Aa
Aa

ობამეიანგს "ბარსელონაში" უნდა - ჯერი "არსენალზეა"

„ბარსელონა“ ცენტრფორვარდის შესაძენად ყველაფერს აკეთებს და კლუბში კანდიდატების განხილვის პროცესი ამ წუთებშიც მიმდინარეობს.

ესპანური Mundo Deportivo-ს ინფორმაციით, კატალონიელების ერთ-ერთი მთავარი სამიზნე პიერ-ემერიკ ობამეიანგი თანახმაა „ბარსელონაში“ გადასვლის შესაძლებლობა განიხილოს. ფეხბურთელის გარემოცვამ „ბლაუგრანას“ აცნობა, რომ ისინი მოლაპარაკებებისთვის მზად არიან.

ამჯერად მთავარი სიტყვა „არსენალზეა“. რამდენად მოისურვებს ლონდონური კლუბი, რომ შუა სეზონში გუნდის ერთ-ერთი ლიდერი დათმოს.

ერთი მნიშვნელოვანი ფაქტი არის ის, რომ გაბონელ ფორვარდს „არსენალთან“ ხელშეკრულება 2021 წელს უსრულდება და თავისუფალი აგენტი ხდება. მისი უფასოდ დათმობა „კანონირების“ გეგმებში არ შედის. შესაძლოა „ბარსამ“ და თავად ობამეიანგმაც ეს გარემოება გამოიყენონ.

„არსენალი“ საკმაოდ სუსტ სეზონს ატარებს და ლიდერ „ლივერპულს“ 34 ქულით ჩამორჩება. ჩემპიონთა ლიგის ზონას კი 10 ქულა აშორებს.

აქვე გეტყვით, რომ „ბარსა“ ასევე აქტიურად განიხილავს როდრიგო მორენოს იჯარის წესით აყვანას. „ვალენსიას“ ესპანელი ფორვარდი ტრანსფერის მომხრეა. მისი აგენტი ჟორჟე მენდეში ერიკ აბიდალთან და „ღამურების“ წარმომადგენლებთან მოლაპარაკებებს უკვე აწარმოებს.

უახლოეს დღეებში გვეცოდინება, თუ რომელ ფორვარდს გაიფორმებს „ბარსელონა“ ლუის სუარესის შემცვლელად.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები