Aa Aa

17 წლის პელე, მუნდიალი და ბრაზილიის ნაკრების ფსიქოლოგის თეორია

„პელე ჩამოყალიბებული ადამიანი არაა და წარმატების მისაღწევად საჭირო მებრძოლი სული არ აქვს“. ასე დაახასიათა ბრაზილიის ნაკრების ფსიქოლოგმა, ჟოაუ კარვალაეშმა, 17 წლის თავდამსხმელი, რომელსაც „სანტოსის“ რიგებში ერთ შეხვერაში საშუალოდ ერთი გოლი გაჰქონდა.

კარვალაეშის დახასიათებამ პელეს ძირითად შემადგენლობაში მოხვედრის შანსები ერთიორად შეამცირა. ფსიქოლოგის ვერდიქტმა ფეხბურთელზეც იმოქმედა, როგორც თავად პელე ამბობს, ის 17 წლის უბრალო შავკანიანი ბიჭი იყო, რომელსაც ტრავმა აწუხებდა და ფორმაში ჩასადგომად მაქსიმუმს აკეთებდა. „ფეხბურთის მეფის“ ბედი გუნდის მთავარ მწვრთნელზე, ვისენტე ფეოლაზე იყო დამოკიდებული. წავიდოდა თუ არა ეს უკანასკნელი ფსიქოლოგის წინააღმდეგ არავინ იცოდა...

პელე 1950 წელს მუნდიალზე ურუგვაისთან განცდილ ფიასკოს „ომის დასასრულს“ უწოდებს! ომი, რომელშიც ბრაზილია სასტიკად დამარცხდა და თან სერიოზული დანაკარგები განიცადა. წარსულის ამ შავი ლაქის მოცილების ერთადერთი გზა 1958 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე გამარჯვება იყო.

ბრაზილიის ფეხბურთის ფედერაციის ახლად არჩეული პრეზიდენტი, ჟოაო ჰაველანჟი მუნდიალზე ტრიუმფისთვის ყველაფერს აკეთებდა და ეროვნული გუნდის კონტროლსაც არ ერიდებოდა. ჰაველანჟის ტექნიკურმა კომისიამ ფეხბერთელებს მთელი რიგი ფიზიკური და ფსიქოლოგიური ტესტები ჩაუტარა, რის შემდეგაც დადგინდა, რომ მათი უმრავლესობა მალნუტრიციით, ანემიით ან სიფილისით იტანჯებოდა. კარვალაეშს გუნდის მენტალურ სტაბილურობაზე ზრუნვა დაეკისრა. მან დაასკვნა, რომ კანის ღია ფერის მქონე ფეხბურთელები ფსიქოლოგიურად უფრო გაწონასწორებულები იყვნენ, ხოლო ფაველებიდან წამოსული გარინჩა მენტალურად მზად არ იყო ბრაზილიის ნაკრების მაისური მოერგო.

კვლევის პროცესში გარინჩას საკმაოდ საინტერესო ექსპერიმენტი ჩაუტარეს. მას იმის დახატვა სთხოვეს, რაც თავში პირველი მოუვიდოდა. ბრაზილიელმა ლეგენდამ წრე დახატა, ფსიქოლოგებმა ივარაუდეს, რომ მზის ასოციაციას აკვირდებოდნენ და როდესაც შემტევს სურათის შესახებ ჰკითხეს, მან უპასუხა, რომ მის ნახატს მზესთან არანაირი კავშირი არ ჰქონდა და უბრალოდ „ბოტაფოგოელი" თანაგუნდელი, ქუარენტინია დახატა.

ბრაზილიამ მსოფლიო ჩემპიონატი ავსტრიასთან გამარჯვებით დაიწყო, რასაც ინგლისის ნაკრების წინააღმდეგ ნათამაშები 0-0 მოჰყვა. „სელესაოს“ ოქროს თაობის ორი ფეხბურთელი, გარინჩა და პელე სათადარიგოთა სკამთან იდგნენ და საკუთარი გუნდის თამაშს თვალს ასე ადევნებდნენ. „სამ ლომთან“ მოპოვებული ქულის შემდეგ ბრაზილიას ჯგუფური ეტაპის დასაძლევად, ბოლო ტურში სსრკ-ს დამარცხება სჭირდებოდა.

სსრკ-სთან შეხვედრის წინ გატარებული ცვლილებების შესახებ ორი ისტორიაა გავრცელებული. ერთის მიხედვით ფეხბურთელებმა ფეოლას კარვალაეშის იგნორირება და გარინჩა-პელეს დუეტის მოედანზე გაყვანა მოსთხოვეს, ხოლო მეორე ვარიანტის მიხედვით, ფეოლამ ცვლილებები თავად განახორციელა და ფსიქოლოგს ასეთი რამ უთხრა: „შენ შეიძლება ფსიქოლოგიური გადმოსახედიდან მართალი იყო, მაგრამ ფეხბურთის შესახებ არაფერი იცი“.

ჯგუფური ეტაპის ბოლო მატჩის დასაწყისს ფრანგული ფეხბურთის ლეგენდამ, გაბრიელ ჰანომ, ფეხბურთის ისტორიაში საუკეთესო სამი წუთი უწოდა.

გარინჩამ საბჭოთა კავშირის დაცვა პირველივე წუთზე გააბითურა და ბურთი ხარიხას გაარტყა. მეორე წუთზე იგივე პელემ გაიმეორა, მესამეზე კი დიდიმ სამ ოპონენტს შორის იდეალური პასი გააკეთა და ლევ იაშინის კარი ვავამ აიღო. „სელესაომ“ მეორე გოლი 74-ე წუთზე გაიტანა. სსრკ-ს კარი ისევ ვავამ დალაშქრა.

ბრაზილიამ წარმატების ფორმულა იპოვა. ფეოლას 4-2-4 სათამაშო სქემაში პელე ცენტრფორვარდის, ვავას, უკან მოქმედებდა, ხოლო თამაშის მიმდინარეობიდან გამომდინარე ზაგალოს შეტევაში ჩართვა ან უკან დახევა და ნახევარდაცვაში ბურთის მიღება ევალებოდა.

პელე იმ მსოფლიო ჩემპიონატზე ყველაზე ახალგაზრდა ფეხბურთელი იყო და მიუხედავად იმისა, რომ საოცრად ასპარეზობდა, მუხლის ტრავმის გამო, საკუთარი შესაძლებლობების მაქსიმუმს ვერ ავლენდა. ჯგუფური ეტაპის ბოლო მატჩის შემდეგ „ფეხბურთის მეფემ“ საზეიმო ცერემონია ნაადრევად დატოვა და დაიფიცა, რომ მეოთხედფინალში უკეთ იასპარეზებდა.

უელსთან შეხვედრაში პელემ ბურთი კართან ზურგით მყოფმა მიიღო, მკერდით გააჩერა, ფეხზე გაისწორა და მარცხენა დაბალ კუთხეში შეაგორა. როგორც თავად იხსენებს ეს მის კარიერაში ყველაზე დაუვიწყარი გოლი იყო. საფრანგეთის წინააღმდეგ გამართულ ნახევარფინალურ დაპირისპირებაში პელემ გამოუცდელი და ამავდროულად საოცარი მებრძოლი სულის მქონე ფეხბურთელივით ითამაშა. ფონტეინის გოლის შემდეგ, ბრაზილიის ათიანმა ბურთი აიღო, მოედნის ცენტრისკენ გაემართა და თანაგუნდელებს შესძახა: „ყველაფერი წინაა, თამაში დავიწყოთ“! „ფეხბურთის მეფემ“ ჰეთ-თრიქი შეასრულა და „სელესაოს“ ფინალის საგზური მოუტანა.

1958 წლის მუნდიალი პირველი ჩემპიონატი იყო, რომელიც სატელევიზიო ეკრანებზე გავიდა. პელეს საოცარმა თამაშმა მაყურებელთა გულები მთელი მსოფლიოს მასშტაბით დაიპყრო. ფინალური მატჩი ბრაზილიამ 5-2 მოიგო, პელემ 90-ე წუთზე მეხუთე გოლი გაიტანა და გონება დაკარგა, თანაგუნდელებმა ძლივს მოასულიერეს.

ბრაზილიამ მსოფლიო ჩემპიონატი პირველად მოიგო. პელე მსოფლიოს მწვერვალზე იმყოფებოდა. ბიჭი, რომელიც 7 წლის წინ მიწის თხილს იპარავდა, ბრაზილიელი ქომაგების კერპად იქცა.

გაზიარება: