სიტის 2 სქემა და ფეხბურთი როგორც ჭადრაკი - როგორ მოუგო პეპმა ზიზუს
Aa Aa

სიტის 2 სქემა და ფეხბურთი როგორც ჭადრაკი - როგორ მოუგო პეპმა ზიზუს

ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალების ცენტრალურ დაპირისპირებად „რეალისა“ და „სიტის“ მატჩი მოინათლა. ამის მიზეზი გუნდების სტატუსის გარდა, მათი მწვრთნელები იყო. ზიდანისა და გუარდიოლას ტაქტიკურ ჯახს მთელი საფეხბურთო სამყარო ელოდა.

ვერ გეტყვით ვის როგორ, მაგრამ პირველმა შეხვედრამ ჩემი მოლოდინი ნამდვილად გაამართლა. „სანტიაგო ბერნაბეუ“ ნამდვილ საჭადრაკო დაფად გადაიქცა.

საბოლოოდ „სიტიმ“ „რეალზე“ კარგად ითამაშა და დამსახურებულადაც მოიგო. მწვრთნელთა რამდენიმე გადაწყვეტილებამ კი დიდი ინტერესი გამოიწვია.

ტაქტიკური მონახაზი - გუარდიოლას სიურპრიზი

მას შემდეგ, რაც ზიდანი „რეალის“ მწვრთნელია გუნდმა მნიშვნელოვანი მატჩების უდიდესი ნაწილი ერთი და იგივე სქემით მოიგო, რომელიც მოედანზე მინიმუმ 4 ნახევარმცველის გამოყენებას ითვალისწინებს.

გუარდიოლამ იცოდა, რომ ზიზუ სასტარტოში კაზემირო, ვალვერდე, კროოსი, მოდრიჩი, ისკოდან ერთის გარდა ყველას გაამწესებდა.

ზიდანი ასეც მოიქცა, თუმცა მოულოდნელობა იყო ტონი კროოსის თადარიგში დატოვება და კიდევ უფრო გასაკვირი გახლდათ მისი არც ცვლილებაზე გამოჩენა.

ფრანგმა სპეციალისტმა თავის სტილს არ უღალატა, ბენზემას შეტევაში მხოლოდ მარცხენა გარემარბი შეუწყვილა, რომელიც ამჯერად ვინისიუსი იყო. მარჯვნიდან კი მონაცვლეობით მოდრიჩი, ისკო და ვალვერდე მოქმედებდნენ ხოლმე.

ამ ყველაფრის გათვალისწინებით პეპმა თავის ჩვეულ სქემას დროებით გადაუხვია და „სანტიაგო ბერნაბეუზე“ 4-3-3-ის ნაცვლად 4-2-2-2 გამოიყენა.

4 მცველიანი უკანა ხაზის წინ პეპმა როდრი და გიუნდოგანი გაამწესა. შეტევების წამოწყება სწორედ მათ დაევალათ. ოდნავ უფრო წინ, ფლანგებიდან გაბრიელ ჟესუსი და რიად მაჰრეზი მოქმედებდნენ, შეტევაში კი მოულოდნელად ბერნარდო სილვა და კევინ დე ბრუინი ვიხილეთ. რა თქმა უნდა, „ქალაქელთა“ სქემა გამუდმებით იცვლებოდა, რაც მეტოქის დაბნებას იწვევდა.

განაპირა მცველების დაზღვევა გუარდიოლამ ჟესუსსა და მაჰრეზს დაავალა. მოედნის ცენტრში პრესინგი 4 ნახევარმცველს უნდა დაეწესებინა.

პეპის ასეთ გადაწყვეტილებას არავინ ელოდა. „სიტი“ „რეალის“ საჯარიმოსთან მინიმუმ 6 კაციან პრესინგს თამაშობდა, რამაც საბოლოოდ შედეგი გამოიღო.


გუარდიოლამ ზიდანს თავისი პლუსების გამოყენების საშუალება არ მისცა და მათი დატვირთული ნახევარდაცვის ხაზი წარმატებით გაანეიტრალა. როგორც უკვე აღვნიშნეთ, ზიზუ დიდ მატჩებში ნახევარდაცვას იდეალურად იყენებდა და შეტევაში არსებულ პრობლემებს სწორედ ასე ჭრიდა, მაგრამ პეპმა ეს ზუსტად გათვალა და მეტოქეს ყველა გზა მოუჭრა.

რა თქმა უნდა, პრესინგს „რეალიც“ იყენებდა, თუმცა როგორც უკვე აღვნიშნეთ „ბლანკოსმა“ „ქალაქელებს“ თავისი თამაში ვერ მოახვია.

ზიდანის აშკარა დავალება იყო, რომ მის ფეხბურთელებს ედერსონზე ზედმეტად არ ეფიქრათ და პრესინგის დროს ბრაზილიელ მეკარესთან ზედმეტად ახლოს არ მისულიყვნენ. ყველამ კარგად იცის მისი პასის სიზუსტე. ბრაზილიელი უკან ზედმეტად დატოვებულ სივრცეებს ერთი გადაცემით ამწვავებს ხოლმე.

მომენტები და გოლები - ვინ, როგორ და რატომ შექმნა

პირველ ტაიმში გატანის კარგი შანსი მიეცა გაბრიელ ჟესუსს, რომელიც საჯარიმოში დე ბრუინის უზადო გადაცემის შემდეგ შეიჭრა, თუმცა დარტყმა არც ისე ზუსტი გამოდგა.

როგორც კი „რეალი“ მოდუნდა და პრესინგისგან ცოტა ხნით შეისვენა, სტუმრებს სივრცეები შეექმნათ, რაც კინაღამ გოლით დასრულდა.


მეორე ტაიმი ასევე „სიტის“ კარნახით დაიწყო. 50-ე წუთზე კაზემირომ ბურთი უაზროდ დაკარგა, რასაც სტუმრების უსწრაფესი კონტრშეტევა მოჰყვა, დე ბრუინმა მაჰრეზს გადააწოდა, ამ უკანასკნელმა კი შესაბამისად არ იმოქმედა, თავი არ აწია და იდეალურ პოზიციაში მყოფი უოკერი ვერ შენიშნა. „რეალს“ ამ მომენტში აშკარად გაუმართლა.


კიდევ ერთი მომენტი. 56-ე წუთზე გიუნდოგანის უზადო გადაცემის შემდეგ, მაჰრეზი დასარტყმელზე დარჩა, თუმცა ალჟირელმა კურტუას ვერ აჯობა. ამ ეპიზოდში დაცვის ხაზი ჩავარდა, რამოსმა პოზიცია წააგო.


სამი წუთის შემდეგ, „სიტიმ“ ბურთის ამოტანის დროს ელემენტარული შეცდომა დაუშვა. ოტამენდი გადაცემას ფლანგზე მყოფ მაჰრეზს უკეთებდა, ამას ვერ მიხვდა როდრი, რომელმაც პასი ჩაჭრა და ბურთი კარგად ვერ დაიმორჩილა, „რეალმა“ კონტრშეტევა წამოიწყო, უოკერი დაზღვევისას შეცდა და ვინისიუსმა ყველაფერი იდეალურად გააკეთა. დასარტყმელ პოზიციაზე დარჩენილმა ისკომ მომენტი გოლით დააგვირგვინა. რა თქმა უნდა, ამ მომენტის შექმნაში თვაისი წვლილი მადრიდელთა პრესინგმაც შეიტანა.


ამის შემდეგ, მატჩის სადავეები ხელთ „რეალმა“ იგდო და შეიქმნა შთაბეჭდილება, რომ ზიდანის გუნდი შეხვედრას მოიგებდა. მასპინძლებს მეორეს გატანაც შეეძლოთ, რადგან „ქალაქელები“ აშკარად არეულად თამაშობდნენ, თუმცა ბოლო 15 წუთში ყველაფერი შეიცვალა.

73-ე წუთზე მოედანზე რაჰიმ სტერლინგი გამოჩნდა. პეპმა თამაშიდან ინერტული ბერნარდო სილვა მოხსნა და გუნდი 4-3-3-ზე გადააწყო.

გუარდიოლამ „რეალს“ თამაში აურია, გუნდებს უკვე საკმაო ენერგია ჰქონდათ დახარჯული. „სიტი“ კარგად გამოიყურებოდა, მაგრამ გუნდს მცირედი აკლდებოდა. ადვილად შესამჩნევი იყო, რომ მადრიდელთა სუსტ რგოლს დანი კარვახალი წარმოადგენდა.

75-ე წუთზე ზიდანმა პეპს უპასუხა, თუმცა მისი ცვლილება მხოლოდ პოზიციური იყო. ვინისიუსი ბეილმა შეცვალა.

78-ე წუთზე მარცხენა ფლანგიდან სტერლინგმა იაქტიურა, საჯარიმოსთან მდგომ დე ბრუინს გადააწოდა, ბელგიელი საჯარიმოში შეიჭრა, „რეალის“ დაცვაში სრული პანიკაა! 3 წამი ყველაფერს ცვლის: „სიტის“ მე-17 ნომერს ერთბაშად 5 მოთამაშე მეურვეობს, ის ჩერდება, ტრიალდება და საჯარიმოში აწვდის, სადაც მადრიდელები შეცდომების მორიგ კასკადს იწყებენ. საჯარიმოს ხაზთან ისკო და ბეილი ტყუილად დგანან და არაფერს აკეთებენ, იქვე მყოფი მაჰრეზი მათი ასაყვანი იყო.

ჩაწოდებისას ჟესუსს რამოსი და მენდი მეურვეობენ, ეს უკანასკნელი უმეთვალყურეოდ დარჩენილ მაჰრეზს ხედავს და მისკენ გარბის, ამ დროს კი გადაცემა სრულდება, გუნდის კაპიტანი საჰაერო ორთაბრძოლას აგებს და კურტუას კარში გოლი გადის. ეს ყველაფერი დინამიკაში საოცარი სანახავი გახლდათ, ამდენი რამ უბრალოდ 3 წამში ჩაეტია.


ამ მომენტის შემდეგ მოედანზე მხოლოდ ერთი გუნდი იყო და ეს „სიტი“ გახლდათ. „რეალი“ თავიდან ბოლომდე მოიშალა. უკვე იგრძნობოდა, რომ სტუმრები კიდევ გაიტანდნენ.

81-ე წუთზე დე ბრუინმა ფლანგზე სტერლინგს გადააწოდა, ინგლისელი კარვახალთან ერთი-ერთზე დარჩა, თუმცა იქვე იმყოფებოდა რაფა ვარანი, რომელიც საჯარიმოს მხარეს აზღვევდა, რადგან მარჯვნიდან სტერლინგს სივრცე არ უნდა ჰყოფნოდა და მას ის ვერც უნდა მიეღო, მაგრამ...

კარვახალი მარტივ ფანდს წამოეგო. სტერლინგი საჯარიმოში დიდი სიჩქარით შეიჭრა და სავარაუდოდ ის ბურთს ვერ დაეწეოდა, ან რომც მიესწრო მომენტი უკვე იმდენად სახიფათო ვეღარ იქნებოდა, გამოცდილი ესპანელი მცველი კი ამ მოძრაობას წამოეგო და უხეში ვარდნა შეასრულა. პენალტი დასანიშნი იყო.


დე ბრუინმა დარტყმა იდეალურად შეასრულა, „სიტიმ“ პირველი მატჩის შემდეგ სოლიდური უპირატესობა მიიღო. ამავდროულად, „ქალაქელებმა“ ევროტურნირებზე 50-წლიანი სერია შეწყვიტეს და ესპანურ გუნდს სტუმრად 1970 წლის შემდეგ პირველად მოუგეს.

 დე ბრუინი და მისი განუსაზღვრელი როლი

როცა მოედანზე 28 წლის ბელგიელი იმყოფება, „სიტი“ სულ სხვა გუნდი ხდება. კევინს მოედანზე ყევლაფრის გაკეთება შეუძლია - ბურთის კონტროლი, თამაშის რიტმის შეცვლა და დირიჟორობა, დრიბლინგი, შორეული დარტყმები, გრძელი და მოკლე გადაცემები, ლიდერის თვისებები, მას უბრალოდ ყველაფერი აქვს.

დე ბრუინის თამაშის აღწერას და მის როლზე საუბარს ცალკე სტატია დასჭირდება.

ბელგიელმა ხსენებული შეხვედრის საკმაოდ დიდი ნაწილი მისთვის არც ისე ნაცნობ პოზიციაზე ითამაშა, თუმცა როგორც უკვე აღვნიშნეთ ამ ადამიანისთვის შეუძლებელი არაფერია.

ალბათ სწორი იქნება იმის თქმა, რომ „სიტის“ მოგებაში დე ბრუინს ყველაზე დიდი დამსახურება აქვს. სწორედ ასეთი კალიბრისა და შესაძლებლობების მოთამაშე აკლია დღეს მადრიდის „რეალს“ და ამას ყველაზე უკეთ გუნდის ქომაგები ხედავენ.

დასკვნა - ყველაფერს თავისი მიზეზი და შედეგი აქვს

დიახ, „რეალმა“ წააგო და ეს მარცხი მეტწილად ლოგიკური იყო, თუმცა აშკარაა რომ ზიდანის გუნდს ამჟამად კარგი დრო ნამდვილად არ უდგას.

„სამეფო კლუბმა“ ბოლო 4 მატჩიდან 2 წააგო, 1 ფრედ დაასრულა და მხოლოდ „ოსასუნას“ დამარცხება შეძლო.

ცალსახაა, რომ ბოლო წლებში მადრიდელებს ერთ-ერთი ყველაზე სუსტი შეტევის ხაზი ჰყავთ, რაც გუნდს თავდაჯერებულობას აცლის. ედენ აზარის ქრონიკულმა ტრავმებმა ზიდანის გეგმები თავდაყირა დააყენა.

თითქოს კედელივით მყარი დაცვის ხაზი გამოჩნდა, რომ საკმაოდ არეულია და „სიტის“ დონის გუნდმა ამით კარგად ისარგებლა.

ამ ყველაფრის ფონზე „რეალს“ „ეტიჰადზე“ წარმატების მიღწევა წარმოუდგენლად გაუჭირდება, თუმცა წინასწარ რაიმეზე გადაჭრით საუბარი ჯერ მაინც ადრეა.

რაც შეეხება გუარდიოლას, მან საფეხბურთო სამყაროს დაანახა, რომ ზიდანის გუნდის საკმაოდ მძლავრ და მრავალფეროვან ნახევარდაცვასაც მოეძებნება გასაღები.

პეპმა ხსენებულ მატჩში 2 სხვადასხვა სქემა გამოიყენა, მეტად თამამი და კრეატიული იყო, შედეგიც შესაბამისი მიიღო. მიუხედავად საკადრო პრობლემებისა „სიტიმ“ უმაღლეს დონეზე ითამაშა და ტურნირის ერთ-ერთი მთავარი ფავორიტის სტატუსი გაიმყარა.

რა მოხდება „ეტიჰადზე“? მასპინძლები უდაო ფავორიტები არიან. ზიდანს ასეთი დაცვით და თან რამოსის გარეშე ძალიან გაუჭირდება. „რეალის“ შანსები არც ისე სახარბიელოდ გამოიყურება.

გაზიარება: