Aa
Aa

გაბრაზებული კრიშტიანუ - რონალდუმ სტადიონი მატჩის დასრულებამდე დატოვა

ტურინის „იუვენტუსმა“ “მილანთან“ გამართულ მატჩში მინიმალური სხვაობით იმარჯვა და სერია A-ს სატურნირო ცხრილში ლიდერობა შეინარჩუნა. „ბიანკონერის“ ერთადერთი გოლი პაულო დიბალას ანგარიშზეა, რომელმაც „როსონერის“ კარი 77-ე წუთზე აიღო.

„ლა ხოიამ“ შეხვედრა სათადარიგოთა სკამზე დაიწყო და მეორე ტაიმში მოედანზე კრიშტიანუ რონალდუს ნაცვლად გავიდა. მაურიციო სარიმ პორტუგალიელი სუპერვარსკვლავი 55-ე წუთზე შეცვალა. რონალდუს „იუვენტუსში“ ყოფნისას პირველად დაფიქსირდა შემთხვევა, როცა კრიშტიანუ ზედიზედ ორ შეხვედრაში შეცვალეს.

იტალიელი სპეციალისტის გადაწყვეტილებამ რონალდუ გააბრაზა და მას თავისი ემოციების დამალვა არ უცდია. 34 წლის შემტევმა მოედნის დატოვებისას რაღაც ჩაილაპარაკა და სათადარიგოთა სკამის ნაცვლად პირდაპირ გასახდელს მიაშურა. იტალიური პრესის ინფორმაციით რონალდუ საფინალო სასტვენსაც არ დაელოდა და „ალიანც სტედიუმი“ ნაადრევად დატოვა.

მატჩის შემდეგ მიღებული გადაწყვეტილების შესახებ კომენტარი „ბიანკონერის“ თავკაცმა, მაურიციო სარიმ გააკეთა და განაცხადა: „ჩვენ რონალდუს მადლობა უნდა გადავუხადოთ, რადგან მან შეხვედრაში მონაწილეობის მისაღებად მსხვერპლი გაიღო. კრიშტიანუმ სათამაშოდ ყველაფერი გააკეთა, მაგრამ მატჩის მიმდინარეობისას დავინახე, რომ ის თავს კარგად ვერ გრძნობდა და ჩავთვალე, რომ მისი შეცვლა საუკეთესო გადაწყვეტილება გახლდათ“.

„ბუნებრივია, როცა ფეხბურთელი მოედანს ნაადრევად ტოვებს, ბრაზდება. განსაკუთრებით იმ შემთხვევაში თუ მატჩში მონაწილეობის მისაღებად თავდაუზოგავად იშრომა. მაგრამ რონალდუს მუხლის პრობლემები აქვს, რომლის გამოც თავის მაქსიმუმს ვერ აჩვენებს და საუკეთესო ფორმაში არ იმყოფება“.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები