Aa Aa
15 მაისი 2020  |  10:49

აღმოსავლეთ ევროპის ჩემპიონატი - ბასილაშვილი ბელგრადში ითამაშებს

სერბეთის დედაქალაქ ბელგრადში, 15 ივნისიდან საჩოგბურთო ტურნირი დაიწყება, რომელსაც აღმოსავლეთ ევროპის ჩემპიონატი ეწოდება და საგამოფენო ხასიათი ექნება.

გათამაშება ვეტერანი ჩოგბურთელის, იანკო ტიპსარევიჩის ორგანიზებულია და მისსავე აკადემიაში ჩატარდება. ტურნირზე ნიკა ბასილაშვილიც მიიწვიეს და როგორც ტიპსარევიჩის „ინსტაგრამიდან“ ვიგებთ, ქართველმა თანხმობა უკვე განაცხადა და ბელგრადის კორტებზე ითამაშებს.

ტიპსარევიჩი ასევე აანონსებს, რომ ბასილაშვილის გარდა, გათამაშებაში მონაწილეობას დუშან ლაიოვიჩი, დამირ ჯუმჰური, დალილა იაკუპოვიჩი, დანკა კოვინიჩი, მატრიცია მარია ტიგი, ვიქტორ ტროიცკი და დიმიტარ კუზმანოვი მიიღებენ. სავარაუდოდ, განაცხადს კიდევ რამდენიმე ცნობილი მოთამაშე დაემატება.

ჯერჯერობით მხოლოდ ის ვიცით, რომ ტურნირი 15 ივნისს უნდა დაიწყოს, ფორმატი და დამატებითი დეტალები კი უახლოეს პერიოდში გამოცხადდება.

შეგახსენებთ იმასაც, რომ პატრიკ მურატოღლუს ორგანიზებით, დაახლოებით ამავე ტიპის ტურნირი ივნისის დასაწყისიდან აშშ-შიც იგეგმება.

გაზიარება:

მსგავსი სიახლეები