„მინდოდა მისთვის სახეზე მეკბინა“ - რატომ გადაიფიქრა ჰოლიფილდმა შურისძიება?
Aa
Aa

„მინდოდა მისთვის სახეზე მეკბინა“ - რატომ გადაიფიქრა ჰოლიფილდმა შურისძიება?

ევანდერ ჰოლიფილდმა BBC-სთან საუბრისას მაიკ ტაისონის წინააღმდეგ გამართული ბრძოლა და „რკინის მაიკის“ სკანდალურად ცნობილი საქციელი გაიხსენა. ჰოლიფილდის მიხედვით, მან იცოდა, რომ მისი მეტოქე ბინძურ ილეთებს გამოიყენებდა, მაგრამ ვერ წარმოედგინა, რომ საქმე კბენამდე მივიდოდა.

„უცნაურია, მაგრამ ბრძოლის წინ წინასწარმეტყველმა მითხრა, რომ მაიკი ჩემ წინააღმდეგ რაღაც ცუდს მოიმოქმედებდა და გამაფრთხილა, რომ ასეთ მომენტში უფალზე მეფიქრა, რათა მისი ბინძური ხრიკების შემდეგ, კონცენტრაცია არ დამეკარგა.

ტაისონი იდაყვებითა და მხრებით მირტყამდა, მაგრამ ეს კრივის განუყოფელი ნაწილია. სამაგიეროდ ყურზე კბენა კრივის ნაწილი ნამდვილად არაა და მისმა გამოხტომამ ძალიან, ძალიან, ძალიან გამაბრაზა. მან მიზანს თითქმის მიაღწია და კინაღამ კონცენტრაცია დავკარგე, რადგან საპასუხოდ მისთვის სახეზე კბენა მომინდა.

წინასწარმეტყველის მიერ ნათქვამი ფრაზები ბრძოლამდე ჩემი გუნდის წევრებს გავუზიარე და ვუთხარი: „თუ მაიკი ბრძოლისას რაღაც ცუდს გააკეთებს, წინასწარმეტყველის სიტყვები გამახსენეთ“. ტაისონის გამოხტომის შემდეგ, მხოლოდ სამაგიეროს გადახდაზე ვფიქრობდი და მინდოდა მისთვის სახეზე მეკბინა, მაგრამ ჩემი გუნდის წევრები მიმეორებდნენ: „უფალზე იფიქრე! არ დაივიწყო წინასწარმეტყველმა რა გითხრა!“.

არ მინდოდა წინასწარმეტყველის სიტყვები გამეხსენებინა, რადგან ჩემი მიზანი სამაგიეროს გადახდა იყო. მსურდა ტაისონისთვის სახეზე მეკბინა და გაეგო, რომ ძალიან გაბრაზებული ვიყავი. თუმცა უეცრად ბებიაჩემის სიტყვები გამახსენდა: „შურისძიება ღმერთს მიანდე“. ამაზე დავფიქრდი და ჩემი თავი დავარწმუნე, რომ ტაისონისთვის არ უნდა მეკბინა.

მახსოვს, ერთ დღეს, მე და მაიკი ინტერვიუს ჩასაწერად მიგვიწვიეს და მაშინ ვუთხარი: „იცი, რომ მზად ვიყავი შენთვის ლოყაზე მეკბინა?!“. მაიკს გაუკვირდა და მკითხა ნამდვილად ვაპირებდი თუ არა ამის გაკეთებას, რაზეც დადებითი პასუხი გავეცი და ვუთხარი, რომ აზრი ბებიაჩემის სიტყვებმა შემაცვლევინა.

ვთვლი, რომ ბებიაჩემის სიტყვებმა მთელი ჩემი ცხოვრება შეცვალა. წარმოიდგინეთ, რა მოხდებოდა ბრძოლის დასრულების მიზეზი ასეთი რამ რომ გამხდარიყო - მსოფლიოს ორმა საუკეთესო მოკრივემ ერთმანეთს უკბინეს“.

შეგახსენებთ, რომ ჰოლიფილდს 2011 წლის შემდეგ არ უჩხუბია. ბოლოს იგი დანიელ მოკრივეს, ბრიან ნილსენს დაუპირისპირდა და მეტოქე ტექნიკური ნოკაუტით დაამარცხა. ევანდერს კარიერაში 57 ბრძოლა აქვს გამართული და სასურველ შედეგს 44-ჯერ მიაღწია, 10-ჯერ კი რინგი დამარცხებულმა დატოვა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები