სუარესი:
Aa
Aa

სუარესი: "არის რაღაცები, რის შესახებაც ხალხმა არ იცის...ძალიან ნაწყენი ვარ"

სანაკრებო პაუზისას ურუგვაიში მყოფმა ლუის სუარესმა ESPN-თან საუბრისას „ბარსელონადან“ გაშვების მიზეზებზე შესახებ ისაუბრა და აღნიშნა, რომ კლუბზე ძალიან ნაწყენია.

„ელ პისტოლერომ“ ამ თემაზე საჯაროდ და გულახდილად პირველად ისაუბრა:

„ყოველთვის ვამბობდი, რომ გუნდს ახალგაზრდა ფორვარდი სჭირდებოდა, თუმცა მათ ისეთი არავინ მოუყვანიათ, ვინც კონკურენციას გამიწევდა.

ძალიან ნაწყენი ვარ იმის გამო, როგორც მომექცნენ. ჩემთან კუმანი მოვიდა და მითხრა, რომ მის გეგმებში არ შევდიოდი და ჩემზე დაყრდნობას არ გეგმავდა. შემდეგ, კლუბის ხელმძღვანელობამ მითხრა, რომ „ბარსელონაში“ ჩემი მომავალი ბუნდოვანი იყო.

ჩემი ვაჟი აქაურობას საკუთარ სახლად თვლიდა. მას ბარსელონა და მესი უყვარს. წარმოგიდგენიათ, თუ რამდენად რთული იყო მისთვის იმის თქმა, რომ ქალაქი უნდა დაგვეტოვებინა. ჩემი ოჯახისთვის ეს ძალიან რთული მომენტი გახლდათ.

არის რაღაცები, რის შესახებაც ხალხმა არ იცის. ვარჯიშზე მისვლა და შემდეგ, როცა 11-11-ზე სპარინგს ვიწყებდით, მე მეუბნებოდნენ, რომ განზე გავმდგარიყავი. ძალიან მძიმეა, როცა ასეთ დროს შემადგენლობაში ვერ ხვდები.

მესი? სხვა გუნდის რიგებში მისი ხილვის შანსი არსებობს, მაგრამ თუ ლეო თავს კომფორტულად და ბედნიერად იგრძნობს, თუ კლუბის სათავეში ახალი ხელმძღვანელობა მოვა, შეიძლება ის დარჩეს.

მე და მესის ახლო ურთიერთობა გვქონდა, ჩვენი ოჯახები ერთმანეთთან მეგობრობდნენ. შესაძლოა კლუბს აღიზიანებდა, რომ ჩვენ ასეთი კარგი ურთიერთობა გვქონდა და ჩემი მასთან ყოფნა ამიტომაც არ სურდათ. გუნდიდან ჩემი გაშვების სხვა მიზეზს უბრალოდ ვერ ვხედავ.

„რეალი“? ჩემი ოცნება ბავშვბიდან ბარსელონაში თამაში იყო. ბარსას წინააღმდეგ გატანილ გოლს არ აღვნიშნავ“.

„ბარსელონაში“ სუარესის გაშვების მთავარ მიზეზად ფინანსურ კრიზისს ასახელებენ. კლუბმა სახელფასო ჭერი ხელოვნურად დაწია და მაღალანაზღაურებადი მოთამაშეები გაყიდა.

რონალდ კუმანს ლუის სუარესის სანაცვლოდ მემფის დეპაის შეძენა სურდა, თუმცა კლუბმა ამ ამოცანას ფინანსურად თავი ვერ გაართვა. მიზეზად კი ლა ლიგის წესები და გადაჭარბებული სახელფასო ბიუჯეტი დაასახელეს, რომელიც ყველანაირი გამოთვლით მწყობრში იყო. საბოლოოდ, „ბარსა“ ფორვარდის გარეშე დარჩა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები