Aa
Aa

"შეიძლება, მესი და რონალდუ ბელარუსში გადმოვიდნენ... ლუკაშენკო ელოდება, რას გვიზამს ვირუსი"

ევროპის ერთადერთი ქვეყანა, რომელშიც Covid-19-ის გამო ჩემპიონატი არ შეჩერდა ბელარუსია. იმის მიუხედავად, რომ მთელი მსოფლიო საგანგებო ზომებს იღებს, პრეზიდენტმა ალექსანდრ ლუკაშენკომ ცხოვრების ჩვეულ რიტმში გაგრძელება ბრძანა. ბელარუსული ფეხბურთის ლეგენდა, ალექსანდრ ჰლები აქტუალური თემების შესახებ ბრიტანულ The Sun-ს ესაუბრა და განაცხადა, რომ მის ქვეყანაში კორონავირუსს სათანადო ყურადღებას არ აქცევენ. ასევე რამდენიმე ირონიული კომენტარიც გააკეთა.

„როცა NHL-ი გაჩერდა, ბევრი მოთამაშე რუსეთის ჩემპიონატში სათამაშოდ გადავიდა. ასე რომ, შეიძლება, ლიონელ მესი და კრიშტიანუ რონალდუ ჩვენს ჩემპიონატში გადმოვიდნენ. იცოდით ეს? ახლა ხომ მთელი მსოფლიო ბელარუსის ჩემპიონატს უყურებს.

ეს ევროპის ერთადერთი ადგილია, სადაც ფეხბურთს თამაშობენ და ამით ბელარუსი ხალხი მომავალში უფრო ბედნიერი იქნება. ჩემი თანამემამულეები ტრაქტორებზე მუშაობენ, ვირუსზე კი არავინ ლაპარაკობს. სოფლებში ტრაქტორები ყველას განკურნავს, მინდორი ამ ვირუსისგან ყველას დაიცავს.

ჩემპიონთა ლიგა და ევროპა ლიგა შეჩერდა, მაგრამ ბელარუსში ამაზე არ ფიქრობენ. შესაძლოა, რამდენიმე კვირაში ჩემპიონატი ჩვენთანაც შეწყდეს, თუმცა ისიც შესაძლებელია, რომ პრეზიდენტი ლუკაშენკო უბრალოდ ელოდება, რა შედეგებს მოიტანს ეს ვირუსი.

ყველამ კარგად იცის, რა ხდება იტალიასა და ესპანეთში. ჩვენი პრეზიდენტის ადმინისტრაციაში კი სჯერათ, რომ ამ ქვეყნებში ვითარება არც ისეთი ექსტრემალურია, როგორც ახალი ამბებიდან ჩანს. ბევრი ახალგაზრდა და სტუდენტიც ამავეს ფიქრობს, ისინი ქუჩებსა და რესტორნებში ჩვეულებრივად დადიან. მე კი ვცდილობ, ოჯახთან ერთად სახლში დავრჩე, მაგრამ როცა გარეთ გავდივარ მინიმალურ კონტაქტსაც ვერიდები. იმის ახსნა, რაც ჩვენს ქვეყანაში ხდება, ძალიან რთულია“.

ალექსანდრ ლუკაშენკოს გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა, გუიდო უესტერუელემ, „ევროპის ბოლო დიქტატორი“ უწოდა. ვირუსთან დაკავშირებით პრეზიდენტის ერთ-ერთი კომენტარი ასეთი იყო: „ბელარუს ხალხს არ აქვს ისეთივე ფიზიოლოგია, როგორიც ევროპის სხვა ქვეყნების ადამიანებს“.

დღევანდელი დილის მონაცემებით, ბელარუსში Covid-19-ით 81 ადამიანია დაინფიცირებული.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები