიაყენა და Daily Mail გვარწმუნებს, რომ კლუბს არ სურს რაიმე მსგავსი განმეორდეს, რის გამოც მესუთი განაცხადს მიღმა დარჩა.

ცნობისთვის, იოზილის მიერ დეკემბერში გამოქვეყნებული პოსტი ჩინეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა და ფეხბურთის ასოციაციამ დაგმო. გარდა ამისა, იგი საფეხბურთო სიმულატორი, Pro Evolution Soccer-ის ჩინური ვერსიიდან და სოციალური ქსელი Weibo-დან გაქრა, სადაც მას დაახლოებით 4 მილიონი გამომწერი ჰყავდა. აქვე გეტყვით, რომ „არსენალი“ ჩინეთში რესტორნების ქსელს ფლობს და ადგილობრივი ლატარიის ოფიციალური პარტნიორი გახლავთ.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები