Aa
Aa

დონეცკური სპექტაკლი - შახტარმა ბაზელი გაანადგურა და 1/2 ფინალში ინტერს შეხვდება

ფეხბურთის გულშემატკივარს შესანიშნავი სანახაობა შესთავაზა დონეცკის „შახტარმა“. ლუიშ კასტროს გუნდმა შვეიცარიული „ბაზელი“ ყველა ასპექტში დაჯაბნა და ლამაზ სტილში - 4:1 მოუგო.

უკრაინელებმა პირველი გოლი მე-2 წუთზე შეაგდეს - მარლოსის პასით თავი ჟუნიორ მორაეშმა გამოიჩინა. მორაეშმა ევროპა ლიგის ბოლო 3 მატჩში 4 გოლი გაიტანა, ჯამში მიმდინარე სეზონში კი უკვე 25 გოლი მოაგროვა.

მარლოსმა კიდევ ერთი საგოლე პასი მიითვალა 22-ე წუთზე, როცა ტაისონს დაუგორა და ბურთი კარში რიკოშეტის შემდეგ შევარდა. ორბურთიანმა უპირატესობამ „შახტარი“ უფრო მეტად თავისუფლად და თავდაჯერებულად აათამაშა. ტაისონმა კი თავის უკრაინულ კარიერაში საუკეთესო შედეგი დააფიქსირა და სეზონში 11 გოლი პირველად შეაგდო.

მეორე ტაიმში იყო მომენტი, როცა 2:0-ზე „ბაზელი“ პენალტს ითხოვდა და ხელით თამაშიც აშკარა გახლდათ, მაგრამ მაიკლ ოლივერმა თერთმეტმეტრიანი არ დანიშნა. ამ ეპიზოდიდან მალევე პენალტი საპირისპირო კარში დაინიშნა, ის ზუსტად ალან პატრიკმა დაარტყა, რასაც რამდენიმე წუთში დოდოს გოლი და ტაბლოზე 4:0-ის აციმციმება მოჰყვა. ერთადერთი, რაც „ბაზელმა“ მოახერხა დამატებულ წუთებზე ვან ვოლფსვინკელის გოლი და საბოლოო ანგარიშის დაფიქსირება იყო.

„შახტარი“ ევროპა ლიგის 1/2 ფინალში 2016 წლის შემდეგ პირველად ითამაშებს, მაშინ გუნდი მომავალ ჩემპიონ „სევილიასთან“ დამარცხდა. დონეცკელები ფინალში გასასვლელად ამჯერად მილანის „ინტერთან“ იბრძოლებენ. თამაში 17 აგვისტოს, დიუსელდორფში გაიმართება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები