10 ყველაზე ცნობილი ტრაგედია ფეხბურთის ისტორიაში
Aa Aa

10 ყველაზე ცნობილი ტრაგედია ფეხბურთის ისტორიაში

ფეხბურთი ლამაზი და დიდებული თამაშია, რომელიც მილიონობით ადამიანს აერთიანებს, თუმცა წარსულში იყო კატასტროფები, რომლებიც ბუნებრივმა პირობებმა, თუ გაუაზრებელმა ქმედებებმა გამოიწვიეს, რასაც უამრავი ადამიანის სიკვდილი მოჰყვა.

თანამედროვე ფეხბურთში საბედნიეროდ უსაფრთხოების ზომები დაცულია და გაუთვალისწინებელი შემთხვევებისგან დაზღვეულები ვართ, თუმცა წარსულს ამით ვერ წავშლით.

გთავაზობთ ფეხბურთის ისტორიაში 10 ყველაზე ცნობილ კატასტროფას:

1 – 1964 წლის 24 მაისი, პერუს ეროვნული სტადიონის კატასტროფა - დაიღუპა 328 ადამიანი

პერუში მომხდარი ამბავი ცალსახად არის მიჩნეული ფეხბურთის ისტორიაში ყველაზე სისხლიან ტრაგედიად.

პერუ საკუთარ კედლებში არგენტინას მასპინძლობდა, სასწორზე კი ოლიმპიადის საგზური იდო.

მასპინძლები ანგარიშის გათანაბრებას ცდილობდნენ, თუმცა მსაჯმა მათ ორი გოლი არ ჩაუთვალა, რამაც ტრიბუნებზე მასობრივი არეულობა გამოიწვია. ქომაგებმა სკამებს ცეცხლი წაუკიდეს.

საქმეში პოლიცია ჩაერთო, რომელმაც ცრემლსადენი აირი გამოიყენა. ამის შემდეგ არეულობა ჭყლეტაში გადაიზარდა და ჯამში 328 ადამიანი დაიღუპა. 3 ათასზე მეტმა კი სხეულის დაზიანება მიიღო.

2 – 2001 წლის 9 მაისი, განა - დაიღუპა 126 ადამიანი

ეს ტრაგედია აკრის სტადიონზე Hearts of Oak-ისა და Asante Kotoko-ს მატჩის დროს მოხდა.

პოლიციამ რამდენიმე დაუმორჩილებელი ქომაგის წინააღმდეგ ცრემლსადენი გაზი გამოიყენა, რამაც მასობრივი არეულობა გამოიწვია.

70 ათასმა ადამიანმა სტადიონის დატოვება ერთდროულად მოისურვა, რამაც ვითარება დაძაბა და ჭყლეტამდე მიიყვანა. საბოლოოდ კი სავალალო შედეგი მივიღეთ.

126 ადამიანი გარდაიცვალა, ბევრმა კი სხვადასხვა სახის დაზიანება მიიღო.

3 – 1996 წლის 16 ოქტომბერი, გვატემალა - მატეო ფლორესის ეროვნული სტადიონი, დაიღუპა 80-ზე მეტი ადამიანი

ეს ტრაგედია მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევი მატჩის დროს მოხდა, სადაც ერთმანეთს გვატემალისა და კოსტა-რიკის ნაკრებები უპირისპირდებოდნენ.

ბევრ გულშემატკივარს სტადიონზე მოხვედრის დიდი სურვილი ჰქონდა და მოთმინებას ვერ იჩენდა. ამ ყველაფერმა კი ჭყლეტა გამოიწვია.

საბოლოოდ 80-ზე მეტი ადამიანი გარდაიცვალა და 180-ზე მეტი დაშავდა.

4 – 1989 წლის 15 აპრილი, ჰილსბროს ტრაგედია - 96 დაღუპული

ჰილსბროს ტრაგედია ინგლისური ფეხბურთის ისტორიაში მუდამ დარჩება ყველაზე დიდ ტკივილად.

ინგლისის თასის ნახევარფინალური მატჩი „ლივერპულსა“ და „შეფილდ იუნაიტედს“ შორის.

ქალაქში არსებლი საცობის გამო ქომაგების ნაწილმა სტადიონზე მისვლა დააგვიანა.

სტადიონზე მისვლის შემდეგ დაცვამ შეხვედრის მსვლელობისას მხოლოდ ერთი ჭიშკარი გააღო, რომელში შესვლაც ქომაგებმა ერთდროულად გადაწყვიტეს, რამაც წარმოუდგენელი ჭყლეტა გამოიწვია.

საბოლოოდ „ლივერპულის“ 96 გულშემატკივარი დაიღუპა, 776 კი დაშავდა. გარდაცვლილთაგან ყველაზე ახალგაზრდა 10 წლის ბავშვი იყო, რომელიც სტივენ ჯერარდის ბიძაშვილი გახლდათ.

5 – 1988 წლის 12 მარტი, კატმანდუს ტრაგედია - 93 დაღუპული

ნეპალში, კერძოდ კი კატმანდუში მომხდარი ტრაგედია ისტორიაში ერთ-ერთ ყველაზე ტრაგიკულ შემთხვევად ითვლება, რომელიც ბუნებრივმა პირობებმა გამოიწვია.

კატმანდუსა და ბანგლადეშის მატჩს 30 ათასამდე ქომაგი ესწრებოდა, რა დროსაც ამინდი გაუარესდა და სეტყვა წამოვიდა.

ამ დროს ტრიბუნებზე არეულობა დაიწყო. ჭყლეტის შედეგად 93 ადამიანი გარდაიცვალა.

6 – 2012 წლის 1 თებერვალი, ეგვიპტე - 79 დაღუპული

პორტ საიტის სახელობის სტადიონი - ერთ-ერთი უკანასკნელი ტრაგედია საფეხბურთო სამყაროში.

ერთმანეთს „ალ მასრი“ და „ალ აჰლი“ ხვდებოდნენ, რომელიც მასპინძელთა გამარჯვებით დასრულდა.

შეხვედრის შემდეგ „ალ აჰლის“ ქომაგებმა მეტოქე გუნდის გულშემატკივრებზე იერიში მიიტანეს. ისინი დანებით, ბოთლებითა და ხმლებით იყვნენ შეიარაღებულნი.

შედეგად დაიღუპა 79 ადამიანი და 1000-მდე დაშავდა.

7 – 1968 წლის 23 ივნისი, არგენტინა - 71 ადამიანზე მეტი დაღუპული

ბუენოს აირესში მომხდარი ტრაგედია „ბოკა ხუნიორსისა“ და „რივერ პლეიტის“ ქომაგებს შორის.

მატჩის შემდეგ ქომაგები სტადიონის ჭიშკრისკენ გაემართნენ, რომელიც დაკეტილი იყო და მათ ეს ინფორმაცია არ ჰქონდათ.

შედეგად მოხდა უდიდესი ჭყლეტა, რასაც 71 ადამიანის სიცოცხლე ესმხვერპლა, ხოლო ათეულობით მათგანს სხვადასხვა სახის ჭრილობა ჰქონდა.

8 – 1971 წლის 2 იანვარი, გლაზგო, „აიბროქსის“ ტრაგედია - 66 გარდაცვლილი

შემზარავი ინციდენტი გლაზგოს დერბის დროს. „რეინჯერსისა“ და „სელტიკის“ მატჩზე მასპინძელთა გუნდის ქომაგთა დიდმა ნაწილმა სტადიონის დატოვება გადაწყვიტა, რადგან სტუმრები შეხვედრას აკონტროლებდნენ და მათი გამარჯვება პროგნოზირებადი იყო.

ქომაგებმა გეზი მე-13 გასასვლელისკენ აიღეს, რა დროსაც „რეინჯერსმა“ ანგარიშის გათანაბრება შეძლო და გულშემატკივრებმაც უკან დაბრუნება გადაწყვიტეს, ყველაფერი სწორედ ამ დროს მოხდა.

სტადიონიდან წამოსული მასა უკან მიბრუნებულს შეეჯახა, რამაც დიდი ჭყლეტა გამოიწვია.

საბოლოოდ გარდაიცვალა 66 ადამიანი, 200-ზე მეტი კი დაშავდა.

9 – 1985 წლის 5 მაისი, ინგლისი, ბრედფორდი - 56 გარდაცვლილი

„ბრედფორდ სიტი“ ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე შემაძრწუნებელი ტრაგედიის შემსწრე გახდა, რომელიც ოდესმე ბრიტანეთში ხანძრის შედეგად მომხდარა.

ინგლისის რანგით მე-3 დივიზიონის შეხვედრა „ბრედფორდსა“ და „ლინკოლნს“ შორის. პირველი ტაიმის მიწურულს „ველეი პრეიდის" სტადონზე ხანძარი გაჩნდა, რომელიც სკამებს შორის დაგდებულმა ანთებულმა სიგარეტმა გამოიწვია.

იმ დროს უკვე არსებულმა ტელეტრანსლაციამ ყველაფერი პირდაპირ ეთერში აჩვენა.

ხანძარს 56 ადამიანი ემსხვერპლა, 450-ზე მეტი კი დაშავდა.

ამ ინციდენტის შემდეგ ბრიტანეთში ტრიბუნებზე ხის სახურავების გაკეთება აიკრძალა.

10 – 1958 წლის 6 თებერვალი, მიუნხენი - 23 გარდაცვლილი

ეს ტრაგედია ფეხბურთის ისტორიაში ყველაზე მძიმედ არის მიჩნეული.

გარდაცვლილთა შორის „მანჩესტერ იუნაიტედის“ 8 ახალგაზრდა და პერსპექტიული მოთამაშე იყო - „ბასბის ბიჭები“, ასე მოიხსენიებდნენ მათ.

ასევე გარდაიცვალნენ ბორტზე მყოფი მგზავრები, გულშემატკივრები და ჟურნალისტები.

„იუნაიტედი“ ბელგრადის „რედ სტართან“ ევროპის თასზე გამარჯვების შემდეგ შინ მოფრინავდა.

საწვავის ჩასხმისთვის თვითმფრინავი მიუნხენში დაეშვა, თუმცა აფრენა ვეღარ შეძლო. დიდთოვლობაში მოქცეული ლაინერი შენობას შეეჯახა. გარდაიცვალა 23 ადამიანი და დაშავადა 19.

ეკიპაჟიდან გადარჩნენ ლეგენდარული მწვრთნელი მეტ ბაზბი, 19 წლის ბობი ჩარლტონი და ჯონი ბერი.

გუნდმა ძალები მაინც მოიკრიბა, ყველაფერი თავიდან დაიწყო და 1968 წელს ევროპის თასის მოგება მაინც შეძლო.

მეტ ბაზბის გუნდის მოთამაშეთა საშუალო ასაკი 21 წელი იყო...

გაზიარება: