Aa
Aa

34-ე ჩემპიონობა! - შეფასებები და ემოციები მატჩის შემდეგ

მადრიდის „რეალი“ ესპანეთის ჩემპიონატის გამარჯვებული ისტორიაში 34-ედ გახდა. „სამეფო კლუბი“ პირველია, რომელმაც ბოლო 8 დეკადიდან თითოეულში ეს ტიტული მოიპოვა. ზინედინ ზიდანმა და მისმა ფეხბურთელებმა ამ წარმატების შემდეგ ემოციები პრესას გაუზიარეს.

ზინედინ ზიდანი: „ეს უზარმაზარი და უწყვეტი ბრძოლაა. ჩემპიონატში 38 თამაშია და ბოლოს შეგიძლია შეიგრძნო ისეთი მშვენიერება, როგორი გრძნობაც ახლა ჩვენ გვაქვს. მადლობას ვუხდი ჩემს ფეხბურთელებს, უპირველეს ყოვლისა ისინი არიან, ვინც მოედანზე იბრძვიან. მე ჩემი როლი მაქვს და მათთან ვარ, მაგრამ ყველაფერი მაინც გუნდურობის შედეგია. იღბლიანი ვარ, რადგან უდიდეს კლუბში ამ ბრწყინვალე ფეხბურთელებთან ერთად მუშაობა მიწევს. 10 თამაშიდან 10 მოგება კი, უდავოდ, დიდებული შედეგია. მადლობა გულშემატკივრებს, რომლებიც გვერდით ყველაზე რთულ მომენტებშიც გვედგნენ. ლა ლიგის მოგება ძალიან რთულია, შესაბამისად, ეს უდიდესი მიღწევა და წარმოუდგენელი ემოციებია“.

 სერხიო რამოსი: „ეს ჩვენი შრომის, საქმისადმი ვნებისა და დაბალანსებული მიდგომის შედეგია. როცა რაღაცისკენ სწორი გზით მიდიხარ, საბოლოოდ ასეთ ჯილდოს იღებ. ეს განსხვავებული ტიპის სეზონი იყო. პანდემიის შემდეგ ყველა ჩვენგანს ბოლომდე გათავისებული ჰქონდა, რომ ყველა თამაში უნდა მოგვეგო და ტიტულის მოპოვების შანსიც გვექნებოდა“.

ტიბო კურტუა: „კმაყოფილი ვარ. ამ კლუბთან ერთად ლა ლიგის მოგება ოცნების ასრულებაა, ზედიზედ 10 მატჩის მოგება კი - შესანიშნავი შეგრძნება. წარმატების მთავარი საიდუმლო დაცვის ხაზშია. თუკი 5 გოლი გაგაქვს, შეგიძლია, 2 გაუშვა, მაგრამ პანდემიის შემდეგ ჩვენ ძალიან ცოტა გოლი გავუშვით და უკანა ხაზში ასეთი სოლიდური თამაში უმნიშვნელოვანესი იყო. ჩვენ ვუტევდით 11 კაცით და კარსაც ამდენივე ჩვენგანი იცავდა“.

მარკო ასენსიო: „ამ კლუბთან ერთად ლა ლიგის კიდევ ერთხელ მოგებით ბედნიერი ვარ. ურთულესი შრომისა და შიდა სამზარეულოში გადალახული სირთულეების შედეგად ჩვენ ტიტული მოვიპოვეთ. ზედიზედ 10 მატჩი მოვიგეთ და ბედნიერი ვარ, რომ შევძელი, ლა ლიგის ამ სეზონში მონაწილეობა მიმეღო და მადრიდისტებისთვის კიდევ ერთი ტიტულის მოტანაში ჩემი წვლილი შემეტანა“.

ზიდანის შეგირდებმა ჩემპიონობა „ვილიარეალთან“ 2:1 გამარჯვების შემდეგ გაინაღდეს. ორივე გოლი კარიმ ბენზემას ანგარიშზეა, რომელმაც მადრიდულ კარიერაში ჩემპიონატის ზედიზედ ორ სეზონში 20 ან მეტი ბურთი პირველად გაიტანა.

„ბლანკოსმა“, რომელმაც 21-ე საუკუნეში ჩემპიონატი მეშვიდედ მოიგო, ლა ლიგის ჩემპიონობა 2016-17 წლების სეზონის შემდეგ პირველად იზეიმა. გუნდი მაშინაც ზინედინ ზიდანმა გააჩემპიონა. ფრანგმა სპეციალისტმა „სამეფო კლუბთან“ ერთად მე-11 ტიტული მოიპოვა და ჩამორჩება მხოლოდ მიგელ მუნიოსს, რომელმაც „თეთრებს“ 14 ტიტული მოაგებინა.

მადრიდული გრანდი ლა ლიგის მიმდინარე სეზონს „ლეგანესთან“ გასვლითი მატჩით დაასრულებს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები