როცა უსამართლობა ყველასთვის ცხადია: ქართველები საფრანგეთში დაჩაგრეს!
Aa
Aa

როცა უსამართლობა ყველასთვის ცხადია: ქართველები საფრანგეთში დაჩაგრეს!

საქართველოს ახალგაზრდული ნაკრები ევროპის ჩემპიონატის შესარჩევ ციკლში სენსაციასთან ახლოს იყო, თუმცა მსაჯის მიერ დამატებულ დროში გაშვებული გოლით გამარჯვება შეხვედრის მასპინძელ საფრანგეთს დარჩა. ავსტრიელი მსაჯი აშკარად შეცდა და მისმა გადაწყვეტილებამ მატჩის ბედზე დიდი გავლენა იქონია.

პენალტამდე მაყურებელმა 4 გოლი იხილა. პირველი ტაიმი მასპინძელთა გამარჯვებით 1:0 დასრულდა. ფრანგთა კუთხურისას საქართველოს ნაკრების ფეხბურთელები შეცდნენ და ანგარიში გაიხსნა. შესვენების შემდეგ ფრანგებმა უპირატესობა ორ ბურთამდე გაზარდეს, ორივე გოლი რეინე ადელაიდეს ანგარიშზეა, რომელიც მიმდინარე სეზონში ''ლიონის'' პირველ გუნდში რეგულარულად ასპარეზობს.

სამწუთიან მონაკვეთში გია ცეცაძის გუნდმა ორი გოლი გაიტანა და ევროპის ერთ-ერთ საუკეთესო ნაკრებთან ორბურთიანი ჩამორჩენა აღმოფხვრა, ჯერ მეტოქის შეცდომით კოხრეიძემ ისარგებლა და სხვაობა შეამცირა, შემდეგ კი ქავთარაძის ჩაწოდებას ხვიჩა კვარაცხელიას გოლი მოყვა, საფრანგეთის ნაკრების დაცვა ამჯერადაც ჩავარდა.

ქართველთა საოცარი სამწუთიანი მონაკვეთი

 

ძალიან საწყენია, რომ შეხვედრის გამარჯვებული მსაჯის მიერ დაშვებულმა შეცდომამ განსაზღვრა, როცა მატჩის მიწურულს ავტრიელმა კრისტოფერ იაგერმა ძალიან საეჭვო ვითარებაში ლუკა გუგეშაშვილის კარის მიმართულებით პენალტი დანიშნა. პენალტი ოდსონე ედუარდმა ზუსტად დაარტყა და მატჩის საბოლოო ანგარიში დააფიქსირა - 3:2.

 

მიმდინარე შესარჩევ ციკლში გია ცეცაძის გუნდის ანგარიშზე 6 ქულაა, საქართველოს ახალგაზრდულმა ნაკრებმა ლიხტენშტაინი და აზერბაიჯანი დაამარცხა, თუმცა შვეიცარიასთან და საფრანგეთთან გასვლით შეხვედრებში დამარცხდა.

საქართველოს ახალგაზრდული ნაკრები შემდეგ მატჩს 18 ნოემბერს სტუმრად სლოვაკეთთან გამართავს. აღნიშნულ მატჩში ცეცაძის გუნდს ზურიკო დავითაშვილი დაეხმარება, რომელმაც ეროვნულ გუნდში შვეიცარიასთან სასტარტო თერთმეტეულში ითამაშა და თავი შესანიშნავად წარმოაჩინა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები