Aa
Aa

ბენფიკას ქომაგებმა კლუბის ავტობუსს ქვები დაუშინეს - ორი ფეხბურთელი საავადმყოფოში გადაიყვანეს

პორტუგალიაში კორონავირუსის პანდემიის გამო შეწყვეტილი საფეხბურთო სეზონი განახლდა და გუშინ თავისი შეხვედრა „ბენფიკამ“ გამართა. „არწივებმა“ „პორტუს“ მარცხით ვერ ისარგებლეს და საკუთარ კედლებში „ტონდელას“ წინააღმდეგობა ვერ დაძლიეს, რამაც ლისაბონური კლუბის გულშემატკივრები განარისხა.

„ბენფიკას“ ქომაგებმა მატჩის შემდეგ, გუნდის ავტობუსს, რომელსაც ფეხბურთელები გადაჰყავდა, ქვები დაუშინეს. მათ ავტობუსის ფანჯრები ჩაამტვრიეს, რის გამოც „არწივების“ ორი მოთამაშე საავადმყოფოში მოხვდა.

A Bola-ს ინფორმაციით, იულიან ვაიგლსა და ანდრია ზივკოვიჩს შუშის ნამსხვრევები სახეში მოხვდათ. მათ პირველადი დახმარება „ბენფიკას“ საწვრთნელ ბაზაზე აღმოუჩინეს, შემდეგ კი, ჰოსპიტალში გადაიყვანეს.

„არწივებმა“ მომხდართან დაკავშირებით ოფიციალური განცხადება გაავრცელეს და გულშემატკივრების საქციელი დაგმეს. „გარანტიას ვიძლევით, რომ სამართალდამცველებთან ვითანამშრომლებთ და ყველაფერს გავაკეთებთ, რათა დამნაშავეების იდენტიფიცირება მოხდეს. კლუბი ფეხბურთელთა ავტობუსისთვის ქვების დაშენის ფაქტს კატეგორიულად გმობს“.

„ბენფიკასა“ და „ტონდელას“ მატჩი ფრედ, 0-0 დასრულდა. ლისაბონურ კლუბს 25 ტურის შემდეგ, 60 ქულა აქვს და „პორტუსთან“ ერთად სატურნირო ცხრილს ლიდერობს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები