ბარსამ ტრანსფერებში მილიარდამდე დახარჯა - 5 წელი ევროპული ტრიუმფის გარეშე
Aa
Aa

ბარსამ ტრანსფერებში მილიარდამდე დახარჯა - 5 წელი ევროპული ტრიუმფის გარეშე

კატალონიის ''ბარსელონას'' 2014-15 წლების სეზონის შემდეგ ჩემპიონთა ლიგა არ მოუგია, თუმცა ესპანურმა გრანდმა უკანასკნელი ხუთი წლის განმავლობაში სატრანსფერო ბაზარზე 965 მილიონი ევრო დახარჯა, რაც ძალიან შთამბეჭდავი ფინანსური დანახარჯია.

ჩემპიონთა ლიგის 2019-20 წლების სეზონის მეოთხედფინალში მიუნხენის ''ბაიერნმა'' კატალონიური გუნდი 8:2 გაანადგურა. ამ მარცხის შემდეგ ხერარდ პიკემ მედიასთან საუბარში აღიარა, რომ კლუბში დიდი სტრუქტურული ცვლილებების დრო იყო. ცხადია, როცა 965 მილიონი ტრანსფერებში იხარჯება და კლუბი მთავარი ევროპული ტურნირის მოგებას ვერ ახერხებს, კადრების შერჩევის კუთხით გუნდში დიდი შეცდომებია დაშვებული. მით უმეტეს, რომ კლუბში მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელი ლეო მესი თამაშობს.

2015 წლიდან მოყოლებული დღემდე ''ბარსელონამ'' ყველაზე დიდი თანხა ფილიპე კოუტინიოს ტრანსფერისთვის გაიღო. 2018 წელს ბრაზილიელი ''ლივერპულიდან'' 145 მილიონი ევროს სანაცვლოდ გადავიდა, თუმცა ამჟამად სამხრეთამერიკელი იჯარით ''ბაიერნში'' თამაშობს და ''ბარსელონას'' ძლევაში მონაწილეობდა.

კოუტინიოს შემდეგ მეორე ადგილზე უსმან დემბელეა, რომლის სანაცვლოდ 2017 წელს ''დორტმუნდმა'' 138 მილიონი ევრო მიიღო. მას ანტუან გრიზმანი მოჰყვება, რომელიც მადრიდის ''ატლეტიკომ'' 120 მილიონ ევროდ გაყიდა. მეოთხე ადგილზე ფრენკი დე იონგია. 2019 წელს ''აიაქსმა'' დე იონგის სანაცვლოდ 72 მილიონი ევრო გამოიმუშავა. ხუთეულშია მალკომი, რომელიც 2018 წელს ''ბორდომ'' ''ბარსაში'' 41 მილიონ ევროდ გაყიდა.

2015 წლიდან მოყოლებული ''ბარსელონამ'' 25 ტრანსფერი განახორციელა. მათგან დღეს ''ბარსელონას'' მაისურით მხოლოდ 8 ფეხბურთელი ასპარეზობს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები