დრო, ფული და პიარი - რატომ იყო ფეხბურთი ადრე უფრო კარგი
Aa Aa

დრო, ფული და პიარი - რატომ იყო ფეხბურთი ადრე უფრო კარგი

„უბანში“ ხშირად მოგვისმენია და შევსწრებივართ საუბარს, რომ ფეხბურთი ისეთი ვეღარ არის, როგორიც 15 და 20 წლის წინ იყო. ადრე უფრო მაგარი თამაშები იყო და ახლა ათასში ერთი, თუ გამოერევა...

ასეთ საუბარს როგორც წესი აუცილებლად მოსდევს ხოლმე ფეხბურთელების შედარება, თუ ვინ თამაშობდა მაშინ და ახლა მხოლოდ მესი და რონალდუ არიან. მთლად ასეც არ არის, თუმცა ამ ნათქვამში სიმართლის მარცვალი ნამდვილად მოიძებნება.

დღეს მინდა ფეხბურთის ევოლუციაზე გესაუბროთ. ევოლუცია ყოველთვის სწორი და სასარგებლო როდია.

ნებისმიერი რამ, თუნდაც სპორტის სახეობა, ან რაიმე სხვა - ყველაფერი დროს უწყობს ფეხს. ყოველთვის და ყველაფერში მთავარი არის დრო და შემდეგ სხვა დანარჩენი. თუ, დროს ჩამორჩები არც ისე სასარგებლო იქნები.

ფულის გავლენა და გამქრალი საშუალო ფენა

ფეხბურთში რაც სწრაფად ვითარდება, ეს არის მედიცინა. დღეს მეტი ინფორმაცია გვაქვს, სპორტული მეცნიერება და მედიცინა გაცილებით წინაა, ვიდრე 20 წლის წინ იყო. ამის მარტივი დასტური ფეხბურთელთა ასაკია. 15-20 წლის ან უფრო მეტის წინ, 30 წელს გადაცილებული ფეხბურთელის კარიერა ნელ-ნელა უკან მიდიოდა და ის ეფექტურობას კარგავდა. ბოლო წლებში კი ასე არ არის. ხშირად ვხვდებით 33, 34 და 35 წლის ფეხბურთელებს, რომლებიც 25 წლის ბიჭებს გვანან. ამის ნათელი მაგალითი არიენ რობენი, სერხიო რამოსი, დანი ალვეში და კიდევ ბევრი ფეხბურთელი იყო.

35 წლის რონალდუსა და მის შედეგებს არ შევეხები, რადგან ის მესისთან ერთად ცალკე მოვლენა და განსაკუთრებული ფენომენია.

ფიზიკურად უკეთეს მომზადებას და მომატებულ ტემპს ფეხბურთმა თავისი მსხვერპლი შესწირა და ამ შემთხვევაში ეს არის ინტელექტი, ელეგანტურობა, კრეატიული თამაშის ნაკლებობა.

ამხელა სისწრაფეზე და ამდენი დატვირთვის ფონზე ფეხბურთელს რაღაცის დათმობა უწევს და ეს სწორედ კრეატივი გახლავთ.

ყველამ კარგად იცის კრუიფის ცნობილი ფრაზა, რომ ფეხბურთი მარტივი თამაშია, თუმცა მარტივად თამაში რთულია. დღეს კი მარტივად თამაში ერთიორად გართულდა.

ფეხბურთი ყველასია. სპორტის ეს სახეობა ადამიანებს ღარიბებად და მდიდრებად არ ყოფს.

"აშშ-ში ფეხბურთი ძალიან ძვირია. ჩემი შვილები კარგ საფეხბურთო სკოლებში თამაშობდნენ და თითოეულ მათგანში ყოველთვიურად 3500 დოლარს ვიხდიდი.

მე ეს არ მომწონს, რადგან სპორტი ყველასია და თამაშის საშუალება ყველას უნდა ჰქონდეს იმიტომ, რომ ფეხბურთი მათი წარმოშობის მიუხედავად ხალხს აერთიანებს", - ეს სიტყვები ზლატან იბრაჰიმოვიჩს ეკუთვნის. იბრას დალხენილი ბავშობა არ ჰქონია და იცის ბავშვებისთვის ფეხბურთი რასაც ნიშნავს.

ფულმა ფეხბურთს დიდი ზიანი მიაყენა. სატრანსფერო ბაზარზე ფასები ძალიან გაიზარდა, რამაც ეტაპობრივად გააქრო და დაასუსტა საშუალო დონის საკმაოდ სიმპათიური და ხშირ შემთხვევაში უმაღლეს დონეზე მოთამაშე კლუბები. განადგურდა საშუალო ფენა. დარჩნენ მხოლოდ მდიდრები და მცირე შემოსავლის მქონე გუნდები.

90-იანების ბოლოს და 2000-იანი წლების დასაწყისში ისეთი გუნდები, როგორებიც „პარმა“, „ვალენსია“, „დეპორტივო“, „ლაციო“, „მონაკო“ და სხვები იყვნენ - ისინი ფეხბურთს უფრო საინტერესოს ხდიდნენ. მათ არ ჰქონდათ „რეალის“, „მილანისა“ და „მანჩესტერ იუნაიტედის“ მსგავსი შემოსავალი, თუმცა მათ დამარცხებას საკმაოდ ხშირად ახერხებდნენ და ეს სპორტის ამ სახეობას ალამაზებდა, მეტ ინტრიგასა და ინტერესს სძენდა.

დეპორტივო, რომელიც რეალს, ბარსელონას, მილანს, ბაიერნსა და მანჩესტერს სტაბილურად უგებდა ხოლმე, ამჟამად სეგუნდადივიზიონშია გავარდნილი და უკვე წლებია ფინანსურ კრიზისში იმყოფება.

ბოლო წლებში მდიდრები კიდევ უფრო გამდიდრდნენ, საშუალო დონის სიმპათიური გუნდები კი არასტაბილურ, ფინანსურად არამდგრად გუნდებად იქცნენ, რომლებიც უბრალოდ არსებობენ და ხანდახან 1-2 ლამაზი გამარჯვებით გვახსენებენ, რომ წლების წინ, ისინი ასეთ რაღაცებს სტაბილურად აკეთებდნენ. ჩვენ კი ამაზე ვსაუბრობთ და ძველ დროს ვიხსენებთ, საუბარი სწორედ ამით დავიწყე - „უბანში“ საუბრით.

ფეხბურთის ასეთი გზით განვითარებას ყველა გუნდმა ფეხი ვერ აუწყო. თუ, ადრე „ვილიარეალის“ მსგავს გუნდს იმის ფუფუნება ჰქონდა, რომ შემადგენლობაში ხუან რომან რიკელმე და დიეგო ფორლანი ჰყოლოდა, „ვალენსიას“ კი მენდიეტა და აიმარი, ახლა ასეთი რაღაცები ვეღარ ხდება. „ვილიარეალის“ ყველაზე კრეატიული და ცნობილი მოთამაშე 35 წლის სანტი კაზორლაა, ხოლო „ვალენსიას“ საშუალო დონის დანი პარეხო ჰყავს.

ყოველთვის და ყველაფერში ცუდია, როდესაც ბალანსი ირღვევა და საშუალო ფენა იკარგება. კლუბებს შორის ფინანსურმა სხვაობამ ფეხბურთს ზიანი მიაყენა და ეს ცვლილება სათამაშო სტილს პირდაპირ შეეხო. წინა პლანზე წამოიწია პრაგმატულმა ტაქტიკურმა სქემებმა, რომლის დახმარებითაც შედარებით სუსტი გუნდები ძლიერების წინააღმდეგ წარმატების მიღწევას ცდილობენ. ადრე ასე არ იყო. როდესაც „პერუჯა“ სერია ა-ში „მილანისა“ და „იუვენტუსის“ გამწარებას ახერხებდა, ეს გუნდი 7 მცველით არ გამოდიოდა, ისინი უბრალოდ ფეხბურთს თამაშობდნენ.

ადრე იშვიათი სანახავი იყო 3-5-2 სათამაშო სქემა, რომელშიც 5 მცველია და პლუს 2-3 ჩამშლელი. ამ დროს მთელი ხიბლი იკარგება, კრეატივი იჩაგრება და აქცენტი მხოლოდ შედეგზე კეთდება, ეს კი წლების მანძილზე შექმნილი უსამართლო სხვაობის ბრალია, რომელმაც ეს დიდებული თამაში ნაკლებად მიმზიდველი გახადა.

როდესაც ადამიანს, ამ შემთხვევაში კი გუნდებს კუთხეში მიიმწყვდევ და „სათამაშო დაფიდან“ მოაშორებ, ისინი უკან დაბრუნების გზას მოძებნიან და „ეს გზა“ ხშირ შემთხვევაში მისაღები არ არის ხოლმე, რადგან თავის დროზე მათი ჩამოშორებაც უსამართლოდ განხორციელდა...

ფულის გავლენა და პიარი, რომელიც უსამართლოა

დრომ და ფულმა ერთ რამეს დიდი ძალა მისცა. თუ დღეს ფულსა და ცოდნას სწორი მიმართულიებით გამოიყენებ, ისეთ შედეგს მიაღწევ, რომელსაც რეალურად არ იმსახურებ, მაგრამ საზოგადოება, მასა ამას დაიჯერებს - ამ „რაღაცას“ პიარი ეწოდება.

პიარის წარმოშობა, განმარტება, განვითარების ისტორია და არსი საზოგადოებრივ აზრზე მუშაობა და ზეგავლენა ანტიკური ხანიდან მოდის, გაჩნდა თუ არა პირველი საზოგადოება, მათთან მუშაობის მოთხოვნილებაც გაჩნდა.

21-ე საუკუნეში ფეხბურთმა პიარის გამოყენება ნელ-ნელა დაიწყო. ბევრი ისეთი ფეხბურთელი წამოიწია წინა პლანზე, რომლებიც ამდენად მაგრები ვერ იყვნენ, მაგრამ საჭირო დროს, საჭირო პიარი მიიღეს და ვარსკვლავის სტატუსი მიენიჭათ, ან უბრალოდ კარიერა აიწყვეს.

სადაც მეტი ფულია, მეტი პიარიც იქ არის, ანუ ინგლისში. პრემიერლიგას ყველაზე მეტი ფული აქვს და ყველაზე მეტად გაპიარებული ფეხბურთელებიც იქ არიან.

შორს წასვლა არ მინდა. ორ მაგალითს მოვიყვან. პირველი გარეთ ბერი გახლავთ. მან საჭირო პიარი მარტინ ო’ნილის „ასტონ ვილაში“ ასპარეზობისას მიიღო. ბირმინჰემელები ექსვეულის გუნდად ითვლებოდნენ და ეს 2007-2009 წლებში ხდებოდა.

ბერი კარგი ფეხბურთელი იყო, წინააღმდეგ შემთხვევაში მას ამ დონის კარიერა არ ექნებოდა, უბრალოდ მან საჭირო დროს სწორი პიარი მიიღო, შემდეგ „მანჩესტერ სიტიში“ აღმოჩნდა და ინგლისის ნაკრებში 53 მატჩის ჩატარებაც შეძლო.

ვინც ინგლისის პრემიერლიგის აქტიური მაყურებელია, მას კევინ ნოლანი ეცოდინება. ის ბერის თაობის წარმომადგენელია. მან კარიერის საუკეთესო წლები „ბოლტონში“, „ნიუკასლში“ და „ვესტ ჰემში“ გაატარა.

პირდაპირ გეტყვით - ბერი ნოლანზე კარგი ფეხბურთელი არასდროს ყოფილა. უბრალოდ, ნოლანს ის პიარი არ ჰქონდა, რაც მის კარიერას წინ წაწევდა. არ ვამბობ, რომ იგი ინგლისის ნაკრების უცვლელი წევრი უნდა ყოფილიყო, უბრალოდ მისი კარიერიდან გამომდინარე ნაკრებში 1 მატჩის ჩატარებას მაინც იმსახურებდა, თუმცა ყველას როდი უმართლებს.

ამ ორი ფეხბურთელის კარიერა ნათელი მაგალითია იმისა, რომ პიარს შეუძლია ყველაფერი მოგცეს. ბერიმ თავისი კარიერიდან მაქსიმუმი „გამოადნო“, ნოლანი მეტს იმსახურებდა, მაგრამ მას საკმარისად არ გაუმართლა.

თანამედროვე ფეხბურთში ყველაზე მეტად გადაფასებული ფეხბურთელი დელე ალი გახლავთ.

დელე (როგორც ზურგზე დაიწერა), როცა გამოჩნდა თავის პირველ სეზონში მართლაც ძალიან კარგი იყო და ბევრი დასამახსოვრებელი მომენტიც შექმნა, თუმცა ამის შემდეგ ეს ფეხბურთელი გაჩერდა და ყოველ მომდევნო სეზონში რეგრესს განიცდის.

მან, ის საჭირო და საკმარისი პიარი მიიღო, რომელმაც მისი კარიერა ააწყო. ახლა დელე ვარსკვლავის სტატუსით სარგებლობს, თუმცა სიტყვა ვარსკვლავმა წონა უკვე დიდი ხანია დაკარგა.

„მე მას უკვე ვესაუბრე. ვთვლი, რომ ის პოტენციურად ფანტასტიური მოთამაშეა. ახლა შევეცდები, რომ ისეთი ტაქტიკა შევიმუშავო, რომელშიც ალი თავს მაქსიმალურად წარმოაჩენს.

მე მას სწორი დინამიკა უნდა მივცე, ფიზიკურად უნდა მოვამზადო, რადგან მას სერიოზული ტრავმები ჰქონდა და ფორმაში არ იმყოფება.

ჩვენ აუცილებლად უნდა გავიაროთ ეს პროცესი, რომელიც ნამდვილ დელე ალის დაგვიბრუნებს, ისეთს როგორიც ადრე იყო“. - ეს მოურინიომ თქვა, როცა ის „ტოტენჰემის“ მთავარ მწვრთნელად დანიშნეს და „დეზებთან“ ერთად პირველი ვარჯიში ჩაატარა.

დელეს პოჩეტინომ ვერ მოუხერხა ვერაფერი და გასაკვირი არ არის, რომ ის ვერც კრიზისში მყოფმა მოურინიომ გამოაღვიძა.

გარეთ ბერის მართლა არ შეეძლო მეტი და პიარმა მისი კარიერისგან მაქსიმუმი გამოწურა, თუმცა ალის შემთხვევაში პიარმა უარყოფითად იმოქმედა.

ამ ფეხბურთელს ნიჭი მართლაც აქვს. თავის დროზე მის თამაშს, რომ სწორი და ზომიერი შეფასება მიეღო, შესაძლოა ახლა გაცილებით მაღალი დონის მოთამაშე ყოფილიყო.

დელე ალიმ კარიერის საწყის ეტაპზე ზედმეტი დაფასება მიიღო. ვარსკვლავის იარლიყი იმდენად სწრაფად მიაკრეს, რომ მისი პროგრესი შეჩერდა. თანამედროვე ფეხბურთში ასე ხშირად ხდება.

ყველა ფეხბურთელი არ არის სწორ გუნდში და სწორი მწვრთნელის ხელში, რომ რთული სიტუაციებიდან დროულად გამოვიდეს. ასე მოხდა დელეს შემთხვევაშიც.

დელე ახლა 23 წლისაა და თუ მას ძალიან არ გაუმართლა, ვგულისხმობ სწორ გუნდსა და მწვრთნელს - მისი კარიერა შეგიძლიათ უკვე დასრულებულად ჩათვალოთ.

2000-იანი წლების დასაწყისში, საშუალო დონის სიმპათიურ გუნდში ასეთი რამ გამორიცხული იყო, რომ მომხდარიყო. დღეს „ტოტენჰემიც“ ასეთ გუნდთა კატეგორიას მიეკუთვნება, თუმცა მათ ძველი „ვალენსიასა“ და „მონაკოსგან“ ფული ასხვავებს. ლონდონელებს ფინანსურად საკმაოდ კარგი შესაძლებლობები აქვთ.

ფულმა და მისმა არასწორმა გადანაწილებამ ფეხბურთს ეს პრობლემაც შეუქმნა რაზეც ზემოთ ვისაუბრე. შესაძლოა ვინმე არ დამეთანხმოს, ამაში პრობლემას ვერ ვხედავ. ეს მხოლოდ ჩემი მოსაზრებაა და მეტი არაფერი.

ეს თამაში ნელ-ნელა კრეატიულობასა და ხიბლს კარგავს. პროცესი ეტაპობრივად და ნელი, მაგრამ შესამჩნევი ტემპით მიმდინარეობს.

დასკვნა - „ფეხბურთი ადრე უფრო მაგარი იყო“

ის 1969 წელს ამსტერდამში დაიბადა. ოჯახში მე-4 შვილი იყო. პატარა ქერა თმიანი ბიჭი გაიზარდა და ხატვა შეუყვარდა, მაგრამ ფუნჯით არა, ბურთით, ხელის ნაცვლად ფეხს იყენებდა. ფულზე და ტიტულებზე დაგეშილი არასდროს ყოფილა, თამაშობდა იმისთვის და იმიტომ, რომ უბრალოდ სიამოვნებდა.

საუბარი უყვარდა, მაგრამ გუნდელებთან დიდად არა, უფრო ბურთს ესაუბრებოდა და "შუტკაც" გახსნილი ჰქონდა, შენობით მიმართავდა და რამდენიმეჯერ "შეჩემათიც" მოიხსენია...

ფრენა არ უყვარდა, კლაუსტროფობია ჰქონდა, თუმცა მოედანზე ყველანაირი პრობლემა ქრებოდა და მისთვის შეუძლებელი არაფერი იყო, მათ შორის არც ფრენა.

მისი სახელი დენის ნიკოლას მარია ბერგკამპი გახლავთ, ის “აიაქსის“ სკოლის აღზრდილია და ერთ-ერთი მათგანია, რომელმაც კარიერა იმის მტკიცებაში გაატარა, რომ ფეხბურთი სპორტის სახეობასთან ერთად ხელოვნებაც არის...

თანამედროვე ფეხბურთში მისი მსგავსი თავისუფალი მხატვრების ნაკლებობაა. ვეღარც ამსტერდამელთა სკოლა ზრდის მის მსგავს გენიოსებს.

ფულმა და ფეხბურთის ევოლუციამ გავლენა „ნარინჯისფრებზეც“ მოახდინა. ევრო 2020-ისთვის, რომელიც 2021 წლისთვის გადაიდო, ნიდერლანდელთა ნაკრებში საკმაოდ ბევრ ვარსკვლავურ გვარს ამოვიკითხავთ, თუმცა ძირითადად დაცვასა და  ნახევარდაცვაში. გუნდს შეტევაში დიდი პრობლემები აქვს და ეს შემთხვევითი სულაც არ არის. არც თაობათა ცვლის ბრალია.

„აიაქსმა“ გასულ სეზონში ის ძველი, ემოციებითა და კრეატიული მომენტებით დახუნძლული ფეხბურთი შემოგვთავაზა. სწორედ ამიტომ სურდა ყველა ნეიტრალურ გულშემატკივარს მათი ჩემპიონობა.

მიუხედავად იმისა, რომ ფეხბურთში ბევრი რამ შეიცვალა, ამსტერდამელთა სკოლა თავის სტილს არ ღალატობს.

თუ, კლუბს სწორი ხედვა აქვს და საამისოდ ფინანსური შესაძლებლობებიც აქვს, ლამაზი ფეხბურთის თამაშს დღესაც შეძლებს, თუმცა ნაკრებისთვის ამის გაკეთება ძალიან რთულია. სწორედ ეს პრობლემა აქვს ნიდერლანდებსაც. „აიაქსის“ სკოლის მიერ აღზრდილი ფეხბურთელი ყველა ჰოლანდიელი როდია და ვინც არის, მათი უმრავლესობა მცველია, ან ნახევარმცველი.

„ნარინჯისფრებს“ დღეს ისეთი ვარსკვლავები ჰყავთ, როგორებიც დე იონგი, ვან დეიკი, დე ლიხტი, ვეინალდუმი და სხვები არიან, თუმცა შეტევაში გუნდი 33 წლის დრომოჭმული რაიან ბაბელის იმედად არის...

ამ დროის განმავლობაში რაზეც ვისაუბრე, ეს ყველაფერი დასაწყისს 2002-2003 წლებიდან იღებს, როცა ფლორენტინო პერესმა „გალაქტიკოს“ შექმნა გადაწყვიტა და არანორმალურად დიდი თანხები დახარჯა. რამდენიმე წლის შემდეგ, ფეხბურთში შეიხებიც გამოჩნდნენ, რამაც ეს პროცესი დააჩქარა. დღევანდელი სატრანსფერო ბაზარი კი სრულიად უკონტროლო და ლოგიკას აცდენილია.

დიახ, ბანალური ფრაზაა, თუმცა სწორია - „ფეხბურთი ადრე უფრო მაგარი იყო“.

გაზიარება: