აუტსაიდერთა უხვგოლიანი მატჩი ფრუიძის გუნდმა 95-ე წუთზე მოიგო
Aa
Aa

აუტსაიდერთა უხვგოლიანი მატჩი ფრუიძის გუნდმა 95-ე წუთზე მოიგო

კრისტალბეთ ეროვნული ლიგის 31-ე ტურში ელიტაში ადგილის შენარჩუნებისთვის მებრძოლმა გუნდებმა ითამაშეს, სოსო ფრუიძის ''ჩიხურამ'' ვარლამ კილასონიას გაწვრთნილ ''რუსთავს'' უმასპინძლა და 3:2 დაამარცხა.

მე-4 წუთზე მასპინძელთა სტანდარტი ჩიკვაიძის გოლით დასრულდა, გამოცდილმა მცველმა ახლო მანძილიდან მამარდაშვილს გაუტანა. სტუმრებმა ანგარიში 27-ე წუთზე ბექა ქავთარაძის გოლით გაათანაბრეს, ქავთარაძე მეტოქის საჯარიმოში გოლის ავტორმა ჩიკვაიძემ წააქცია, პენალტი დაზარალებულმა დაარტყა და შეაგდო.

პირველი ტაიმის პირველ დამატებულ წუთზე ლაშა ქოჩლაძის ბრწყინვალე პასის შემდეგ რუსთაველთა კაპიტანი ლუკა სილაგაძე მეკარესთან პირისპირ გავიდა და ვარლამ კილასონიას გუნდი დაწინაურდა - 1:2.

მეორე ტაიმში სოსო ფრუიძის გუნდმა ''ქამბექი'' შემოგვთავაზა. 50-ე წუთზე მარკოზაშვილის გადაცემის შემდგე ფანცულაიამ მახვილი კუთხიდან გაიტანა.

მატჩის საბოლოო ანგარიში მეხუთე დამატებულ წუთზე დაფიქსირდა, ნიკა ძალამიძემ საკუთარ საჯარიმოში სარდალიშვილის წინააღმდეგ თამაშის წესი დაარღვია და არბიტრმა პენალტი დანიშნა, რომელიც კორიფაძემ გამოიყენა და გუნდს ძალიან მნიშვნელოვანი 3 ქულა მოუტანა.

ამ ეტაპზე ''ჩიხურას'' ანგარიშზე 38 ქულაა, ''რუსთავი'' კი 34 ქულით მერვე ადგილზეა. მე-7 პოზიციას 37 ქულით გორის ''დილა'' იკავებს, რომელიც 31-ე ტურის მატჩს საკუთარ მოედანზე ბათუმის ''დინამოსთან'' გამართავს.

''ვიტ ჯორჯიასა'' და ბოლნისის ''სიონის'' შეხვედრა უგოლოდ დასრულდა. ''ვიტ ჯორჯია'' 19 ქულით ბოლო ადგილზეა, ხოლო ''სიონი'' 32 ქულით მეცხრე პოზიციას იკავებს. მეათე ადგილზე გასული კლუბი შემდეგ სეზონს რანგით მეორე ლიგაში გაატარებს, ხოლო მეცხრე და მერვე პოზიციაზე გასული გუნდები რანგით მეორე ლიგის მეორე და მესამე ადგილოსნებს ფლეი-ოფში დაუპირისპირდებიან.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები