Aa
Aa

"რონალდუ ვერ ვნახეთ, თანხა დააბრუნეთ" - სასამართლომ განაჩენი გამოიტანა

სამხრეთ კორეაში, კრიშტიანუ რონალდუს გამო, სასამართლო პროცესი მიმდინარეობდა. 26 ივლისს, სეულში გამართულ ამხანაგურ მატჩში, K-League-ს ყველა ვარსკვლავსა და "იუვენტუსს" შორის, პორტუგალიელმა სუპერვარსკვლავმა არ ითამაშა, რის გამოც ორმა გულშემატკივარმა შეხვედრის ორგანიზატორებს ბილეთში გადახდილი თანხის დაბრუნება მოსთხოვა.

საქმე სასამართლოში ჩივილამდე მივიდა, რასთან დაკავშირებითაც სამხრეთ კორეის საფეხბურთო ლიგა - K-League-ს სპეციალური განცხადების გაკეთებაც მოუწია.

"კონტრაქტის მიხედვით, რონალდუს მინიმუმ 45 წუთი მაინც უნდა ეთამაშა, თუმცა ასე არ მოხდა. "იუვენტუსს" კი არც ბოდიში მოუხდია და არც რაიმე სახის განმარტება გაუკეთებია". - წერია განცხადებაში.

საქმე ისაა, რომ თამაშის ორგანიზატორი კერძო კომპანია - TheFasta გახლდათ, რომელსაც სასამართლომ მბრალდებელი ორი გულშემატკივრისთვის, როგორც ბილეთის ფასის, ასევე მორალური ზიანის საკომპენსაციო თანხის გადახდა დააკისრა.

სააგენტო Reuters-ის ცნობით, კომპანიამ გულშემატკივრებს 285-285 ევრო უნდა გადაუხადოს, რომელთაგანაც 55 ევრო ბილეთის საფასურია, ხოლო 230 ევრო - მორალური ზიანის კომპენსაცია. ასევე აღსანიშნავია, რომ ადვოკატმა კიმ მინ-კიმ სასამართლოს მსგავსი შინაარსის კიდევ 87 საქმე წარუდგინა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები