უმაყურებლოდ 2021 წლამდე - ბუნდესლიგა შესაძლოა მაისის დასაწყისში განახლდეს
Aa
Aa

უმაყურებლოდ 2021 წლამდე - ბუნდესლიგა შესაძლოა მაისის დასაწყისში განახლდეს

Deutsche Fußball Liga-ის აღმასრულებელი დირექტორი, კრისტიან საიფერტი აცხადებს, რომ ნაკლებად სავარაუდოა 2021 წლამდე ქომაგებს ბუნდესლიგისა და ბუნდესლიგა 2-ის ეგიდით გამართულ მატჩებზე დასწრების უფლება მისცენ.

New York Times-სთვის მიცემულ ინტერვიუში საიფერტმა აღნიშნა, რომ თუ ყველაფერი გეგმის მიხედვით წარიმართა, ბუნდესლიგა და ბუნდესლიგა 2 მაისის დასაწყისში განახლდება, სეზონი კი, ივნისის ბოლოს დასრულდება.

გერმანული ფეხბურთის მესვეურები შეხვედრებზე დაახლოებით 240 ადამიანს დაუშვებენ, რომელთა შორის ფეხბურთელები, მწვრთნელები, სამედიცინო შტაბის წევრები, სამსაჯო ბრიგადა და ის ადამიანები იქნებიან, რომლებიც პირდაპირ ტრანსლაციას უზრუნველყოფენ.

საიფერტმა სატრანსფერო ფანჯრის შესახებაც ისაუბრა და განაცხადა, რომ ზაფხულში სატრანსფერო ფანჯარა არ იარსებებს და ზოგიერთი ჩემპიონატის წარმომადგენლები მიხვდებიან, რომ ფული ციდან არ ცვივა.

შეგახსენებთ, რომ გერმანიაში შექმნილი მდგომარეობის მიუხედავად, უცხოური გამოცემები ვარაუდობენ, რომ ბუნდესლიგა ტოპ 5 ჩემპიონატიდან პირველი იქნება, რომელიც სეზონს განაახლებს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები