Aa
Aa

ჰალეპი მხოლოდ ევროპაში ითამაშებს - US Open-ს კიდევ ერთი ვარსკვლავი გამოაკლდა

სპეციალისტები ვარაუდობენ, რომ წლევანდელ ამერიკის ღია პირველობაზე რამდენიმე დიდ ჩოგბურთელს ვერ ვიხილავთ, რადგან ისინი ტურნირზე თამაშზე უარს თავად იტყვიან.

მათი ეს მოსაზრება სიმონა ჰალეპის გუშინდელმა გადაწყვეტილებამ გაამყარა. ჰალეპი პირველია, რომელმაც US Open-ზე თამაში პირადი სურვილის გამო იუარა.

რუმინელი ვარსკვლავი გეგმავს, რომ 2020 წლის სეზონის ბოლომდე მხოლოდ ევროპაში გასამართ ტურნირებში ითამაშოს. შესაბამისად, ამერიკის გარდა, არც აზიურ ტურნირებზე იასპარეზებს.

ჰალეპმა პანდემიისას გაკეთებული განცხადებებისას არაერთხელ აღნიშნა, რომ ვირუსს სერიოზული ყურადღებით ეკიდება, რადგან მისი ეშინია და ყველა წესის დაცვასთან ერთად, სახლიდანაც გარეთ პრაქტიკულად არ გასულა. გავიხსენოთ ისიც, რომ სიმონამ 2016 წლის რიოს ოლიმპიური თამაშებიდან განაცხადი მაშინ ბრაზილიაში გამეფებულ ვირუს ზიკას გამო მოხსნა.

წლევანდელი US Open-ის კიდევ ერთი დიდი დანაკარგი როჯერ ფედერერია, რომელიც მუხლზე ოპერაციას გაიკეთებს და კორტზე მომდევნო სეზონამდე ვეღარ ვიხილავთ.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები