ბულგარული სკანდალი: ბალაკოვი და პრეზიდენტი გადადგნენ
Aa
Aa

ბულგარული სკანდალი: ბალაკოვი და პრეზიდენტი გადადგნენ

ბულგარელთა ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა კრასიმირ ბალაკოვმა თანამდებობა დატოვა. ინფორმაციას ბულგარული და ბრიტანული წყაროები ავრცელებენ.

ბალაკოვის ხელმძღვანელობით ბულგარეთის ნაკრებმა ბოლო მატჩი მიმდინარე თვეში ინგლისთან ჩაატარა. ''ვასილი ლევსკიზე'' ინგლისის ეროვნულმა გუნდმა 6 უპასუხო გოლი შეაგდო, თუმცა მარცხის გარდა ბულგარელთათვის ეს მატჩი კიდევ ერთი ფაქტითაა ცუდად გასახსენებელი. კერძოდ, ბულგარელი ქომაგების მხრიდან ინგლისელთა მიმართ რასიზმი გამოვლინდა.  მატჩის შემდეგ ბალაკოვმა აღნიშნა, რომ მას ქომაგთა მხრიდან რასისტული შინაარსის ქმედებები არ შეუნიშნავს, თუმცა შემდგომში ვითარება იმდენად გამწვავდა, რომ მთავარი მწვრთნელის გარდა ბულგარეთის მმართველი ორგანოს აღმასრულებელი კომიტეტი ყველა წევრმა დატოვა.

ინგლისთან შეხვედრის მიმდინარეობისას ბულგარელი ქომაგები ნაცისტურ მისალმებებს იყენებდნენ და რასისტულ შეძახილებს სკანდირებდნენ, რის გამოც პირველ ტაიმში მატჩი ორჯერ შეწყდა. მაშინ, როცა „სამი ლომის“ შავკანიანი ფეხბურთელები ბურთს მიიღებდნენ ვასილ ლევსკის სახელობის ნაციონალურ სტადიონზე შეკრებილი ქომაგები უსტვენდნენ და მაიმუნის მსგავს ხმებს გამოსცემდნენ, თუმცა მატჩი დასრულდა, რაშიც გარკვეული წვლილი ბულგარეთის ნაკრების კაპიტანმა, იველინ პოპოვმა შეიტანა, რომელმაც პირველი ტაიმის შემდეგ გულშემატკივრების დაშოშმინება სცადა.

აღნიშნული ინცინდენტის შემდეგ ბულგარეთის პრემიერ-მინისტრმა ბოიკო ბორისოვმა ბულგარეთის ფეხბურთის გაერთიანების ხელმძღვანელს, ბორისლავ მიხაილოვს გადადგომა სთხოვა, რის შემდეგაც მიხაილოვმა პოსტის დატოვების გადაწყვეტილება მიიღო.

53 წლის ბალაკოვის ხელმძღვანელობით ბულგარეთის ეროვნულმა ნაკრებმა 6 მატჩი ჩაატარა, მათგან ერთი შეხვედრა ფრედ დასრულდა, ხუთ შეხვედრაში კი ბულგარელები დამარცხდნენ.

ევრო 2020-ის შესარჩევი ციკლის ა ჯგუფში ბულგარეთის ნაკრებმა 7 ტურში მხოლოდ 3 ქულა მოაგროვა და მონტენეგროსთან ერთად აუტსაიდერია.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები