''კატასტროფული არაფერი მომხდარა'' - ქეცბაია ფეხბურთელთა ნაწილით უკმაყოფილოა
Aa
Aa

''კატასტროფული არაფერი მომხდარა'' - ქეცბაია ფეხბურთელთა ნაწილით უკმაყოფილოა

კვიპროსის თასზე მეოთხედფინალური შეხვედრები გაიმართა. თემურ ქეცბაიას „ანორთოსისმა“ „ნეა სალამისს“ უმასპინძლა და ფრედ 1:1 ითამაშა. 61-ე წუთზე სტუმრები დაწინაურდნენ, „ანორთოსისმა“ კი წონასწორობის აღდგენა 84-ე წუთზე მოახერხა. საპასუხო შეხვედრა 26 თებერვალს გაიმართება.

მატჩის შემდეგ ,,ანორთოსისის'' მთავარმა მწვრთნელმა თემურ ქეცბაიამ მისი გუნდის ფეხბურთელები გააკრიტიკა, კონკრეტულად მოთამაშეები არ დაუსახელებია, თუმცა დიდი ალბათობით ერთ-ერთი მათგანი ნიკა კაჭარავაა, 26 წლის ფორვარდს გასული წლის 20 დეკემბრის შემდეგ არ გაუტანია. კაჭარავას უგოლო სერია ჩემპიონატისა და თასის ჩათვლით რვამატჩიანია (სასტარტოში ოთხჯერ მოხვდა).

თემურ ქეცბაია:''ბევრი ცვლილება განვახორციელეთ,  რამდენიმე ფეხბურთელს თავის გამოჩენის შანსი მივეცით, თამაშიდან გამომდინარე შემიძლია ვთქვა, რომ მათგან მეტს ველოდი. წინ საპასუხო მატჩია, იმედი მაქვს შემდეგ ეტაპზე გავალთ. არ ღირს საუბარი იმ თემაზე თუ რომელ გუნდს ჰქონდა გოლის გატანის მეტი შანსი.

გუნდის საკვანძო ფეხბურთელებს არ უთამაშიათ. მათი არყოფნა ჩვენს თამაშზე აისახა. კატასტროფული არაფერი მომხდარა და არც ის დაგვავიწყდეს, რომ ძალიან კარგი გუნდის წინააღმდეგ ვითამაშეთ.

ფლეი-ოფი ახლოვდება, მნიშვნელოვანი მატჩების გამართვა მოგვიწევს, ფეხბურთელთა ნაწილით კმაყოფილი ვარ, თუმცა ზოგიერთი მოლოდინს ვერ ამართლებს.

ახლა უკვე შემდეგ მატჩზე ვფიქრობთ. იმედი მაქვს ჩემპიონატის შეხვედრაში ახნასის ''ეთნიკოსთან'' წარმატებით ვითამაშებთ, ლიდერობას გავიმყარებთ, კონკურენტთან ქულათა სხვაობას შევინარჩუნებთ ან შესაძლოა გავზარდოთ კიდეც.''

ქეცბაიას გუნდის რიგებში გიორგი ლორიამ და ნიკა კაჭარავამ 90 წუთი ითამაშეს. აღსანიშნავია, რომ ჯანო ანანიძე სასტარტოში პირველად მოხვდა და მოედანზე 66 წუთი გაატარა. რაც შეეხება თორნიკე ოქრიაშვილს, ის მოედანზე მეორე ტაიმში გამოჩნდა. ბუბა დაუშვილს დისკვალიფიკაციის გამო არ უთამაშია, მან მატჩს თვალი ტრიბუნიდან ადევნა.

''ანორთოსისი'' შემდეგ მატჩს საკუთარ კედლებში ნიკა კაჭარავას ყოფილი გუნდის, ახნასის ''ეთნიკოსის'' წინააღმდეგ გამართავს. შეხვედრა 23 თებერვალს შედგება.

ფოტო: anorthosisfc.com.cy

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები