''პაპუს'' გასროლა, კაშიას ავტოგოლი და პერიშიჩის გამარჯვების გოლი
Aa
Aa
19 ნოემბერი 2019  |  22:45

''პაპუს'' გასროლა, კაშიას ავტოგოლი და პერიშიჩის გამარჯვების გოლი

ხორვატიის ნაკრებმა ქალაქ პულაში საქართველოს უმასპინძლა. ამხანაგური შეხვედრა ხორვატთა გამარჯვებით 2:1 დასრულდა.

ვლადიმირ ვაისის გუნდმა მე-19 წუთზე პაპუნაშვილის გოლით ანგარიში გახსნა. ''სარაგოსას'' ქართველი შემტევის დარტყმისას მეკარე ლოვრე კალინიჩი შეცდა და საქართველოს ნაკრები დაწინაურდა.

 

პაპუნაშვილის გოლიდან ექვს წუთში ანგარიში გათანაბრდა, ''სან ხოსეს'' ცენტრალურმა მცველმა გურამ კაშიამ ბურთი საკუთარ კარში ჩაჭრა და წონასწორობა აღდგა.

 

39-ე წუთზე ოთარ კაკაბაძემ ტრავმა მიიღო და მოედანი დატოვა. ამ ეტაპზე უცნობია რამდენად მძიმეა კაკაბაძის ტრავმა. ''ლუცერნის'' მცველი ლევან შენგელიამ შეცვალა. კაკაბაძის გასვლის შემდეგ მარჯვენა მცველის პოზიციაზე ჯაბა ჯიღაური გადავიდა, რომელმაც თამაში მარცხენა გარემარბის ამპლუაში დაიწყო.

გამარჯვების გოლი 54-ე წუთზე ივან პერიშიჩმა გაიტანა, გამოცდილმა ფორვარდმა გურამ კაშიას მეორე სართულზე აჯობა და გადამწყვეტი გოლი შეაგდო.

 

მეორე ტაიმის მიწურულს ცვლილებაზე გამოსულ ოთარ კიტეიშვილს გოლის გატანის შესანიშნავი შანსი ჰქონდა, თუმცა მისი ძლიერი დარტყმა ''ფიორენტინას'' მცველმა მილან ბადელიმ მოიგერია და ხორვატია გოლისგან იხსნა.

საბოლოო ჯამში ხორვატიის ნაკრებმა გაცილებით მაღალი დონის გუნდის შთაბეჭდილება დატოვა, თუმცა თამაში ორმხრივი იერიშებით მიმდინარეობდა და ვაისის გუნდმა რამდენიმე ძალიან სახიფათო შეტევა განავითარა. 

საქართველოს ნაკრებმა შემდეგი შემადგენლობით ითამაშა: მაკარიძე, კაკაბაძე (შენგელია 39), კაშია, ხოჭოლავა (გრიგალავა 80), ნავალოვსკი, აბურჯანია, გვილია (ქვილითაია 83), პაპუნაშვილი (კიტეიშვილი 64), ყაზაიშვილი (ხარაიშვილი 87), ჯიღაური, ლობჯანიძე (არაბული 51)

ზლატკო დალიჩმა შემდეგ ფეხბურთელებს მისცა თავის გამოჩენის საშუალება: კალინიჩი (სლუგა 46), ბარტოლეცი (იურანოვიჩი 46), იედვაი (ჩალეტა-ცარი 46), სკორიჩი, მალნიაკი, რებიჩი, პაშალიჩი (პერიჩი 76), ბადელი, კოვაჩიჩი (ვლაშიჩი 65, ბარიშიჩი 80), პერიშიჩი, ორშიჩი (როგი 46)

მატჩი წვიმის ფონზე მიმდინარეობდა, ამინდი განსაკუთრებით მეორე ტაიმში გაუარესდა და ფეხბურთელებს თამაში რთულ მეტეოროლოგიურ პირობებში მოუწიათ.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები