Aa
Aa

"მექსიკელი მესი" - ლუკა რომერომ ლა ლიგის ყველა დროის რეკორდი დაამყარა

მადრიდის „რეალისა“ და „მალიორკას“ მატჩისას ლა ლიგის ყველა დროის რეკორდი დამყარდა. მალიორკელთა ფეხბურთელმა ლუკა რომერომ 1939 წელს დამყარებული მაჩვენებელი გააუმჯობესა და ესპანეთის ჩემპიონატის ისტორიაში შევიდა.

რომერო „სამეფო კლუბთან“ გუშინდელი შეხვედრისას მოედანზე 84-ე წუთზე გამოჩნდა, რა დროსაც იგი 15 წლისა და 219 დღის გახლდათ, ეს კი ესპანეთის უმაღლესი დივიზიონის ახალი რეკორდია.

ლა ლიგის ყველაზე ახალგაზრდა ფეხბურთელი აქამდე „სელტას“ მოთამაშე სანსონი იყო, რომელმაც 1939 წელს, პრიმერას ერთ-ერთ მატჩში 15 წლისა და 255 დღის ასაკში ითამაშა, რომერომ სწორედ მისი შედეგი გააუმჯობესა.

ლუკა რომერო არგენტინელი შემტევი ნახევარმცველია და „მალიორკას“ საფეხბურთო სკოლაში 10 წლის ასაკში ჩაირიცხა. მას შემდეგ ბალეარის კუნძულელთა სხვადასხვა ასაკობრივი გუნდების მაისურით ჩატარებულ 108 ოფიციალურ მატჩში 230 გოლი აქვს გატანილი.

იგი არგენტინის 15-წლამდელთა ნაკრების რეგულარული წევრია, მარტში კი უკვე 17-წლამდელთა გუნდში იყო გამოძახებული, თუმცა დაგეგმიილი ტურნირი Covid-19-ის პანდემიის გამო გაუქმდა.

მიუხედავად არგენტინის მოქალაქეობისა, დაბადების ადგილის გამო რომეროს „მექსიკელ მესის“ უწოდებენ. მისი კუმირი სწორედ „ბარსას“ კაპიტანია, ოცნება კი არგენტინის ეროვნული ნაკრების მაისურის მორგება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები