იაპონია შესაძლოა
Aa
Aa

იაპონია შესაძლოა "ექვს ერში" მიიწვიონ

ბრიტანული გამოცემა Daily Mail იტყობინება, რომ რაგბის მსოფლიო ჩემპიონატზე წარმატებით გამოსვლის შემდეგ, იაპონიის ეროვნული ნაკრები შესაძლოა „ექვს ერში“ მიიწვიონ.

როგორც ირკვევა ეს იდეა მას შემდეგ აიტაცეს, რაც ცნობილი გახდა, რომ „ოთხი ერის“ წარმომადგენლებს იაპონიის ეროვნული გუნდის თავიანთ ტურნირში ჩართვის პერსპექტივა დიდად არ ხიბლავთ, თუმცა მზად არიან ამ ინიციატივას 4 ან 5 წლის შემდეგ დაუბრუნდნენ.

Daily Mail-ის მიხედვით რაგბის მამებს "საკურების" საკითხი ჯერ არ განუხილავთ, მაგრამ „ექვსი ერის“ ხელმძღვანელები ტურნირის გაფართოებით ინტერესდებიან და სურთ ისეთი შეჯიბრება ჩაატარონ, რომელიც 6000 მილზე იქნება გადაჭიმული.

„ექვსი ერის“ ევროპის საზღვრებს მიღმა გატანა რამდენად რეალურია თავად განსაჯეთ. ფაქტია, რომ იაპონიაში რაგბი ვითარდება და მსოფლიო რაგბის ხელმძღვანელებს დიდი სურვილი აქვთ „საკურების“ პროგრესი გამოიყენონ. თანაც იაპონიაში "ექვსი ერის" მატჩების გამართვა კომერციული თვალსაზრისით ძალიან მომგებიანი იქნება, რასაც "საკურების" ლაღი და სანახაობრივი სათამაშო სტილი ემატება, რომელიც გულშემატკივრებსა და ტელევიზიებს აუცილებლად მიიზიდავს.

Daily Mail-ის თანახმად იაპონიის „ექვს ერში“ ჩართვის იდეა რაგბის მამების ყურამდეც მივიდა და ისინი მას არ ეწინააღმდეგებიან, თუმცა ამ ტურნირის ევროპის საზღვრებს მიღმა გატანას ტრადიციონალისტები აუცილებლად გააკრიტიკებენ. მოკლედ ჯერჯერობით სერიოზული სახე არაფერს აქვს, მაგრამ ის ფაქტი, რომ „ექვსი ერის“ ორგანიზატორები იაპონიის მიწვევას განიხილავენ საყურადღებო და საქართველოსთვის ალბათ სამწუხაროცაა.

ცხელი ამბები