Aa Aa
1 ნოემბერი 2019  |  11:57

ბრძოლა, რომლის გამოც ჯორჯ ფორმენი კოშმარებს ხედავდა

1974 წლის 29 ოქტომბერს კონგოს დემოკრატიულ რესპუბლიკაში (მაშინდელ ზაირში) „ტიტანების ბრძოლა“ გაიმართა. ბრძოლა, რომელშიც ერთმანეთს მუჰამედ ალი და ჯორჯ ფორმენი შეერკინენ.

25 წლის ფორმენი მაშინ დაუმარცხებელი მსოფლიო ჩემპიონი გახლდათ. ალისთან დაპირისპირებამდე მან ჯო ფრეიზერი, ხოსე რომანი და კენ ნორტონი გაანადგურა და ლეგენდარულ ბრძოლას (rumble in the jungle) ფავორიტის სტატუსით შეხვდა.რაც შეეხება მის მეტოქეს, 32 წლის ალის ბუკმეიკერები გამარჯვებაზე 5 კოეფიციენტს აძლევდნენ. კრივის მოყვარულები კი მას მკრთალად მოკაშკაშე ვარსკლავს უწოდებდნენ. ალისთვის ეს ყველაფერი დამატებითი მოტივაცია გახლდათ და მოხდა ის, რასაც ბევრი ნამდვილად არ ელოდა. ალიმ ფორმენი ნოკაუტში ჩააგდო.

Rumble in the jungle-ს ბევრი ყველა დროის საუკეთესო ბრძოლას უწოდებს. ფორმანი კი მუჰამედ ალისთან დუელს ასე იხსენებს: „ყველა შიშობდა, რომ მუჰამედ ალის რინგზე რაღაც დაემართებოდა. აბსოლუტურად ყველა. აქედან გამომდინარე იმ აზრამდე მივედი, რომ ალი ნოკაუტში პირველ ან მეორე რაუნდში ჩამეგდო, რათა მას მძიმე დაზიანებები არ მიეღო“.

„ჩემმა მწვრთნელებმა ინსტრუქცია მომცეს, რომ ალი ნოკაუტში პირველ, მეორე ან მესამე რაუნდში ჩამეგდო, რის გამოც ბრძოლის სტარტზე ენერგია არ დამიზოგავს".

„შემდეგ უეცრად გავაანალიზე, რომ მეოთხე რაუნდი იყო და წინ მედგა კაცი, რომელსაც ნოკაუტში ჩასაგდებად საჭირო ყველა ძლიერი დარტყმა მოვარტყი, მაგრამ ის მაინც ფეხზე იდგა. სიმართლე გითხრათ, ის უფრო ძლიერი აღმოჩნდა, ვიდრე ველოდი. მეორე მხრივ ალი შეცდომებისთვის სათანადოდ არ დამისჯია".

„ბრძოლის შემდეგ, განადგურებული ვიყავი. 37 შერკინება მქონდა მოგებული და მეგონა, რომ ყველა დაბრკოლებას გადავლახავდი, მაგრამ მარცხს ვერ გავუმკლავდი“.

„იმდენად განადგურებული ვიყავი, რომ კოშმარები მესიზმრებოდა. შუა ღამეს კოშმარები მაღვიძებდა ხოლმე. მესიზმრებოდა, რომ ათი წამი არ მეყო და ბრძოლა ისევ წავაგე. იმ ბრძოლის შემდეგ ცხოვრების გაგრძელება ძალიან გამიჭირდა".

გაზიარება:

მსგავსი სიახლეები