რუსი ოლიმპიური ჩემპიონი: „ოლიმპიადის გადადება ღვთისგან მოვლენილი სასჯელია
Aa
Aa

რუსი ოლიმპიური ჩემპიონი: „ოლიმპიადის გადადება ღვთისგან მოვლენილი სასჯელია"

რუსმა ექს-ტანმოვარჯიშემ, სვეტლანა ხორკინამ ოლიმპიური თამაშების გადადებასთან დაკავშირებით საკუთარი პოზიცია დააფიქსირა. ორგზის ოლიმპიურმა ჩემპიონმა Sport-express.ru-სთან ისაუბრა და განაცხადა, რომ ოლიმპიური თამაშების გადადება სასჯელია, რომელიც საერთაშორისო ოლიმპიურ კომიტეტს ღმერთმა რუსეთისთვის დისკვალიფიკაციის მიცემის გამო მოუვლინა.

„ვფიქრობ, ოლიმპიური თამაშები იმიტომ გადაიდო, რომ რუსეთისთვის და რუსი სპორტსმენებისთვის შეურაცხყოფის მიყენება არ შეიძლება. ტყუილად კი არაა ჩვენს ჰიმნში ფრაზა, რომ ჩვენს მიწას უფალი მფარველობს.

ასეთ რთულ პერიოდში, როცა მომაკვდინებელი ვირუსი მთელი მსოფლიოს მასშტაბით ვრცელდება, პოლიტიკური შოუს დაწყება უადგილო გახლდათ. ჩემი აზრით, ოლიმპიური თამაშების გადადება ღვთისგან მოვლენილი სასჯელია“. - აცხადებს ხორკინა.

შეგახსენებთ, რომ 24 მარტს კორონავირუსის გამო 2020 წლის ზაფხულის ოლიმპიური თამაშები ერთი წლით გადაიდო. საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტმა, თომას ბახმა იაპონიის პრემიერ-მინისტრ შინძო აბეს რჩევა გაითვალისწინა და თამაშების გადადებაზე საბოლოო თანხმობა განაცხადა.

41 წლის სვეტლანა ხორკინა ტანვარჯიშის ლეგენდაა - მან 1996 და 2000 წლებში ოლიმპიური ოქრო მოიგო, სხვადასხვა წლებში კი მსოფლიო ჩემპიონატის - 9 და ევროპის ჩემპიონატის 12 ოქროს მედალს დაეუფლა.

ცხელი ამბები