დალას ტორნადოს მოგზაურობა - ყველაზე გიჟური საფეხბურთო ტურნე
Aa Aa

დალას ტორნადოს მოგზაურობა - ყველაზე გიჟური საფეხბურთო ტურნე

თუ ოდესმე წააწყდებით კომენტარს, რომელშიც რომელიმე კლუბის მთავარი მწვრთნელი წინასასეზონო ტურნეს სირთულეზე, ან გადატვირთულ კალენდარზე წუწუნებს, ბობ კაპი გაიხსენეთ. მისი სახელი ალბათ, ბევრს არაფერს გეუბნებათ, მაგრამ ფეხბურთის ისტორიაში ყველაზე გიჟური ტურნე სწორედ მისმა გუნდმა, „დალას ტორნადომ“ გამართა. 1967 წელს დაწყებული მოგზაურობა აფეთქებულ თვითმფრინავებს, მაიმუნების მიერ დადგმულ წარმოდგენებს, აგრესიულ მაყურებლებსა და ვიეტნამს მოიცავდა.

ტექსასელები 6 თვე-ნახევრის განმავლობაში 19 ქვეყანას ესტუმრნენ და შეთხელებული შემადგენლობით 45 ამხანაგური მატჩი გამართეს. გუნდს მხოლოდ ერთი მწვრთნელი ახლდა, სამედიცინო შტაბი და ფიზიოთერაპევტი არ ჰყავდა და წარმოდგენა არ ჰქონდა ტურნე როდის დამთავრდებოდა...

მაგიური მოგზაურობის დაწყება ამერიკელი ლამარ ჰანტის დამსახურება გახლდათ, რომელსაც სურდა ადგილობრივი ფეხბურთით, რაც შეიძლება ბევრი ადამიანი დაინტერესებულიყო. 1966 წელს მან ინგლისისა და დასავლეთ გერმანიის ფინალური დაპირისპირება იხილა და ამ მატჩით მოხიბლულმა ამერიკაში ფეხბურთის დასამკვიდრებლად ბრძოლა დაიწყო. მომდევნო წელს North American Soccer League უნდა დაწყებულიყო და ჰანტს მოუნდა, რომ „დალასს“ ამის შესახებ ინფორმაცია მთელი მსოფლიოს მასშტაბით გაევრცელებინა.

„ტორნადოს“ ექს-მწვრთნელმა და ყოფილმა ფეხბურთელმა, მაიკ რენშოუმ, FourFourTwo-სთან საუბრისას განაცხადა: „ჰანტს იმედი ჰქონდა, რომ მის გუნდს ტურნე წარმატებას მოუტანდა. მაშინდელ მსოფლიოში დალასის შესახებ მხოლოდ ის იცოდნენ, რომ იქ კენედი მოკლეს“.

დასაწყისი

გუნდის დაკომპლექტება მოკლე დროში მოხდა. მთავარ მწვრთნელად სკოპიეში დაბადებული ჟურნალისტი, ფსიქიატრი და ძველმანების გადამყიდველი, ბობ კაპი დაინიშნა, რომელიც 1956 წლის უნგრეთის რევოლუციას ოჯახთან ერთად კანადაში გაექცა. ევროპის მასშტაბით კი გაზეთებში რეკლამები განთავსდა, რომლებიც ადგილობრივ ფეხბურთელებს ამერიკაში ახალი ცხოვრების დაწყებას სთავაზობდნენ.

მაიკ რენშოუ, რომელიც მაშინ 19 წლის იყო, „ბლექპულის“ საკუთრება გახლდათ და „მანჩესტერში“ სინჯებიც გაიარა, თუმცა ინგლისურ ფეხბურთს ამერიკული თავგადასავლის დაწყება არჩია. ჯონ სტიუარტის შემთხვევაშიც იგივე მოხდა. სტიუარტის გზაც ბრაიან ჰარვიც გაუყვა და მათ მხსნელად კაპი იქცა, მაგრამ არავინ იცოდა ხსნა რაში მდგომარეობდა...

ჰანტის ასისტენტი 6 თვის განმავლობაში მთელი მსოფლიოს მასშტაბით მოგზაურობდა და „ტორნადოსთან“ ამხანაგური მატჩის გამართვის მსურველებს ეძებდა, რათა კალენდრის შედგენა მოეხერხებინათ. ეს ტურნე თანამედროვე მსოფლიოში სრული სიგიჟე იქნებოდა და ხომ წარმოგიდგენიათ მეოცე საუკუნის 60-იან წლებში რა ხდებოდა...

ავსტრალიაში, ტაიტში, იაპონიაში და ახალ ზელანდიაში მოგზაურობა ინდოეთში, პაკისტანში, ირანში და ომით გახლეჩილ ვიეტნამში ამხანაგური მატჩების გამართვასთან შედარებით არაფერი იყო. „სრული სიგიჟე გახლდათ! წარმოიდგინეთ, თანამედროვე კლუბი ამხანაგური მატჩის გასამართად ერაყში რომ ჩავიდეს რა მოხდება“, - აცხადებს სტიუარტი.

„დალასის“ ფეხბურთელებს წარმოდგენა არ ჰქონდათ წინ რა ელოდათ. ტურნეს მიმდინარეობისას მათ საფეხბურთო სულის მატარებელი ქალაქები ნამდვილად არ მოუნახულებიათ და ყოველთვის იყო რაღაც, რაც კონცენტრაციაში ხელს უშლიდათ. მიუხედავად იმისა, რომ მოგზაურობა ესპანეთში უნდა დაწყებულიყო, ფეხბურთელები ნიცაში შეიკრიბნენ, რათა ერთმანეთი გაეცნოთ. წარმოიდგინეთ, მანამდე მოთამაშეებმა ერთმანეთზე არაფერი იცოდნენ და წარმოდგენა არ ჰქონდათ ტურნეში ვისთან ერთად მიდიოდნენ.

„დალასის“ რიგებში 18 ფეხბურთელი ირიცხებოდა, რომელთა შორის ინგლისელები, ნიდერლანდელები, შვედები და ნორვეგიელები და მხოლოდ ერთი ამერიკელი ფეხბურთელი, სახელად ჯეი მური იყო. მიუხედავად ამისა, მოთამაშეებს უბრძანეს, რომ ტექსასურ სტილში ჩაეცვათ და ნამდვილ ამერიკელებს დამსგავსებოდნენ.

ტორნადო და კორიდა

ტურნეს დაწყებამდე, გუნდური სულისკვეთების ჩამოსაყალიბებლად „დალასი“ მადრიდში გამართულ კორიდას დაესწრო, მაგრამ „ტორნადოს“ წარმომადგენლებმა მატადორის მიმართ უპატივცემულობა გამოიჩინეს, რის გამოც ტრიბუნები დაატოვებინეს.

„დალასის“ ფეხბურთელებს პირველი ამხანაგური შეხვედრა არც თუ ისე სუსტი „კორდობას“ წინააღმდეგ ელოდათ, რომელმაც მატჩამდე სამი კვირით ადრე, „რეალი“ დაამარცხა. სულ მალე ისტორია დაიწერა! „დალასი“ გახდა პირველი ამერიკული გუნდი, რომელმაც ევროპულ მიწაზე ითამაშა. მატჩი „კორდობას“ გამარჯვებით, 4-0 დასრულდა, მაგრამ წაგება სამარცხვინო ნამდვილად არ ყოფილა. მიუხედავად შეუთამაშებლობისა, „დალასში“ ბევრი ნიჭიერი მოთამაშე ასპარეზობდა და მათ მეტოქისთვის კონკურენციის გაწევა მოახერხეს. „ჩვენ ახალგაზრდა გუნდი ვიყავით და მიუხედავად მგზავრობაში გატარებული დამღლელი საათებისა, მოედანზე გასვლა და გამარჯვების მოპოვება ძალიან გვინდოდა“, - იხსენებს ბრაიან ჰარვი.

„კორდობასთან“ მარცხის შემდეგ, ტექსასელებმა რამდენიმე გამარჯვება იზეიმეს და სულ მალე პუშკაშსა და „რეალის“ ფეხბურთელებს შეხვდნენ, რომლებმაც დალასელებს პროფესიონალური საფეხბურთო სამყაროს მეორე მხარე დაანახეს.

სამწუხაროდ, გიბრალტარის სრუტის გადალახვის შემდეგ ყველაფერი შეიცვალა. „დალასმა“ მეოთხე შეხვედრა მაროკოს წარმომადგენელ „ტანჟიერთან“ გამართა და ყველაფერი ისე მიდიოდა, რომ „ტორნადო“ მორიგ გამარჯვებას მოიპოვებდა, თუმცა მთავარ არბიტრს სხვა გეგმები ჰქონდა. მან შეხვედრას 15 წუთი დაამატა და ყველაფერს აკეთებდა, რათა მასპინძლებს გაეტანათ, მაგრამ არაფერი გამოუვიდა და საბოლოოდ, მატჩის დასრულება მოუწია. მსგავსმა ინციდენტებმა გუნდში ერთიანობა ჩამოაყალიბა, რაც თურქეთში, „ფენერბაჰჩეს“ წინააღმდეგ გამართულ შეხვედრაში გამოვლინდა. „ფენერბაჰჩეს ზოგიერთი ფეხბურთელი ძალიან ბინძურად თამაშობდა და ჩვენს სასქესო ორგანოზე ხელის მოჭერასაც არ ერიდებოდნენ. საბედნიეროდ, მათ ჭკუა ვასწავლეთ და შესანიშნავი ფრე მოვიპოვეთ“, - იხსენებს „დალასის“ ფეხბურთელი, იან ბუკი.

მატჩი ფრედ, 2-2 დასრულდა. „ფენერთან“ შეხვედრის შემდეგ კი, „დალასის“ ფეხბურთელებმა ურთულესი გამოცდა ჩააბარეს. როცა ისინი ათენიდან კვიპროსში მიმავალ თვითმფრინავში ჩასხდომის დაწყებას ელოდებოდნენ, შეიტყვეს, რომ თვითმფრინავი, რომელმაც ამ რეისზე წინა ფრენა განახორციელა, ხმელთაშუა ზღვის თავზე ააფეთქეს და ბორტზე მყოფი ყველა ადამიანი დაიღუპა. მალევე გაირკვა, რომ პიროვნება, რომლის გამოც თვითმფრინავი ააფეთქეს, ბორტზე არ ყოფილა, რადგან რეისზე ვერ მისულა და „ტორნადოს“ ფეხბურთელებთან ერთად აპირებდა გამგზავრებას. საბედნიეროდ, „დალასის“ მოთამაშეების სიცოცხლე საფრთხის ქვეშ არ დამდგარა და მალევე ისინი დღევანდელ ირანში ჩაფრინდნენ, სადაც შაჰის კორონაციას დაესწრნენ.

როცა სამსახურიდან საპირფარეშოში გათავისუფლებენ

მომდევნო 8 დღეში „დალასმა“ 5 შეხვედრა გამართა, რამაც გუნდის გამძლეობა გამოავლინა. აღსანიშნავია, რომ 18-ის ნაცვლად, „ტორნადო“ 16 ფეხბურთელით ასპარეზობდა. ნორვეგიელ ტომ ვაინჰოლდტს ტრავმა აწუხებდა, ხოლო გრეჰემ სტირლენდი კაპის აზრით, გუნდურ სულისკვეთებას კლავდა და იგი სამსახურიდან პირდაპირ აეროპორტის საპირფარეშოში გაათავისუფლა.

დაბალი დონის სტადიონები, მიკერძოებული მსაჯობა, საშინელი ავტობუსები, რომლებსაც კონდიციონერი არასდროს ჰქონდათ. ნორმალურ სკამებზე ხომ საუბარიც ზედმეტია... ეს ყველაფერი „დალასის“ ყოველდღიური ცხოვრება იყო. „წარმოიდგინეთ ყველაზე ცუდი ავტობუსი, რომლითაც ოდესმე გიმგზავრიათ... ჩვენი მასზე 10-ჯერ საშინელი იყო“, - იხსენებს ბუკი.

კორონაციის გარდა, ტექსასელებმა სხვა უცნაურობებიც იხილეს. პაკისტანში და ინდოეთში ყოფნისას მათ ფაქტობრივად ყველაფერი ნახეს. „მახსოვს, გზაზე მივდიოდით და იქვე გველისა და მანგუსტის ბრძოლა ვიხილეთ. იქ მანჩესტერისგან ყველაფერი რადიკალურად განსხვავებული იყო. ხალხი შიშველი დადიოდა და დახმარებას ითხოვდა. რამდენიმე მათგანი ჩვენ თვალწინ გარდაიცვალა“, - იხსენებს ბუკი...

საინტერესოა, რომ ასეთ რთულ პერიოდშიც კი იყო მომენტები, რომლებიც ფეხბურთელებს მხიარულ განწყობაზე აყენებდა. „პაკისტანში ყოფნისას სასტუმროს გარეთ ბიჭი იდგა, რომელსაც გველებით სავსე ტომარა ჰქონდა. გარკვეული თანხა რომ მიგეცათ, ერთ-ერთ მათგანს ამოიყვანდა და მანგუსტთან აჩხუბებდა. ბრძოლაში გამარჯვება მანგუსტს რჩებოდა და ყველაფერი რამდენიმე წამში სრულდებოდა. იქვე იყო ბიჭი, რომელსაც დასაკრავი ინსტრუმენტი ჰქონდა და გვერდს მაიმუნი უმშვენებდა. მას ომთან დაკავშირებული წარმოდგენების გაცოცხლება შეეძლო. მაიმუნი პაკისტანელი ჯარისკაცის ფორმაში იყო გამოწყობილი და როცა ბიჭი ეტყოდა: „მოიქეცი, როგორც ინდოელი ჯარისკაცი“, იგი იარაღს ჰაერში აგდებდა და გარბოდა“, - იხსენებს რენშოუ.

„კარიჩასთან“ გამართული ამხანაგური მატჩის შემდეგ იყო მოგზაურება დაკაში, ჩიტაგონგში და ლაჰორში, რასაც პირველი ნახევრის შემდეგ ჩაშლილი დაპირისპირება მოჰყვა. შეხვედრის შეწყვეტის მიზეზი გახლდათ ის, რომ ორგანიზატორების აზრით, შუადღის სიცხე რომელიმე ფეხბურთელის სიცოცხლეს შეიწირავდა... უცნაური მოვლენები ამით არ დასრულებულა. როცა გუნდმა ინდოეთ-პაკისტანის საზღვრის გადაკვეთა სცადა, მხოლოდ ბრიტანული პასპორტის მქონე მოთამაშეები გადაუშვეს. სხვა ქვეყნის წარმომადგენლებს კი საზღვარზე გაჩერება მოუწიათ.

„გვეგონა ვიზასთან დაკავშირებული პრობლემების გამო იქ დარჩენა რამდენიმე საათის განმავლობაში მოგვიწევდა, მაგრამ საბოლოოდ ისე გამოვიდა, რომ ღამე ქოხში გავატარეთ. პატარა ქალაქში ვიმყოფებოდით და დარწმუნებული ვარ, იქ მცხოვრებმა ადამიანებმა თეთრკანიანი პირველად ნახეს. მახსოვს, ისინი ქოხთან იდგნენ და გვიყურებდნენ. ჩვენ ბურთები გადავუგდეთ, მათ კი სანაცვლოდ ქათმები და ფორთოხლის წვენი გადმოგვცეს. ვერ წარმოიდგენთ რა ბედნიერები ვიყავით, საჭმელი საერთოდ არ გვქონდა“.

მომდევნო საღამოს გვეგონა, რომ საზღვრის გადაკვეთას შევძლებდით, მაგრამ როდესაც საკონტროლო პუნქტში მივედით, გვითხრეს, რომ გენერალს ეძინა და თუ ვინმე მას გააღვიძებდა, დახვრეტა არ ასცდებოდა.

„ჯუნგლებში ვიყავით და ირგვლივ სრული სიბნელე სუფევდა, წარმოდგენა არ გვქონდა რა უნდა გაგვეკეთებინა. ორი მოთამაშე თავს ძალიან ცუდად გრძნობდა. ვიღაც მოვისყიდეთ და საღამოს ინდოეთში გადავიპარეთ. ღობე გავჭერით და ხვრელში გავძვერით. ვიცოდით, რომ ორივე მხარეს შეეძლო გაესროლა, მაგრამ გადავრჩით. როცა ინდოეთში მივედით ექიმებმა ცუდად მყოფ ბიჭებს წამლები მისცეს, მაგრამ რატომღაც ისინი უფრო ცუდად გახდნენ, შემდეგ აღმოვაჩინეთ, რომ ექიმებმა მათ ძილის წამალი მისცეს...

დილის 6 საათზე კალკუტაში ჩავედით. უკანასკნელი 48 საათის განმავლობაში არცერთ ჩვენგანს ეძინა და შუადღეს შეხვედრა უნდა გაგვემართა. მატჩი ფრედ 0-0 დასრულდა, მაგრამ როგორ შეიძლება ასეთი ისტორიების შემდეგ კონცენტრაცია საფეხბურთო შეხვედრაზე მოახდინო“, - იხსენებს ბუკი.

გასაოცარი არაა, რომ „ტორნადომ“ ინდოეთში საშინლად იასპარეზა. ტეხასელებმა 7 შეხვედრიდან მხოლოდ ერთში იმარჯვეს და სიმშვიდე შრი ლანკაში ჰპოვეს. მართალია, ეროვნულ ნაკრებთან ორჯერ დამარცხდნენ, მაგრამ სიმშვიდე ამად ნამდვილად ღირდა. შემდეგი გაჩერება ბურმა იყო. იქ მათ ბრწყინვალე დახვედრა მოუწყვეს და ერთ-ერთ საელჩოში მიიპატიჟეს, სადაც სპილოს ძვლებისგან გაკეთებული სკამები დახვდათ.

ტყვიების ზუზუნი

ბურმადან „დალასი“ სინგაპურში წავიდა, რომელიც მაშინ თანამედროვე სინგაპურს ნამდვილად არ ჰგავდა. ხალხის დიდი ნაწილი კომუნიზმის მიმდევარი იყო და ამერიკელებს თბილი დახვედრა არ ჰქონიათ. დაპირისპირებამ პიკს საფეხბურთო მოედანზე მიაღწია, სადაც 50000 მაყურებელი ფეხბურთელებს შეურაცხყოფას აყენებდა და ასეთ ფრაზებს სკანდირებდა: „სახლში წადით იანკებო“! „კენედის მკვლელებო“! „ტორნადოს“ ფეხბურთელებს კუთხურის ალმებით მისდევდნენ და მათ თავშესაფარი გასახდელში ჰპოვეს, მატჩი გადაიდო, მაგრამ კოშმარი ამით არ დასრულებულა.

„გასახდელში ვისხედით და პოლიციას ველოდებოდით, რათა სტადიონიდან უსაფრთხოთ გავსულიყავით, ხალხი გარეთ იყო შეჯგუფებული და ერთი სული ჰქონდათ როდის გავიდოდით. საშინელი მომენტი იყო“, - ამბობს ბუკი.

მეორე დღეს დაგეგმილი შეხვედრაც გადაიდო და ასეთი ამბების შემდეგ, დასვენება და სიმშვიდის მოპოვება საუკეთესო ვარიანტია, თუმცა გუნდი ომით გაყოფილ ვიეტნამში გაემგზავრა...

„როცა თვითმფრინავი დასაჯდომად ემზადებოდა, პილოტი გამოვიდა გვითხრა: „თუ გარეთ კვამლის ბომბებს დაინახავთ, ე.ი მტერი გვესვრის. გამომდინარე აქედან, ვეცდებით მაქსიმალურად მაღლა ვიფრინოთ, სწრაფად დავეშვათ და საფრთხე თავიდან ავირიდოთ“... ერთმანეთს გადავხედეთ და ვუთხარით: „ჯანდაბა! ამის დედაც! ომში ვართ“, - იხსენებს ბუკი.

ყველაფერი სიმართლე აღმოჩნდა დაშვებისთანავე ფეხბურთელებს გარდაცვლილი ადამიანებისთვის განკუთვნილი ტომარები დახვდათ... უსაფრთხოების გამო მათი ამერიკის საელჩოში გადაყვანა გახდა საჭირო. „დალასი“ პატარ-პატარა ჯგუფებად დაყვეს, რათა ადგილობრივების ყურადღების ცენტრში არ მოქცეულიყვნენ და მათი თავდასხმის ობიექტები არ გამხდარიყვნენ.

„მახსოვს, მე და პერ ლარსონი სამხედრო ჰოსპიტალში მივედით  და იქ საშინელი სურათი დაგვხვდა. ამერიკელი ჯარისკაცები ურთულესი დაზიანებებით შემოდიოდნენ. ერთ-ერთ მათგანს ყოველგვარი გამაყუჩებლის გარეშე იდაყვი გაუჭრეს და იქიდან ტყვია ამოუღეს... ირგვლივ კვნესა ისმოდა და ჩემ გვერდით პერი იდგა, რომელსაც ფეხბურთის თამაშისას მხარი ამოუვარდა და იქ მის სამკურნალოდ იყო მისული“, - ამბობს ბუკი.

გუნდს დასვენების დღე მისცეს. ფეხბურთელებმა კი დრო ამერიკელ ჯარისკაცებთან ერთად გაატარეს და მათგან საშინელი და ამავდროულად საინტერესო ისტორიები მოისმინეს. „დალასმა“ ვიეტნამისა და საიგონის წინააღმდეგ ფრე ითამაშა და მატჩები ტყვიების ზუზუნის და აფეთქებების საზარელი ხმის ფონზე მიმდინარეობდა...

ვიეტნამიდან „დალასი“ ტაივანში და შემდეგ იაპონიაში გაემგზავრა, რასაც ავსტრალიაში და ახალ ზელანდიაში ჩატარებული შეხვედრები მოჰყვა. ირანის, პაკისტანის, ინდოეთის და ვიეტნამის შემდეგ სიდნეი ნამდვილი სამოთხე იყო.

ავსტრალიაში გამართულ 9 დაპირისპირებას შეერთებულ შტატებში დასაბრუნებლად 24-საათიანი დამღლელი ფრენა მოჰყვა. „ტორნადოს“ აეროპორტში გულშემატკივრები დახვდნენ და მიუხედავად საშინელი შედეგისა, (10 მოგება, 9 ფრე, 26 წაგება), ფეხბურთელები თავს მშვენივრად გრძნობდნენ.

სამწუხაროდ თუ საბედნიეროდ მათ წინ კიდევ ერთი, „მინი-ტურნე“ ელოდათ. წინა ტურნესგან განსხვავებით, კოსტა რიკა, ჰონდურასი, გუატემალა და პუერტო რიკო კატასტროფა ნამდვილად არ გახლდათ, თუმცა „დალასი“ იმედანად გადაღლილი და განადგურებული იყო, რომ არავის გაჰკვირვებია, გამარჯვების გარეშე რომ დაბრუნდა...

გაზიარება: