ელ კლასიკო, ანალიზი - მეორე ტაიმს მწვრთნელი იგებსო...
Aa Aa

ელ კლასიკო, ანალიზი - მეორე ტაიმს მწვრთნელი იგებსო...

ლა ლიგის 26-ე ტურში, სეზონში ჩემპიონატის ეგიდით გამართული მეორე „ელ კლასიკო“ ვიხილეთ, რომელიც მადრიდის „რეალმა“ სრულიად დამსახურებულად მოიგო.

ამ მატჩმა რამდენიმე მნიშვნელოვანი დეტალი დაგვანახა, რომლებიც ვფიქრობ ფეხბურთის გულშემატკივართათვის საინტერესო იქნება.

დავიწყოთ იქედან, რომ ორივე გუნდმა უამრავი შეცდომა დაუშვა და მსგავსი თამაში სტატუსიდან გამომდინარე არც „რეალს“ და არც „ბარსას“ არ ეკადრებათ. აშკარაა, რომ ჩემპიონთა ლიგის მიმდინარე გათამაშებაში მათი ფავორიტთა შორის მოხსენიება საკმაოდ რთულია.

შემადგენლობები, სქემა და პირველი ტაიმის მოვლენები

როგორც მოსალოდნელი იყო, ორივე მწვრთნელმა 4 ნახევარმცველი გამოიყენა და აქცენტი მოედნის ცენტრის მოგებაზე გააკეთა.

ზიდანმა „სიტისთან“ მარცხის შემდეგ შემადგენლობაში 2 ცვლილება განახორციელა. მოდრიჩის ნაცვლად ძირითადში კროოსი დააბრუნა, რაც სრულიად მართებული ნაბიჯი იყო. მენდი კი მარსელოთი ჩაანაცვლა, რასაც თავისი მიზეზი ჰქონდა.

„ბარსელონა“ ფლანგებიდან წელს საკმაოდ სუსტად გამოიყურება და ზიდანმა უფრო დაცვითი სტილის მენდის, გაცილებით შემტევი მარსელო ამჯობინა, რაც ასევე სწორი ნაბიჯი გახლდათ.

გუარდიოლას გუნდთან გამართული ურთულესი მატჩის შემდეგ მოსალოდნელი იყო, რომ „რეალი“ 90 წუთი იმ დონის პრესინგს ვერ ითამაშებდა. აქედან გამომდინარე ზიდანმა გარისკა, პირველ ტაიმში მეტოქეს ზონები გაუხსნა და ნახევარმცველების ენერგია დაზოგა.

შედეგად მივიღეთ ის, რომ „ბარსამ“ პირველ ნახევარში 4 საკმაოდ რეალური საგოლე მომენტი შექმნა. ნახევარმცველების ინერტულობამ მადრიდელთა არც ისე დამაჯერებელ დაცვის ხაზს დიდი პრობლემები შეუქმნა.

„ბარსელონამ“ მომენტებით ვერ ისარგებლა და ოთხიდან ვერცერთის გატანა ვერ შეძლო, რაც ასევე დიდი უცნაურობა გახლდათ. როცა სუარესის არყოფნაში გრიზმანი და მესი ასეთ შანსებს ხელიდან უშვებენ, შემდეგ მატჩის მოგება წარმოუდგენელი ხდება, თუმცა ეს კურტუას დიდებულ თამაშს ოდნავადაც არ აკნინებს.

თავის მხრივ პროგნოზირებადი თერთმეტეულით გამოვიდა კიკე სეტიენიც, თუმცა „რეალისგან“ განსხვავებით „ბარსელონას“ შემადგენლობაში ბევრი ერთი სტილის ნახევარმცველი ჰყავს, რომლებსაც შეტევაში თამაში დიდად არ ეხერხებათ და არც ფლანგზე თამაში გამოსდით.

მეორე ტაიმს მწვრთნელი იგებსო - მოვლენები შესვენების შემდეგ

მთავარი მოვლენები სწორედ შესვენების შემდეგ განვითარდა. მოსალოდნელი იყო, რომ ზიდანი ტაქტიკას შეცვლიდა და ასეც მოხდა.

მეორე ტაიმში „რეალმა“ პრესინგის თამაში დაიწყო და სრულ უპირატესობას დაეუფლა. „ბარსამ“ კი გადაცემების შესრულებისას შეცდომებს უმატა. კიკე სეტიენის გუნდი დაცვიდან შეტევაში ვეღარ ადიოდა.

სეტიენმა მთავარი შეცდომა სწორედ ამის შემდეგ დაუშვა. 2 წუთიან ინტერვალში „ბარსამ“ თამაში წააგო. ვიდალი, რომელიც ბევრ ბურთს კარგავდა 69-ე წუთზე შეცვალა და მის ნაცვლად ფორვარდი მარტინ ბრაიტვეიტი შემოიყვანა. 70-ე წუთზე დანიელს საგოლე მომენტი შეექმნა, რომელიც ვერ გამოიყენა. 71-ე წუთზე კი „რეალმა“ გაიტანა და ამაში მთავარი დამნაშავე სწორედ ბრაიტვეიტი იყო.


აქ ყველაფერი ნათლად ჩანს. დიახ, ვიდალი გადაცემების დროს შეცდომებს უშვებდა, თუმცა ჩილელი სემედუს დაცვაში კარგად აზღვევდა. ვინისიუსის გოლის დროს, პორტუგალიელს დაზღვევა სჭირდებოდა, რაც ბრაიტვეიტმა ვერ შეძლო და ელემენტარულ სიტუაციაში შეცდა.

თუ, ვიდალი დაიღალა, ან უბრალოდ სეტიენმა ჩათვალა რომ მისი შეცდომები გუნდს დაღუპავდა, მას მოედანზე რაკიტიჩის შეყვანა შეეძლო, რომელიც ჩილელის ფუნქციებს მოირგებდა.

როცა „რეალი“ უპირატესობას ფლობდა და „ბარსას“ ბურთის ამოტანა უჭირდა, ცვლილება რომელიც სიტუაციას ოდნავ მაინც შეცვლიდა სწორედ რაკიტიჩის ვიდალით ჩანაცვლება იყო.

ჩილელის მსგავსად ასევე ბევრჯერ შეცდა არტურ მელო, რომელსაც სამ ნახევარმცველზე გადაწყობის შემდეგ საქმე ბევრად გაურთულდა. ნებისმიერ სიტუაციაში, სეტიენს 4 ნახევარმცველზე უარის თქმის საფუძველი არ ჰქონდა, რადგან ფრე „ბარსელონას“ აძლევდა ხელს და გასარისკი თუ ვინმეს ჰქონდა, ეს პირველ რიგში „რეალი“ იყო.

რამდენიმე წუთის შემდეგ ზიდანი დიდი ალბათობით მოსაგებად მორიგ ნაბიჯს გადადგამდა, 4-4-2-ზე უარს იტყოდა და გუნდს 4-3-3-ზე გადააწყობდა, რაც „ბარსას“ მეტ სივრცეს მისცემდა.

ბრაიტვეიტის გამოყენება სეტიენს გრიზმანის პოზიციაზე შეეძლო. დანიელი ფეხბურთელი საკმაოდ სწრაფია და კარგად იხსნება. გრიზმანს კი სულ სხვა თვისებები აქვს, რომელიც ამ შეხვედრაში „ბარსას“ არ გამოადგა.

დანიელის ფორვარდად ყოფნა მესის წინ მეტ სივრცესა და არჩევანს მისცემდა. 4-3-3-ზე გადაწყობამ „ბარსელონას“ დაცვითი შესაძლებლობები კიდევ უფრო დაასუსტა.

მესის ცრუ ცხრიანზე შეწევამ და ფლანგებზე ბრაიტვეიტი გრიზმანის გადაწევამ „ბლაუგრანას“ დრო ტყუილად დააკარგვინა და ამან „რეალის“ უპირატესობა კიდევ უფრო გაზარდა.

შემდეგ იყო პროგნოზირებადი და არაფრისმომცემი ცვლილება - ფატი გრიზმანის ნაცვლად.

გოლის გაშვებიდან 4 წუთის შემდეგ „ბარსამ“ კიდევ ერთი მომენტი შექმნა. დე იონგმა მესი ხელსაყრელ პოზიციაზე გაიყვანა, თუმცა არგენტინელმა ამჯერადაც მისთვის არადამახასიათებლად ითამაშა და მომენტი გააფუჭა.

ამ მატჩში „ბარსამ“ 7 რეალური მომენტი შექმნა და ვერცერთი ვერ გამოიყენა, რაც გუნდის ძალიან ცუდ სათამაშო ფორმასთან ერთად ფსიქოლოგიურ პრობლემებზეც მიუთითებს.

ბოლო წლებში აქამდე არასდროს მომხდარა, რომ „ბარსას“ ერთ შეხვედრაში ამდენი მომენტიდან ყველა გაეფუჭებინა.


სტატისტიკა, ზიდანის სწორი დასკვნა და ბარსას მწარე რეალობა

„სიტისთან“ მატჩში ზიდანმა ცვლილებები დააგვიანა და როცა ისინი გააკეთა, ამას უკვე არც აზრი ჰქონდა და ბევრი ვერც ვერაფერი შეცვალა.

გუარდიოლამ „რეალს“ მომენტი დაუჭირა და საჭირო შეცვლები სწორედ მაშინ განახორციელა, როცა ამას ყველაზე დიდი მნიშვნელობა ჰქონდა. კიკე სეტიენი კი მადრიდელთა ყველაზე სუსტი რგოლის დანი კარვახალის წნეხის ქვეშ მოქცევას საერთოდ არ ეცადა. ამ დროს ზიზუ მთელი ძალებით ცდილობდა სემედუს ფლანგი გაერღვია და ხიფათი შეექმნა, საბოლოოდ ვიდალის მოხსნით სეტიენმა მეტოქის გეგმას ხელი შეუწყო.

ზიდანმა სწორი დასკვნები გამოიტანა და შემადგენლობა სწორად შეარჩია. შესვენებაზეც ფეხბურთელებს ზუსტი მითითებები მისცა, რასაც შესაბამისი შედეგიც მოჰყვა.

აუცილებლად აღსანიშნავია ერთი სტატისტიკა, რომელიც „ბარსელონას“ შემადგენლობაში არსებულ პრობლემებს ხაზს კიდევ ერთხელ უსვამს.

ბურთის ფლობის მხრივ მცირე უპირატესობა (56%-44%) „ბარსას“ ჰქონდა, კატალონიელებმა უფრო მეტი ზუსტი გადაცემაც შეასრულეს, თუმცა სხვაობა იმდენად დიდი არ ყოფილა, რომ ამას რამე შედეგი მოჰყოლოდა.

ამ თანაფარდობის ფონზე ყურადღებას იქცევს შეტევების სიმწვავე, რომელიც „რეალს“ თითქმის ორჯერ მეტი ჰქონდა.

ჯამში „ბარსამ“ მეტჯერ შეუტია, თუმცა აქედან სახიფათო ძალიან ცოტა იყო. ეს ყველაფერი მეორე ტაიმში განსაკუთრებით გამოჩნდა, როდესაც სეტიენის გუნდმა მომენტები გააფუჭა, „რეალმა“ კი პრესინგის შედეგად თამაში შემოაბრუნა.

პრესაში და ზოგადადაც ხშირად აღნიშნავენ „ბარსელონას“ ერთფეროვანი შემადგენლობის შესახებ. გუნდი ბურთს აკონტროლებს და ამდენ გადაცემას საბოლოოდ შესაბამისი რაოდენობის ხიფათი არ მოსდევს, რისი მიზეზიც ერთი სტილის ნახევარმცველები არიან.

„ბარსელონას გამტანი ნახევარცველი არ ჰყავს, დე იონგი და ბუსკეცი კი სიღრმეში თამაშობენ. მოედნის ცენტრში არავინ ჰყავთ, ვინც მეტოქის საჯარიმოში იმოძრავებდა. მათ საგოლე მომენტების შექმნა უჭირთ“. ეს სიტყვები არსენ ვენგერს ეკუთვნის, რომელიც 100%-ით სწორია.

აღსანიშნავია დე იონგის პოზიციაც. „ბარსა“ მას გაცილებით წინ იყენებს და აშკარაა, რომ ჰოლანდიელს შეტევაში მწვავედ თამაშის უნარები არ გააჩნია, ხოლო რა ასპექტებშიც ის ძლიერია, გუნდი მას ამის გამოვლენის საშუალებას ჯერ არ აძლევს.

„ბლაუგრანასთვის“ შუა ხაზი ყოველთვის ყველაზე მნიშვნელოვანი რგოლი იყო. ბურთის კონტროლი, თამაშის გამწვავება და ბურთის დაკარგვის შემდეგ მაღალი პრესინგი.

„ბარსას“ ბოლო 2-3 წლის ფორმაციის ნახევარდაცვის ხაზს მომენტების შექმნა ძალიან უჭირს, ხოლო როცა ისინი მოედანზე ოთხნი არ არიან, ასეთ დროს პრესინგის თამაშს ვერ ახერხებენ. როცა ასეთი დონის გუნდზე გვაქვს საუბარი, მსგავსი პრობლემების არსებობა ცოტა არ იყოს უცნაურია...

დასკვნა| რეალი და ბარსა - რას უნდა ველოდოთ წელს მათგან

მიუხედავად იმისა, რომ მადრიდელებს ზიდანის სახით მსოფლიოს ერთ-ერთი საუკეთესო სპეციალისტი წვრთნის, გუნდში ბევრი მოთამაშე მოწოდების სიმაღლეზე არ იმყოფება. პლუს ამას, შეტევაში არსებული პრობლემები „რეალს“ მომენტების რეალიზებაში ხელს უშლის. „ლოს ბლანკოსს“ ბოლო წლებში ყველაზე სუსტი თავდასხმის ხაზი ჰყავს.

ცალკე აღნიშვნის ღირსია სერხიო რამოსის საკმაოდ ცუდი ფორმა, რაც დაცვის ხაზის თამაშზე უარყოფით გავლენას ახდენს. ბოლო წლებში ამდენი უხეში შეცდომა მადრიდელთა კაპიტნისგან რთული გასახსენებელია.

ზიდანს „ეტიჰადზე“ 1:2-ის შემობრუნება ძალიან გაუჭირდება. ამდენი პრობლემის ფონზე და ასეთ ფორმაში მყოფი „სიტის“ წინააღმდეგ მათი შანსი მიმზიდველად ნამდვილად არ გამოიყურება.

ლა ლიგაში კი „ბლანკოსს“ ჩემპიონობის ჩინებული შანსი აქვს. დარჩენილ 12 ტურში მათ გაცილებით მარტივი კალენდარი აქვთ ვიდრე კატალონიელებს.

რა შეიძლება ითქვას „ბარსელონაზე“? ეს გუნდი მომაკვდავ პაციენტს ჰგავს, რომელიც აპარატზეა შეერთებული და სიცოცხლეს ხელოვნურად უნარჩუნებენ.

ამ გუნდს დღეს იმდენი პრობლემა აქვს, მათ ჩამოთვლას ცალკე სტატია დასჭირდება.

„ჩვენ არ ვიცით, როგორ ამოვიტანოთ ბურთი წინ ერთი-ერთზე პრესინგის დროს“, - ეს სიტყვები გასული „კლასიკოს“ შემდეგ ითქვა და ის სერხიო ბუსკეცს ეკუთვნის. დასკვნების გამოტანა თქვენთვის მომინდია...

გაზიარება: