Aa
Aa

"წვეულება დიდი ხნით ადრე იყო ორგანიზებული" - კალაბრია "მილანის" გაღიზიანებულ ფანებს გამოეხმაურა

„მილანის“ მცველ დავიდე კალაბრიას საკუთარი დაბადების დღის ღონისძიების გამართვის გამო, „როსონერის“ ფანებისთვის ახსნა-განმარტებების გაკეთება მოუწია.

საქმე ისაა, რომ კალაბრიამ დაბადების დღე „ატალანტასთან“ 0:5 წაგების საღამოს დაემთხვა, რამაც კლუბის ტიფოზები გააღიზიანა და კალაბრია კრიტიკის ქარ-ცეცხლში გაახვიეს. 23 წლის ფეხბურთელი ამ ყველაფერს „ინსტაგრამზე“ გამოეხმაურა.

„სრულ პასუხისმგებლობას საკუთარ თავზე ვიღებ და ბოდიშს ვუხდი ყველას, ვინც გაღიზიანდა, მაგრამ ჩემი მიზანი ეს ნამდვილად არ ყოფილა.

წვეულება დიდი ხნით ადრე იყო ორგანიზებული. ჩემი დაბადების დღე 6 დეკემბერსაა, თუმცა გადავწყვიტე, წვეულება 22 დეკემბერს გამემართა, როცა ზამთრის შესვენება დაწყებული იქნებოდა. ზოგი არაპროფესიონალიზმზე საუბრობს და მინდა მათ ვუთხრა, რომ ეს ყველაფერი სწორედ სავარჯიშო პროცესის გამო გავაკეთე.

არავის წარმოედგინა, რომ შეხვედრა ასეთი ანგარიშით დასრულდებოდა. მეც თქვენნაირი ადამიანი ვარ და მსურდა, დაბადების დღე საყვარელ ადამიანებთან ერთად გამეტარებინა. მათთან ყოფნა ჩემთვის განსაკუთრებული მხიარულებაა და წვეულებაზე, რომელიც ჩემივე დაბადების დღის გამო მოეწყო, უხასიათოდ ვერ ვიქნებოდი.

ამიტომ ყველას გონივრულობისკენ მოგიწოდებთ და ბოლოს მინდა ხაზი გავუსვა, რომ ჩემზე მეტად „მილანი“ არავის უყვარს. ასე რომ, ვიღაცების მესიჯები, თითქოს არ ვიცი, რა მაისური მაცვია, არასწორია. ამ დიდ მილანურ ოჯახში ბევრი წელი გავატარე და ძნელია სხვაგან იგრძნო ის, რასაც აქ ვგრძნობ. გმადლობთ“.

კალაბრია 10 წლის ასაკიდან „მილანის“ აკადემიაში იზრდებოდა, 2015 წლიდან კი უკვე ძირითადი გუნდის წევრია და შავ-წითელი მაისური 100-ზე მეტ მატჩში მოირგო. ფეხბურთელს იტალიის 17, 18, 19, 20 და 21-წლამდელთა ნაკრებების შემადგენლობაში აქვს ნათამაშები.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები