Aa
Aa

პირველი ბერძენი ჩემპიონი შემაჯამებელ ტურნირზე - ციციპასმა ისტორია დაწერა

ლონდონში გამართული მამაკაცთა წლის შემაჯამებელი ტურნირი სტეფანოს ციციპასის ტრიუმფით დასრულდა. 21 წლის ბერძენმა ნახევარფინალურ ეტაპზე როჯერ ფედერერი ორ სეტში დაამარცხა, ფინალში კი ავსტრიელ დომინიკ ტიმთან დაძაბული ბრძოლის გადატანა მოუწია.

ტიმმა პირველი სეტი ტაიბრეიკზე აიღო, რასაც მეორე პარტიაში ციციპასის დომინაცია და ანგარიშის გათანაბრება მოჰყვა. გადამწყვეტ სეტში ბერძენი ბრეიკით დაწინაურდა, თუმცა უპირატესობა ვერ შეინარჩუნა და საბოლოოდ, შეხვედრას წერტილი ტაიბრეიკით დაუსვა - 6:7; 6:2; 7:6.

ციციპასი წლევანდელი ტურნირის ყველაზე ახალგაზრდა მონაწილე გახლდათ, 2001 წლის შემდეგ იგი ყველაზე მცირეწლოვანი ჩოგბურთელია, რომელმაც შემაჯამებელი ტურნირი მოიგო. მაშინ გათამაშებაზე 20 წლის ლეიტონ ჰიუიტმა გაიმარჯვა.

ციციპასი წლის შემაჯამებელი ტურნირის 49-წლიან ისტორიაში პირველი ბერძენი ჩემპიონია. მან ამ წარმატებისთვის 2 656 000 ამერიკული დოლარი და 1 300 სარეიტინგო ქულა მიიღო.

ახალგაზრდა ჩემპიონმა ATP-ს კლასიფიკაციაში მე-6 პოზიცია გაიმყარა, ტიმმა კი ერთი ადგილით წინ წაიწია, დანილ მედვედევი ჩამოიტოვა და სეზონს მსოფლიოს მე-4 ჩოგნის რანგში დაასრულებს.

აღსანიშნავია ისიც, რომ წლის შემაჯამებელ ტურნირს უკვე 4 სეზონია ახალი გამარჯვებული ჰყავს - წინა 3 შემთხვევაში სადებიუტო ტიტული ენდი მარეიმ, გრიგორ დიმიტროვმა და ალექსანდრ ზვერევმა მოიგეს.

წყვილთა შორის გათამაშების ჩემპიონობა ერბერმა და მაიუმ იზეიმეს. ფრანგულმა დუეტმა, რომელიც გასული წლის ფინალისტია, ფინალურ მატჩში კლაასენისა და ვენუსის დუეტს 6:3; 6:4 მოუგო.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები