Aa
Aa

"ჩემთვის ამ ჯილდოს მიღება დიდი პატივია" - მოდრიჩმა "ოქროს ფეხი" მოიგო

მონაკომ „ოქროს ფეხის“ 2019 წლის გამარჯვებულის დაჯილდოების ცერემონიას უმასპინძლა. ხმათა უმრავლესობით, ჯილდო „რეალის“ ვარსკვლავ ლუკა მოდრიჩს გადაეცა, რომელმაც მედიასთან მცირე კომენტარიც გააკეთა.

„აქ ყოფნა ძალიან სასიამოვნოა. მადლობა ყველას, ვინც ხმა მომცა, ჩემთვის ამ ჯილდოს მიღება დიდი პატივია. ვამაყობ და მიხარია, რადგან ეს წოდება არაერთ უდიდეს ფეხბურთელს მოუგია და მათ გვერდით ყოფნა ნამდვილად ბედნიერებაა“.

მოდრიჩი პირველი ხორვატი და „რეალის“ მეორე ფეხბურთელია, რომელმაც „ოქროს ფეხის“ ჯილდო მიიღო. 2005 წელს, „ბლანკოსის“ მხრიდან რონალდო ლუის ნაზარიო გამოარჩიეს.

აღნიშნული ჯილდოსთვის წლის საუკეთესო 10 ნომინანტს ჟურნალისტები ასახელებენ, შემდეგ კი გამარჯვებული ხმათა უმრავლესობით ვლინდება. „ოქროს ფეხი“ 2003 წლიდან იმართება და მასში მონაწილეობას მხოლოდ ის ფეხბურთელები იღებენ, რომელთა ასაკიც სულ მცირე 28 წელია. საგულისხმოა ისიც, რომ ერთი მოთამაშე ჯილდოს მხოლოდ ერთხელ იგებს.

„ოქროს ფეხის“ პირველი გამარჯვებული რობერტო ბაჯოა, რომელიც მაშინ „ბრეშას“ რიგებში თამაშობდა, წინა წელს კი ჯილდო პსჟ-ს ურუგვაელ ფორვარდ ედინსონ კავანის დარჩა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები